ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ და „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, კომპანია კომუნალური გადასახადების ერთიან ადმინისტრირებას უზრუნველყოფს.
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ საზღვრებში მყოფი მიმწოდებლის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიით, განსაზღვრული მომსახურეობის არეალში, საწყის ეტაპზე, 3.500 ოჯახი დასუფთავების მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ოდენობის შესახებ ერთიან ქვითარს მიიღებს. ან, აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში, მის ნაცვლად სმს-შეტყობინება მიუვა. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, გადახდილი თანხების აღრიცხვას, ე.წ. „ბილინგის“ სისტემის დანერგვას“.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული აბონენტთა სიის საფუძველზე შეიქმნება მონაცემთა ბაზა და გაიმართება პროგრამული უზრუნველყოფა. შედეგად, მოსახლეობა გაცილებით ხარისხიან მომსახურებას მიიღებს და საშუალება ექნება, სერვისის საფასური, ბანკიდან ან სხვა საგადასახადო პუნქტიდან გადაიხადოს.
„აღნიშნულ ინიციატივას წინ უძღოდა ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღება (2018 წლის 5 ივლისი), რომლის მიხედვითაც მოსახლეობის ნარჩენების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრა 0.61 ლარით. ყვარლის საკრებულოს დადგენილებით, ფიზიკური პირები, ვისაც მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, გათავისუფლდებიან მოსაკრებლისგან. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება სრული ხარჯთაღრიცხვით დადგენილი ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფებისა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემის ზოგადი მეთოდოლოგიით, რომელიც USAID/CENN–ის WMTR II პროგრამის ფარგლებშია შემუშავებული. ნარჩენების მოსაკრებლის ოდენობის დაანგარიშება კი ყვარლის მუნიციპალიტეტში მოხდა“.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ თანამშრომლობა და მომსახურების არეალი გააფართოონ. ასევე, იგეგმება რეგიონალური შეხვედრის ორგანიზება, სადაც არსებული მეთოდოლოგიისა და ამოღების ერთიანი სისტემის დადებით მხარეებზე ყვარლის მუნიციპალიტეტი, საკუთარ გამოცდილებას, კახეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს გაუზიარებს.
პარტნიორის კონტენტი