in

რას განიცდიან ადამიანები, როცა ყვავილებს სჩუქნით? 

M2
M2

ყვავილები ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი გზავნილების გადამტანი, ისეთი ემოციებისაც, რომელთა სიტყვებით თქმა რთულია ხოლმე. ამასობაში, კი სიყვარულისა და ზრუნვის გამოხატვის უნივერსალურ ენად მოგვევლინა. ამიტომ, მოდით, ჯერ გავიგოთ, როდის დაიწყეს ადამიანებმა ერთმანეთისთვის ყვავილების ჩუქება და შემდეგ განვიხილოთ, რა ფსიქოლოგიური ეფექტები იმალება ამის უკან. 

ყვავილების ჩუქების ისტორია

ეს ამბავი პრეისტორიულ დროში დაიწყო, ზუსტი წარმომავლობა კი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ისეთ უძველეს ცივილიზაციებში გვხვდებოდა, როგორებიცაა საბერძნეთი, ეგვიპტე, რომი და ჩინეთი. ბერძნულ მითოლოგიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ატარებდა, სხვადასხვა ღვთაებას წარმოადგენდა და სოციალურ ადათ-წესებში გვხვდებოდა.

ვიქტორიანული ეპოქის დროს კი, როცა ადამიანები ემოციებს ფარავდნენ, ყვავილების თაიგული უთქმელი სიტყვების მაცნეს წარმოადგენდა. თუმცა, სიყვარულის გამოხატვის გარდა, საიდუმლო შეტყობინებების გადასაცემადაც იყენებდნენ. წითელი ვარდი ვიღაცას რომ აღმერთებდით, იმის მანიშნებელი იყო, ხოლო ყვითელი ცალმხრივ სიყვარულზე მიუთითებდა… 

ყვავილების ჩუქების ფსიქოლოგია 

ახლა კი დროა, გავიგოთ, რას განიცდიან ადამიანები ყვავილების მიღებისას, აქ სტრესის შემსუბუქებაზე, ბედნიერების შეგრძნებაზე, გაუმჯობესებულ მენტალურ მდგომარეობასა და შთაგონების წყაროზე მოგიყვებით:

სტრესის შემსუბუქება

ჩათვალეთ, რომ ყვავილები სტრესთან ბრძოლის ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც შფოთვისგან გათავისუფლებთ. განსაკუთრებით ეს ცოცხალ ყვავილებს ეხება, რომელიც დეპრესიის ნიშნებს ამცირებს, მეტად სიცოცხლისუნარიანსა და ბედნიერს გხდით. 

ბედნიერებისა და მადლიერების შეგრძნება

ყვავილების მიღება უბრალოდ ვიზუალური ხრიკი არ გეგონოთ, აქ საქმე ემოციებს ეხება. ბედნიერებისა და მადლიერების ამ ფორმით გამოხატვა ოქსიტოცინის მატებას იწვევს და განწყობის გაუმჯობესებამდე მივყავართ. ყვავილების მიღების აქტი ხდება ძლიერი შემახსენებელი იმისა, რომ ვიღაც თქვენზე ფიქრობს, გაფასებთ და უყვარხართ. სწორედ ამიტომ, იმდენად ამაღლებს რეციპიენტის განწყობას, რომ ეს ბედნიერება სხვა საჩუქრებისგან მიღებულ სიხარულსაც ფარავს. კვლევები გვეუბნება, რომ მსგავსი ეფექტი დღეების მანძილზე გრძელდება. 

გაუმჯობესებული მენტალური ჯანმრთელობა

გარდა ემოციებისა ყვავილების ცოცხალი ფერები, სუნი თუ წყობა ასტიმულირებს ჩვენს გრძნობებს და ნეიროტრანსმიტერების გათავისუფლებას იწვევს, იქნება ეს დოფამინი თუ სეროტონინი. თუმცა, ამ საკითხს ზედაპირულად ნუ შეხედავთ, თერაპევტები პაციენტების გამაჯანსაღებელ პროგრამებშიც იყენებენ — კვლევების მიხედვით, ყვავილებით სავსე სივრცეში პაციენტები არტერიული წნევისა და გულისცემის დაქვეითებას განიცდიან, ამგვარად, ძლიერ კატალიზატორად გვევლინება, რომელიც ინდივიდის როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ კეთილდღეობაზე დადებითად ზემოქმედებს.

ყვავილები, როგორც შთაგონების წყარო

ყვავილები სივრცეს აცოცხლებს და პოზიტიურ აურას ქმნის. ამგვარად, ოფისში ან სახლში მცენარეების მოთავსება თქვენს პროდუქტიულობას ზრდის, გამშვიდებთ და უფრო ჯანსაღი, ბედნიერი ატმოსფეროს შექმნაში გეხმარებათ. 

დაბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ ყვავილებით სივრცის მოწყობა ძალიან თერაპიული და შემოქმედებითი პროცესია, რა დროსაც სუნთქვა რეგულირდება პულსის სიხშირე ნელდება და მენტალური მდგომარეობა უმჯობესდება. ამ დროს არსებული პრობლემები თუ იმედგაცრუებებიც აღარ გვახსენებს თავს და, ალბათ, სწორედ ამიტომაცაა ყველასთვის საყვარელი საჩუქარი.

SOLO-ს 3 მარტის შეთავაზებები მომხმარებლებს

4Hospitals – განვითარების ახალი ეტაპი