კვანტური გამოთვლების განვითარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია. მეცნიერთა სამმა სხვადასხვა გუნდმა სილიკონზე დაფუძნებული კვანტური გამოთვლებისთვის 99-პროცენტიანი სიზუსტის ზღვარი გადალახა. ასე კვანტური ოპერაციების განხორციელება ცდომილების გარეშე იქნება შესაძლებელი.
ავსტრალიაში მდებარე ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში მომუშავე ანდრეა მორელოს ხელმძღვანელობით, სპეციალისტებმა 3-კუბიტიან სისტემაში 1-კუბიტით წარმოებული კვანტური ოპერაციისას 99.95-პროცენტიანი სიზუსტე მიიღეს, 2 კუბიტით კი 99.37-პროცენტიანი.
“როდესაც შეცდომები ძალიან იშვიათია, მათი აღმოჩენა და გამოსწორება შესაძლებელია. ახალი მიღწევით, კვანტური კომპიუტერების შექმნის საშუალება მოგვეცემა, რომლებსაც დიდი, მნიშვნელოვანი გამოთვლებისთვის საკმარისი მასშტაბი და სიმძლავრე ექნება”, — ამბობს ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ანდრეა მორელო.
კვანტური გამოთვლა ეყრდნობა კვანტურ მექანიკას, როგორც ოპერაციების საფუძველს. თუმცა ასეთი ოპერაციები ცდომილებებისკენაა მიდრეკილი. შეცდომების თავიდან აცილებისა და კვანტური გამოთვლების გაუმჯობესების საკითხი უკვე დიდი ხანია მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ინტენსიური შესწავლის საგანია.
2014 წელს მორელომ და მისმა კოლეგებმა სილიკონის სუბსტრატში კვანტური ინფორმაციის 35 წამით შენარჩუნების დემონსტრირება შეძლეს. მაშინ გამოყენებულმა მეთოდმა გაართულა კუბიტების (კვანტური ერთეული) ერთმანეთთან კომუნიკაცია, რაც აუცილებელია კვანტური გამოთვლების შესასრულებლად.ამ საკითხის გადასაჭრელად მორელომ და მისმა ჯგუფმა სისტემაში ელექტრონი შეიტანეს.
“თუ თქვენ გაქვთ ორი ბირთვი, რომელიც დაკავშირებულია ერთსა და იმავე ელექტრონთან, შეგიძლიათ, მათ კვანტური ოპერაციის შესრულება აიძულოთ”, — განმარტა ფიზიკოსმა მატეუშ მაძიკმა, სამხერთ უელსის უნივერსიტეტიდან
საბოლოოდ, ანდრეა მორელოს გუნდმა 99.95-პროცენტიან სიზუსტეს მიაღწია.
ხოლო ნიდერლანდებში განლაგებულ დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებმა ე. წ. კვანტური წერტილების (ნახევარგამტარი ნაწილაკების) გამოყენებით, 1 კვანტური ბიტით 99.87-პროცენტიან შედეგს მიაღწიეს, ხოლო 2-ით — 99.65-პროცენტიანს.
“როგორც წესი, შეცდომის სიხშირე 1 პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს იმისათვის, რომ კვანტური შეცდომების მაკორექტირებელი პროტოკოლების გამოყენება შევძლოთ. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ შეგვიძლია, სილიკონის კვანტური პროცესორების წარმოება დავიწყოთ, რომლებიც საიმედოდ იმუშავებს უაღრესად სასარგებლო გამოთვლებისთვის”, — ამბობს მორელო.
ამდენად, შეიძლება, არც თუ ისე შორეულ მომავალში კვანტური კომპიუტერები ვიხილოთ, რაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას რევოლუციური სისწრაფით დააჩქარებს.