in ,

„ჩვენი სისტემა ოთხჯერ უფრო სანდოა, ვიდრე Apple-ის Face ID“ – Kvalifika მომხმარებლის დისტანციური ვერიფიკაციისთვის

პანდემიის პირობებში, სხვადასხვა კომპანიის სერვისების დიდი ნაწილის ციფრულ რეალობაში გადაწყობა დაჩქარდა. დღეს ეს პირდაპირი საჭიროებაა, თუმცა, ონლაინ და დისტანციური მომსახურების შესაძლებლობის გასაჩენად კომპანიებს არაერთი პრობლემა ექმნებათ. მათ შორისაა, მომხმარებლის ამოცნობის, ანუ პირის იდენტიფიკაციისა და შემდეგ, მისი ავთენტურობის დადგენის პრობლემა. ქართულ ბაზარზე აქტიურდებიან კომპანიები, რომლებიც ამ საჭიროების დაკმაყოფილებას ახერხებენ. მათ შორის არის Kvalifika – პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლის ავთენტურობის დადგენა სწრაფად და სანდოდ შეუძლია. ეს არის სერვისი, რომელიც ქართული კომპანიების ონლაინ „გადაწყობაში“, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მით უფრო რეალურია ამაზე საუბარი, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროდუქტი ორ ISO სერტიფიკატს ფლობს, მას უკვე იყენებს ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტი, მრავალმხრივი მოლაპარაკებების პარალელურად კი, ერთ-ერთ წამყვან კომერციულ ბანკთან უკვე მიღწეულია შეთანხმება. 

უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ფინანსური ინსტიტუტებისა, პროდუქტის გამოყენება შეიძლება გემბლინგსა თუ სხვადასხვა სფეროში არსებული მიმდინარე გამოწვევების დასაძლევადაც, მათ შორის სასამართლოში, ნოტარიუსთან და სხვადასხვა საჯარო უწყებებში არსებულ წარმოებებში, დისტანციურ მედიცინაში (მაგ, რეცეპტის გამოწერა), ონლაინ განათლებასა და ტესტირებაში, მანქანის გაქირავებისა თუ დისტანციურად მომუშავე პერსონალის კონტროლის კუთხით, ასევე, E voting-ის (ელექტრიონული არჩევნების) მიმართულებითაც, რაც არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბითაც სიახლეა. 

Kvalifika-ს დახმარებით, შესაძლებელია 3D სახის რუკის შედგენა და შედარება მოძრაობაში სახის ბიომეტრიულ მონაცემებთან, 3D სახის სურათის შედარება პირადობის დოკუმენტზე არსებულ სურათთან და სხვა.  

ჩვენ ვაგვარებთ ფიზიკური პირის იდენტიფიცირების პრობლემას სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში, იდენტიფიცირებას ახდენს არა ადამიანი, მაგალითად ნოტარიუსი, სასამართლო, ბანკის თანამშრომელი, პოლიციელი, თუ სხვა, არამედ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უფრო სწრაფია, უშეცდომო და რაც მთავარია იაფი“, – გვიყვება გაბრიელ მელივა, Kvalifika-ს ერთ-ერთი შემქმნელი. 

გაბრიელის თქმით, გუნდი, რომელმაც Kvalifika-ზე იმუშავა, წლებია ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობს და ეს აძლევთ საშუალებას, კომპანიებს შესთავაზონ არამხოლოდ პროგრამული გადაწყვეტა მომხმარებლის ვერიფიცირების კუთხით, არამედ ყოველ ჯერზე, კონკრეტული კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩართულები იყვნენ მათზე მორგებული პროდუქტის შექმნაში. გარდა ამისა, ეს მზაობა, დაეხმარონ კლიენტს, გამოიხატება რეგულატორისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებასა და მოლაპარაკების ეტაპზე მონაწილეობაში.

M: როგორ შექმენით Kvalifika, რა ტექნოლოგია გამოიყენეთ ამისთვის და ზოგადად, რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?
წლებია, ვმუშაობთ მანქანური სწავლების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ქონსალთინგის თემებზე დეველოპერულ კომპანია VOBI-სთან ერთად, რომელიც Kvalifika-ს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ამ საკითხის ძირეულად შესწავლისთვის ჩვენ გუნდს უამრავი დრო და რესურსი აქვს დახარჯული. ვიყავით ძიებაში ისეთი პროდუქტის და გადაწყვეტის, რაც ერთი მხრივ, სანდო იქნებოდა მომხმარებლისთვის, ხოლო მეორე მხრივ – იაფი. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ხელოვნური ინტელექტის კუთხით წარმოუდგენელი წინსვლა განიცადა ამ ბოლო 2 წელიწადში და საშუალება მისცა ჩვენნაირ კომპანიებს რეალურ პროდუქტად ექციათ ჩანაფიქრი.

უშუალოდ „კვალიფიკას“ პროექტი კი 2019 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ, როდესაც დავასრულეთ მოლაპარაკება ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ამერიკაში და ჩავთვალეთ რომ მზად გვქონდა პროდუქტი, როგორც ჩვენი კლიენტებისთვის ასევე რეგულატორის წინაშე წარსადგენად. რეგულატორს იმიტომ ვახსენებ, რომ ის ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ დაკავშირებულია ბიომეტრიასთან, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტა, რაც გაგვაჩნია, შესაბამისობაშია როგორც ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ასევე GDPR (ევროზონის წევრ ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია) მოთხოვნებთან.  

გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან: დეველოპმენტის, ბიზნესის და იურიდიულ სპეციალობების მიმართულებით. გვაქვს მუშაობის გამოცდილება როგორც სტარტაპების ასევე კორპორატიულ სფეროში.

მოკლე ვადაში ჩვენმა გუნდმა, ჩვენი პარტნიორი ამერიკული კომპანიის მხარდაჭერით, შეძლო Kvalifika, როგორც სერტიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორი მოხვედრილიყო liveness.com-ზე. ვებგვერდზე, რომელსაც საგანმანათლებლო-სამეცნიერო დანიშნულება გააჩნია და მასში თავმოყრილია ინფორმაცია ყველა იმ სერტიფიცირებული კომპანიის შესახებ,  რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. Kvalifika საქართველოდან ისეთ გიგანტებთან იკავებს ადგილს, როგორიცაა Jumio, Gemalto, Idemia და ა.შ. ამ წარმატებამ ჩვენი პროდუქტი კონკურენციის სულ სხვა საერთაშორისო ეტაპზე გადაიყვანა.

M: როგორია „კვალიფიკას“ გამოყენების პროცესი მომხმარებლისთვის? 
იდენტიფიცირების პროცესი, კონკურენტებთან შედარებით, საგრძნობლად მარტივია და სწრაფი. მთავარი რაც გჭირდებათ არის კომპიუტერი, ან ტელეფონი, რომელსაც გააჩნია კამერა. ჩვენი პროდუქტი თავსებადია +10 მილიარდ მოწყობილობასთან. პროცესი შედგება ორი ეტაპისაგან, პირველი ეს არის იდენტიფიკაცია, ხოლო მეორე – ვერიფიკაცია.  პირველ ეტაპზე იღებთ სელფის ფოტოსურათს. შემდეგ პროგრამა გთხოვთ, სახის ახლოს მიტანას კამერასთან (ამ დროს ხდება ბიომეტრიული მონაცემების მოძრაობაში აღება) და პროცესი ავტომატურად სრულდება. თუ სისტემამ ვერ შეამჩნია საეჭვო ქმედება მომხმარებელში, პროცესი გრძელდება ვერიფიკაციის ეტაპით. ამ სტადიაზე, მომხმარებელი უღებს ფოტოსურათს საკუთარ საიდენტიფიკაციო სურათს, ხოლო ჩვენი სისტემა ახდენს მის ვალიდაციას ანუ გადამოწმებას, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილად ეკუთვნის იმ ადამიანს ვინც არის უშუალოდ კამერის წინ.

დროში რომ წარმოვიდგინოთ, პროცესს მიაქვს მხოლოდ რამდენიმე წუთი და ძალიან მოსახერხებელია კლიენტისთვის, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მას არ უწევს ფიზიკურად კომპანიაში მისვლა სერვისის მისაღებად და შეუძლია ყველა აუცილებელი მოქმედება დისტანციურად განახორციელოს.

M: რას მიიჩნევთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად, რომელიც Kvalifika-ს ბაზარზე არსებული ანალოგებთან მიმართებაში აქვს?
ყველაზე მთავარი უპირატესობა არის სისტემის დაცულობა ანუ ჩვენ პროდუქტს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეცდომის დაშვების ალბათობა მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ სისტემებს შორის. უფრო ნათელი რომ გავხადოთ მკითხველისთვის, ბიომეტრიაში ცდომილება იზომება ე.წ. FAR-ით (False Acceptance Rate). ჩვენი პროდუქტის შემთხვევაში FAR არის 1/4,200,000 ანუ მხოლოდ ერთმა ადამიანმა ოთხი მილიონ ორასი ათასიდან შეიძლება მოატყუოს სისტემა. ცნობისთვის, Apple Face ID, რომელსაც ტელეფონებში ვიყენებთ და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პროდუქტად ბიომეტრიის მიმართულებით, გააჩნია FAR-ი 1/1,000,000. ანუ ჩვენი სისტემა ოთხჯერ უფრო სანდოა ვიდრე Apple, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ Kvalifika უფრო სანდოა ვიდრე ბანკის თანამშრომლის მიერ ბანკის ფილიალშივე კლიენტის ფიზიკური იდენტიფიკაცია. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ასევე ის, რომ ჩვენი კვალიფიციური ვენდორის პროგრამული უზრუნველყოფა სერტიფიცირებულია და გვაქვს 2 დონის ISO სერტიფიკატი ბიომეტრიაში, რაც ჩვენი პროგრამის დაცულობას დოკუმენტურად ამტკიცებს. ეს მსოფლიოში რეგულატორების მიერ მოთხოვნილი აუცილებელი სტანდარტია.

M: როგორც ვიცით, დაწყებული გაქვთ მოლაპარაკებები შესაბამის ორგანიზაციებთან/კომპანიებთან? სად შეიძლება ველოდოთ Kvalifika-ს გამოყენებას უახლოეს მომავალში?
ამ ეტაპზე, დაინტერესება დიდია, უმეტესწილად რეგულირებადი ბიზნესის მხრიდან, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისტემის დაცულობას და სიზუსტეს. Დღეს დღეისობით პროგრამა დანერგილია ერთერთ ფინანსურ ინსტიტუტში. ასევე ერთ-ერთ წამყვან კომერციულ ბანკთან მიღწეულია შეთანხმება და სისტემის დანერგვის შესაძლებლობა გვექნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე. გარდა ამ ორი სუბიექტისა, ფაქტიურად ყველა კომერციულ ბანკი დაგვიკავშირდა და აქტიურად ახდენენ სისტემის ტესტირებას. თუმცა გვჯერა, რომ სხვა კომპანიების მხრიდანაც გაიზრდება დაინტერესება ვინაიდან ეს პროდუქტი მათთვისაც ძალიან მიმზიდველია. ახლახან მივიღეთ მონაწილეობა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით ჩატარებულ „ჰაკათონში“, სადაც საპრიზო ადგილი დავიკავეთ, ჰაკათონი ეძღვნებოდა კორონავირუსთან ბრძოლის ინოვაციური პროდუქტების დანერგვას.

ამ ეტაპზე, ვგეგმავთ პროდუქტის პრეზენტაციას სამთავრობო უწყებებთან. ჩვენ ვხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს საჯარო სერვისების გაციფრულება, შესაბამისად მზად ვართ სახელმწიფო უწყებებს ამ კრიზისულ პერიოდში უსასყიდლო მივაწოდოთ ჩვენი სერვისი, რითიც ჩვენ მცირე წვლილს შევიტანთ დღეს არსებულ დიდ გამოწვევასთან ბრძოლაში. 

ავტორი: ხატია თორდუა

პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის

ბილ გეითსი მოკლედ ხსნის, რა განასხვავებს წარმატებულ ლიდერს დანარჩენებისგან