მარკეტინგის კვალიფიკაციის ქონა გავლენას ახდენს თქვენს კარიერულ წინსვლაზე?
ცნობილი გამოცემის, Marketing Week-ის 2025 წლის კვლევის 3500-ზე მეტი რესპონდენტი, როგორც ჩანს, ასე ფიქრობს. 71.2% ამბობს, რომ მარკეტინგის კვალიფიკაციის ქონა წინსვლაში დაეხმარა.
ამ სტატიაში კი ვეცდებით, თავი მოვუყაროთ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
როგორ შეუძლია მარკეტინგის კვალიფიკაციას თქვენი კარიერის შეცვლა
მარკეტინგის სწრაფად ცვალებად და მუდმივად განვითარებად სამყაროში კონკურენტებს შორის გამორჩევა კარიერული წინსვლის გასაღებია. ახალი ციფრული ინსტრუმენტების, პლატფორმებისა და სტრატეგიების მუდმივად გამოჩენის გამო, მარკეტერებს მოდუნების უფლება არასოდეს აქვთ. სწორედ აქ ერთვება მყარი მარკეტინგული კვალიფიკაცია. მიუხედავად იმისა, ახლა იწყებთ მუშაობას ინდუსტრიაში თუ უკვე გზის ნახევარი გაქვთ გავლილი, მარკეტინგის კვალიფიკაციას შეუძლია, გაგიღოთ კარი დიდი წარმატებისკენ.
ცოდნის მყარი საფუძველი
მარკეტინგის კვალიფიკაცია გაძლევთ ცოდნას ფუნდამენტური პრინციპების შესახებ, როგორებიცაა: ბრენდინგი, მომხმარებლის ქცევა, ბაზრის კვლევა და რეკლამა. ციფრულ ეპოქაშიც კი, ეს ძირითადი კონცეფციები მარადიული და აუცილებელია ეფექტური კამპანიების შესაქმნელად.
მათთვის, ვინც ახლა იწყებს, კვალიფიკაციამ შეიძლება მოგცეთ ცოდნა და თავდაჯერებულობა, რათა დაიკავოთ საწყისი დონის პოზიცია მარკეტინგში, როგორიცაა მარკეტინგის ასისტენტი ან კოორდინატორი. მათთვის კი, ვინც უკვე მუშაობს ინდუსტრიაში, ეს დამატებით აძლიერებს თქვენს არსებულ უნარებს და აჩენს სანდოობას თქვენ მიმართ.
კარიერული წინსვლა და ახალი შესაძლებლობები
მარკეტინგის კვალიფიკაცია არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღებით აღგავსებთ, არამედ დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ სტრატეგიული აზროვნება, კრეატიულობა და კომუნიკაცია. როდესაც თქვენ ყველა მნიშვნელოვანი თემა შესწავლილი გაქვთ იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მარკეტინგი ბიზნესის შედეგებზე, თქვენ უფრო ეფექტური ხდებით თქვენს ამჟამინდელ როლში და უფრო მიმზიდველადაც გამოიყურებით პოტენციური დამსაქმებლებისთვის.
საშუალო ან მაღალი დონის თანამდებობებზე დასაქმებისას ბევრი კომპანია ეძებს ფორმალური კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს. მარკეტინგული კვალიფიკაციის მიღებით, თქვენ შეგიძლიათ, წარადგინოთ კანდიდატურა მარკეტინგის მენეჯერის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის ან, თუნდაც, მარკეტინგის დირექტორის (CMO) თანამდებობებზე დაწინაურებისთვის.
ინდუსტრიული კავშირები
მარკეტინგის კვალიფიკაცია ზრდის ინდუსტრიულ ურთიერთობებსა და კონტაქტების სიას. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში თქვენ ეცნობით ლექტორებს, რომლებსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ, ასევე, სხვა სტუდენტებთან ურთიერთობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლებთან ერთადაც შეგიძლიათ, დაგეგმოთ პროექტები, გაცვალოთ ცოდნა და იდეები.
გარდა ამისა, გარკვეული კვალიფიკაცია, მაგალითად, Google-ის ციფრული მარკეტინგის კურსები გლობალურად აღიარებულია და მოიცავს ექსკლუზიურ ონლაინსაზოგადოებებზე, კონფერენციებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებზე წვდომას.
თავდაჯერებულობისა და შესრულების გაზრდა
მარკეტინგის კვალიფიკაციის მოპოვების პროცესი მოითხოვს ფოკუსირებას, შეუპოვრობას და სწავლის სურვილს. დავალებების, პროექტებისა და გამოცდების შესრულებისას თქვენ არა მხოლოდ ფასდაუდებელ ცოდნას იძენთ, არამედ თავდაჯერებულობასაც მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელების კუთხით. ეს კი თქვენი ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ.
შემოსავლის პოტენციალი
მარკეტინგის კვალიფიკაციის ქონას შეუძლია, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შემოსავლის პოტენციალზე. დამსაქმებლები ხშირად მზად არიან გადაიხადონ დამატებითი თანხა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ცოდნისა და ექსპერტული გამოცდილების დემონსტრირება. ეს განსაკუთრებით ეხება იმ პოზიციებს, რომლებიც მოითხოვს სპეციალიზებულ უნარებს, როგორებიცაა მონაცემთა ანალიზი, ციფრული მარკეტინგი ან ბრენდის მენეჯმენტი.
გარდა ამისა, თუ კვალიფიკაციას მუდმივად აიმაღლებთ, თქვენი, როგორც მარკეტერის სტატუსი გაიზრდება და თითქმის ყველა ბიზნესსექტორში მოთხოვნადი იქნებით, თქვენი სამუშაო ადგილი სხვა ადამიანით არასოდეს ჩანაცვლდება და დამსაქმებელი ეცდება, შეგინარჩუნოთ, რათა მის კონკურენტთან არ წახვიდეთ მთელი თქვენი პროფესიონალიზმით.
როგორია კვალიფიციური მარკეტერების მომავალი
მცოდნე მარკეტერებზე მოთხოვნა არ იკლებს, პირიქით. ინდუსტრიები აგრძელებენ მონაცემებზე დაფუძნებულ სტრატეგიებზე გადასვლას, ამიტომ შესაბამისი კადრი ყოველთვის დასჭირდებათ.
ბოლოსთვის გეტყვით, რომ როდესაც ვსაუბრობთ კვალიფიკაციაზე, არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც ბაკალავრის დიპლომს. დღევანდელ სამყაროში უამრავი კურსი, ტრენინგი და პროგრამა არსებობს, რომელთა გავლაც შეიძლება მაშინაც კი, თუ ოდესღაც უნივერსიტეტი ამ მიმართულებით დაასრულეთ. ასე რომ, თუ მარკეტინგული კარიერის ახალ დონეზე აყვანას ცდილობთ, იცოდეთ, რომ ამაზე დროს ტყუილად არ დახარჯავთ.