5
Apr
2017

ელექტრონული მუსიკის სამი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი თბილისში

5 Apr 2017

ბოლო რამდენიმე წელია საქართველო ხშირად მასპინძლობს ელექტონული მუსიკის  ფესტივალებს. ქართველი მსმენელი უკვე კარგად იცნობს რამდენიმე მსოფლიო დონის  ტექნო შემსრულებელს. გემოვნებიანი მუსიკა, კარგი გარემო და სხვა ფაქტორები იდეალურ სივრცეს ქმნის. ამჯერად, kvARTali-ის ორგანიზებით, 21 აპრილს, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ქართველი მსმენელისთვის: Rodriguez Jr, Matador და Paco Osuna დაუკრავენ. დეტალური ინფრომაციისთვის მარკეტერი, kvARTali-ის პიარ მენეჯერს, ლელა შერაზადიშვილს ესაუბრა.

M: რით არიან გამორჩეულები ის არტისტები, რომლებიც 21 აპრილს დაუკრავენ?

Matador-ი ცნობილია უნიკალური რემიქსებით, არის საოცრად ქარიზმატული არტისტი. კონკრეტულად, რას შეასრულებს სცენაზე, უცნობია. ეს ყველაფერი იმპროვიზაციასა და მაყურებლისგან მიღებულ ინსპირაციაზე იქნება დამოკიდებული.

Paco Ossuna ტექნოს ინდუსტრიაში ნამდვილი უხუცესია, 20 წლიანი გამოცდილება აქვს მუსიკალურ სფეროში და ამ დროის განმავლობაში, პოპულარობასთან ერთად, კარგი ავტორიტეტიც მოიპოვა.

Rodriguez Jr კი განსხვავებული ხედვებით გამოირჩევა. ღიად აცხადებს, რომ მისი მიზანი ტექნო მუსიკის არეალის გაზრდაა და ეს მიზანი მის მიერ შექმნილ ყოველ ბგერას ეტყობა.

M: რატომ შეაჩერეთ არჩევანი კონკრეტულად ამ არტისტებზე?

სამივე მათგანი ძალიან ცნობილი და მოთხოვნადია მსოფლიო მასშტაბით. განვიხილეთ ყველაზე წარმატებული ელექრონული მუსიკოსების სია, რომლის მიხედვითაც ვარჩევდით საუკეთესო გამომსვლელებს. ხანგრძლივი თათბირის შემდეგ, სწორედ ამ არტისტებზე შევაჩერეთ არჩევანი.

M: უცხოელ არტისტებთან ერთად დაუკრევენ თუ არა ქართველი შემსრულებლები?

დიახ, ქართველი არტისტიც გვეყოლება, გიო შენგელია.

M: ლელა, რას გვეტყვით ორგანიზატორის, kvARTali-ის შესახებ?

ჩვენმა კომპანიამ საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ აიღო სტარტი. kvARTali -ისთვის ეს პირველი ქართული ივენთი იქნება, თუმცა მანამდე უკრაინაში მოღვაწეობდნენ და აქვთ კარგი გამოცდილება.


M: რა იქნება kvARTali-ის ნიშა სხვებისგან განსხვავებით?

პრიორიტეტი იქნება ხარისხიანი მუსიკა. გარდა ამისა, ვფიქრობ რომ სამი ასეთი პოპულარული არტისტის ერთად ჩამოყვანა საკმაოდ კარგი ტრამპლინი იქნება ჩვენთვის.

M: რას უკავშირდება სახელწოდება kvARTali?

სახელი იდეურად შევურჩიეთ. ჩვენი ივენთები სეზონის განმავლობაში ერთხელ გაიმართება.

M: შემდეგი ივენთი ზაფხულში გაიმართება. უცვლელი დარჩება თუ არა  ლოკაცია?

ლოკაცია ცვალებადი იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია გასცდება თუ არა kvARTali -ის ივენთები თბილისის ფარგლებს.

M: როგორ შევიძინოთ ბილეთები? არსებობს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვები?

ამ ეტაპზე ბილეთების შეძენა www.eventer.ge -ზე შეგიძლიათ. რა თქმა უნდა გაიყიდება  კარზეც, თუმცა ფასი მოიმატებს. რაც შეეხება შეზღუდვებს 18 წლამდე  მოზარდები ივენთზე არ დაიშვებიან.

განხილვა