in

ასე დაიწყო თიბისიმ „ყველაზე გრძელი ზაფხული“…

იქნებ, ზაფხული არ არის დრო, რომლისთვისაც მთელი წლის მანძილზე ვემზადებით, არც კონკრეტული სეზონი, ერთი კვირა ან თვე, როდესაც დასვენებას ვგეგმავთ. იქნებ, ის დღესასწაულია, როდესაც დიდი ხნის ნაოცნებარის სისრულეში მოყვანას ვიწყებთ, აწმყოს, რომელსაც ვქმნით აქ და ახლა და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანს გაგრძელდება? „დაე, დაიწყოს ყველაზე გრძელი ზაფხული“ – ამ გზავნილით, თიბისიმ ჩვენთვის სასიამოვნო მოგონებებს მოუყარა თავი და ის ყველაზე მნიშვნელოვანი შეგვახსენა, რომელიც სულ ჩვენთანაა. როგორც თიბისის ბრენდის ლიდერმა, ბეკი ფანცხავამ გვიამბო, ვიდეორგოლი თიბისის საკომუნიკაციო სტრატეგიის გაგრძელებაა, რომელიც დაახლოებით 6 წლის წინ დაიწყო – კამპანია „გამარჯობას” მოყვა „შენ“, „შენთვის“, „ვინც არ უნდა იყო“, „აქ და ახლა“, „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა“…

M: „ყველაზე გრძელი ზაფხული“ რას ნიშნავს?

ამაზე ანა კორძაია-სამადაშვილს უკეთესი პასუხი ექნებოდა, მაგრამ მე მგონია, რომ ყველაზე გრძელი ზაფხული ყველაზე ბედნიერი, ღირებული და ყველაზე „აქ და ახლა“ არის, რომელსაც ყველა მთელი წელი ველოდებოდით. ეს შეიძლება არ იყოს ივნისი, ივლისი, აგვისტო. ყველას თავისი ზაფხული აქვს. ეს არის დრო, როდესაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს. შეიძლება იყოს ერთი მომენტი ან დღე, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება. ვიღაცისთვის ეს არის წვიმა, წიგნის კითხვა სიმშვიდეში, პირველი შეხვედრა „იმ შესანიშნავთან“, მატარებლით პირველი მგზავრობა, პირველი ფრენა, ფირზე აღბეჭდილი ფოტოები… ამის გადმოცემა გვინდოდა – პატარა და ყველაზე ღირებულ მომენტებს და მოგონებებს უნდა გავუფრთხილდეთ.

M: რა იყო სააგენტოს დავალება?

კამპანიაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. კამპანიაზე კრეატიული სააგენტო WINDFOR’S, ფროდაქშენზე კი Enkeny მუშაობდა. ტექსტი ანა კორძაია-სამადაშვილს ეკუთვნის, მუსიკა – გია ყანჩელს, რომელიც ზურა მახნიაშვილის არანჟირებით გაკეთდა.

სააგენტოსთან ერთად შევთანხმდით, რომ უნდა შეგვექმნა ყველა იმ ღირებულების და მუდმივი გრძნობის დღესასწაული, რომელიც სულ ჩვენთანაა. ამ შეთანხმების შემდეგ, სააგენტო ვიდეო რგოლის და კამპანიის იდეით დაგვიბრუნდა.

M: რა სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ დეტალებს, რის კომბინაციითაც შეიქმნა ვიდეორგოლი?

ვიდეოში ბევრ საინტერესო დეტალს შეამჩნევთ. მათ შორის არის კახი კავსაძის შეხვედრა პელესთან, დინამოს გამარჯვება 1981 წელს, გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ფრაზა “დედამიწას სიყვარული ატრიალებს”… ეს ყველაფერი ბევრისთვის ნაცნობ და საყვარელ მომენტებს გვახსენებს, რომლებიც სულ ჩვენთან არის, ჩვენს გონებაში.

რეალურად, ამ ვიდეოს არ აქვს ერთი კონკრეტული პიკის მომენტი, თითქოს ყველა მომენტი ერთნაირად კულმინაციურია. ვიდეოს რეჟისორული გადაწყვეტაც ძალიან საინტერესოა, მაგალითად, ახალგაზრდა წყვილის სასიყვარულო ამბავი, ქუჩაში რომ მორბიან, 90-იანების კადრი, რომელიც უცვლელი სიყვარულის სიმბოლოა. სიმბოლურია ზაფხულის წვიმაც, ყველას რომ უყვარს. მთავარი ამოცანაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ჩვენ ხელშია ყველაფერი. აქ და ახლა ცხოვრება ნიშნავს, რომ დღეს შეგიძლია შენი თავი, შენი პროფესია, ურთიერთობები და შენ გარშემო განწყობა შექმნა.

M: რა არის ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი?

სასიამოვნო და საყვარელი მომენტების თავმოყრით, ადამიანებს კიდევ ერთხელ შევახსენეთ რიტმული ცხოვრების მიუხედავად, არის რაღაცები, რაც ძალიან ღირებულია და დროს უძლებს. მაგალითად, ხელოვნების და ლიტერატურის სიყვარული, საქმის მიმართ ერთგულება, დედებისა და შვილების ურთიერთობა, მეგობრობა, თავგადასავლების და აღმოჩენების ძიების სურვილი.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

[R]

SEU-მ და SEU DEVELOPMENT-მა, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ბინა აჩუქეს

ტაქტიკა უკეთესი დისტანციური მოლაპარაკებებისთვის