ახლად აღმოჩენილი გალაქტიკა რეკორდს ამყარებს ყველაზე ადრეულ გალაქტიკებს შორის, რომლებიც აქამდე უნახავთ. ასე კი გალაქტიკების ფორმირების ამჟამინდელ მოდელებს კითხვითი ნიშნის ქვეშ აქცევს. ახლა ფაქტებს გაგაცნობთ: JADES-GS-z14-0 უწოდეს და დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 300 მილიონ წელზე ნაკლების უნდა იყოს, ამასთან, საკმაოდ კაშკაშა და დიდია. აქვეა JADES-GS-z14-1-იც მეორე აღმოჩენაც, რომელიც თითქმის ასეთივე შორეულია, თუმცა რეკორდსმენად მაინც პირველი გვევლინება.
„2024 წლის იანვარში ამ გალაქტიკას NIRSpec თითქმის 10 საათი აკვირდებოდა და როცა სპექტრი პირველად დამუშავდა, ურყევი მტკიცებულება გაჩნდა იმისა, რომ გალაქტიკის სინათლის ტალღის სიგრძე 14.32 იყო, რითაც წინა ყველაზე შორეული გალაქტიკის რეკორდს არღვევდა. სურათებიდან ჩანს, რომ წყარო 1600 სინათლის წლის უნდა იყოს, რაც ამტკიცებს, რომ სინათლე, რომელსაც ვხედავთ, უმეტესად ახალგაზრდა ვარსკვლავებიდან მოდის და არა, უახლოესი სუპერმასიური შავი ხვრელის ემისიიდან… ჩნდება კითხვა: როგორ შეძლო ბუნებამ ასეთი კაშკაშა, მასიური და დიდი გალაქტიკის შექმნა 300 მილიონზე ნაკლებ წელში?“, — აცხადებენ ასტრონომები.
ეს გალაქტიკა სამი ცალკეული კვლევის საგანი იყო, რომლებსაც ერთი დასკვნა აერთიანებს — JADES-GS-z14-0-ის მანათობელი წერტილი ახალ გზას წარმოადგენს იმის გასაგებად, თუ როგორ ჩამოყალიბდა სამყარო ადრეულ პერიოდში.
ცოტა ხნის წინ ძალიან ცოტა ვიცოდით იმ პერიოდის შესახებ, რომელიც Cosmic Dawn-ის სახელით არის ცნობილი, რაშიც დაახლოებით პირველი მილიარდი წელი იგულისხმება დიდი აფეთქებიდან. ეს კი იმიტომ, რომ ადრეული სამყარო სავსე იყო ნეიტრალური წყალბადის ნისლით, რომელიც სინათლეს ფანტავდა და მის გავრცელებას უშლიდა ხელს. თუმცა ულტრაიისფერი შუქით ეს ნისლი გაქრა და „კოსმოსური გარიჟრაჟის“ ბოლოს სივრცე გამჭვირვალეც გახდა…
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გეტყვით, რომ ამ მნიშვნელოვან მიღწევას ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს უნდა ვუმადლოდეთ. კი ბევრი გალაქტიკა აღმოუჩენია, მაგრამ მათ შორის JADES-GS-z14-0 გამორჩეულია, ძალიან დიდი და კაშკაშაა — სულაც არ არის ისეთი, როგორიც ასტრონომებს ადრეული სამყაროს გალაქტიკები წარმოედგინათ. უპირველესად, მისი ზომა მიგვანიშნებს, რომ სინათლის უმეტესობა ვარსკვლავებიდან მოდის, ანალიზიც ბევრ მტვერსა და ჟანგბადს ავლენს, რაც ასევე მოულოდნელი იყო, რადგან ამგვარი მძიმე ელემენტები ვარსკვლავებში უნდა შექმნილიყო, რომელსაც შემდგომ აფეთქებაც დასჭირდებოდა.
აღნიშნული მახასიათებლები გვთავაზობს, რომ მასიური ვარსკვლავების რამდენიმე თაობა ცხოვრობდა და კვდებოდა დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლით ადრე. დღევანდელი დიდი ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რაც რამდენიმე მილიონ წელს შეადგენს, ეს შეუძლებელი არ არის, მაგრამ არც ის, რის პოვნასაც ასტრონომები ელოდნენ.
ამგვარად, ადრეულ სამყაროზე ხელახლა მოგვიწევს დაფიქრება — „JADES-GS-z14-0 ახლა ამ ფენომენის არქეტიპი ხდება. საოცარია, რომ სამყარომ ასეთი გალაქტიკის შექმნა მხოლოდ 300 მილიონ წელში მოახერხა“.