in

ყველაფერი ის, რაზეც დღეს ამბობ უარს – სილქის ახალი კამპანია

ჩანთა – მერე, სუნამო – მერე, მაცივარი – მერე, ყურსასმენი – მერე, ბოტასი – მერე, მოპედი – მერე Facebook-ზე გამოჩენილი ახალი გვერდებია, რომლებმაც მომხმარებლის დაინტერესება გამოჩენისთანავე გამოიწვია. რამდენიმე დღის შემდეგ კი ყველა ეს გვერდი ერთ კამპანიაში გაერთიანდა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი Silk-ის ახალ ბარათს – “მერეს” შეეხებოდა.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც სილქი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი, 25 წლიანი ისტორიის მქონე “სილქ ბანკი” ტრანსფორმირდა და “სილქის” სახით განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. სერვისების გაციფრულებითა და გამარტივებით ბრენდი მომხმარებელს უკვე ყოვლისმომცველ ფინანსურ პლატფორმას სთავაზობს, მომავალში კი არაფინანსურის დამატებასაც ითვალისწინებს. ასე შეიქმნა ბრენდის ახალი საკომუნიკაციო მიმართულება “უკეთესობისკენ”.

სწორედ ამ ახლებური მიდგომის ნაწილია “მერეც” და მისი კრეატიული კამპანიაც, რომელზეც საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა. კამპანიაზე მეტის გასაგებად სილქის მარკეტინგისა და ვინდფორს თბილისის კრეატიულ გუნდებს ვესაუბრეთ. 

რას გულისხმობს ბრენდის ახალი საკომუნიკაციო მიმართულება “უკეთესობისკენ” და როგორია ბრენდის პოზიციონირება?

ბექა გოშაძე, სილქის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: რებრენდინგის პროცესი დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პროცესებისა და პროდუქტების სრულ ტრანსფორმაციასა და სერვისის მაქსიმალურად გაციფრულებას. შეიქმნა ახალი აპი “Silk”, რომლის საშუალებითაც სტანდარტულ საბანკო პროდუქტებთან ერთად, მომხმარებელს შევთავაზებთ ბევრ საინტერესო და ბაზრისთვის ახალ მომსახურებასაც – როგორც ფინანსურს, ასევე არაფინანსურს.

ტრანსფორმაციამ, გაციფრულებამ და განვითარების ახალმა სტრატეგიამ გააჩინა ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის აუცილებლობა. შეიცვალა ბრენდის სახელიც, შეიქმნა ახალი ვიზუალური სტილი. ბანკის არსებული და ახალი/დაგეგმილი პროდუქტებიც მოვარგეთ განახლებულ ბრენდს და დავრწმუნდით, რომ სიახლეები, რაზეც საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს უკვე სრულყოფილია იმისთვის, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ.

„უკეთესობისკენ“ ბრენდის ღირებულებებთან და სტრატეგიულ გეგმასთან სრულ ჰარმონიაში მყოფი კონცეფციაა. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა პროგრესი, რაც ყოველთვის მიმართულია არსებულის გაუმჯობესებისკენ. მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტით ან სერვისით სარგებლობა შესაძლოა, პატარა ცვლილებებსაც მოითხოვდეს, მაგრამ ეს ცვლილებებიც ყოველთვის უკეთესობისკენ არის მიმართული. ამასთან ერთად, ესაა ბრენდი, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს და ცნობილია თავისი სტაბილურობით და მაინც არ კმაყოფილდება არსებულით, სურს რომ მეტად გათანამედროვდეს, გამარტივდეს, წინ გაუსწროს თავსაც და ბაზარსაც. სწორედ ამიტომ, ეს დამოკიდებულება გუნდისთვისაც და ბრენდისთვისაც ზუსტად ამ ერთ სიტყვასა და მიმართულებაში ერთიანდება.

როგორ გაჩნდა “მერეს” შექმნის იდეა და რას სთავაზობს ის მომხმარებელს?

ბექა გოშაძე: „მერე“ ანუ „Buy Now Pay Later” ტრანსფორმაციის პროცესის დასაწყისშივე გათვალისწინებული იყო, როგორც კომპანიისთვის ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი. რეალურად, “მერე” იდეალური პროდუქტია მომხმარებლისთვის. ამ ბარათის გამოყენებით ადამიანს შეუძლია უპროცენტოდ გადაანაწილოს თანხა 3-დან 12 თვემდე სილქის პარტნიორ ობიექტებში. ნებისმიერ სხვა ადგილას გადახდისას კი, იქნება ეს ონლაინ, უცხოურ საიტებზე თუ სილქის არაპარტნიორ მაღაზიებში, მომხმარებელს შეუძლია ლიმიტი უპროცენტოდ შეავსოს 45 დღის განმავლობაში – არავის არაფერი უძვირდება, ყველა ბედნიერია. 

ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტებისგან განსხვავებით, “მერეს“ ლიმიტი იქნება გაცილებით მეტი, შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად, პირდაპირ აპიდან ციფრული მერე ბარათის მოთხოვნაც. კიდევ რამოდენიმე საინტერესო განსხვავებული ფუნქციონალი აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლისთვის საკმაოდ ბევრ პარტნიორთან არის შესაძლებელი “მერე” ბარათით თანხის გადანაწილება, თან პარტნიორების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

რაში მდგომარეობდა კრეატიული გუნდისთვის მიცემული დავალება?

კრეატიული გუნდისთვის დავალების მიცემა არ იყო მარტივი. ისეთი პროდუქტისთვის, როგორიც ბანკინგია და იმდენად ნიშური პროდუქტისთვის, როგორიც “მერეა”, ყოველთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ჩარჩოების გათვალისწინება და თან ამის ისე მოხერხება, რომ კრეატიულ გონებას ასპარეზი არ შეუზღუდო. ეს მაქსიმალურად ვცადეთ და ვფიქრობთ, გამოგვივიდა კიდეც. დავალების გაწერისას ყველაზე დიდი დრო და ყურადღება დავუთმეთ “მერეს” იდეალურ მომხმარებელზე ფიქრს, რომელიც გვესახება როგორც ზრდასრული, გემოვნებიანი, სიმარტივისკენ მიდრეკილი, მრავალფეროვანი ადამიანი, რომელიც უარს არ ამბობს საკუთარ სურვილებზე და სულ იპოვის გზას მიიღოს ის, რაც ყოველთვის უნდოდა. აქ დიდი მნიშვნელობა ვიზუალურ სტილსა და სპეციფიკურ ესთეტიკას ჰქონდა და ვფიქრობთ, კრეატიულმა გუნდმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ დავალებას. 

ვინდფორსის კრეატიული დირექტორი, ბექა მეფარიშვილი, კამპანიის შექმნის პროცესზე უფრო დეტალურად გვესაუბრა. 

როგორ შეიქმნა კამპანიის კონცეფცია?

ბექა მეფარიშვილი, ვინდფორსის კრეატიული დირექტორი: რადგან პროდუქტის საკმაოდ სახასიათო სახელი – “მერე” უკვე არსებობდა, პირველივე სამუშაო შეხვედრებზე გადავწყვიტეთ, რომ სწორედ მის ირგვლივ უნდა ყოფილიყო კამპანიის ძირითადი ფოკუსი. 

პირველ ეტაპზე პროდუქტის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე ფიქრი დავიწყეთ – ბარათი “მერე” რეალურად უკომპრომისო შოპინგში ეხმარება მომხმარებელს. ამ საბანკო პროდუქტის გამოყენებით შეგიძლია, არ გადადო სასურველი ნივთის ყიდვა და ეკონომიის მიზნით ხარისხის დათმობაზე არ წახვიდე. კრეატიულ გადაწყვეტამდეც სწორედ ასე მივედით – “მერე არის ყველაფერი ის, რაზეც დღეს ამბობ უარს” – წარმოვიდგინეთ, რომ “მერე” ყველა ის ბრენდი თუ პროდუქტია, რომელიც გინდა, რომ გქონდეს, თუმცა ვერ აძლევ თავს ამის უფლებას. 

სარეკლამო ვიდეო რგოლი ფაქტობრივად “რეკლამების რეკლამაა” – “ფექშოთების” კომპილაცია რომელიც 15-მდე გამოგონილ “მერე” ბრენდს აერთიანებს.

“თიზერის” სახით კი ამ გამოგონილი 6 ბრენდის გვერდი შეიქმნა: მაცივარი – მერე; სუნამო – მერე; ფეხსაცმელი – მერე და სხვა. ამ გვერდებზე საკმაოდ დიდი ინტერესი და “რახირს?” კომენტარი დაგროვდა, რასაც ვიდეო რგოლის სახით “გაეცა პასუხი”.

რა მასშტაბებს მოიცავს კამპანია და რის საფუძველზე აპირებთ მის შეფასებას?

ბექა მეფარიშვილი: კამპანიის სამიზნე აუდიტორია საკმაოდ დიდია. თუმცა პირველ ეტაპზე მთავარ აქცენტს საქართველოს შედარებით დიდ ქალაქებში მაცხოვრებლებზე ვაკეთებთ. ამ ქალაქებში მრავლადაა “მერეს” პარტნიორი ობიექტები, სადაც მომხმარებელს ბარათის გამოყენება შეუძლია. კამპანიის შედეგის შეფასება კი ბრენდის/პროდუქტის ცნობადობის გაზრდასთან ერთად, გაცემული ბარათების რაოდენობითაც მოხდება.

[R]

რა სჭირდებათ მონდომებულ ადამიანებს თავიანთი მენტორებისგან

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი“ გაიმართება