ზოგიერთ ჩვენგანს მუშაობისა და გართობისთვის 24 საათი საერთოდ არ ყოფნის. თუმცა, როგორც ჩანს, დრო იმაზე წარმავალია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ — დედამიწაზე უმოკლესი დღე დააფიქსირეს. 2022 წლის 29 ივლისს მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დღე 24 საათზე 1.59 მილიწამით ადრე დასრულდა.
ეს კი იმის გამო ხდება, რომ დედამიწა თავის ღერძზე უფრო სწრაფად ბრუნავს. ხოლო, როცა პლანეტის ბრუნვას ხანგრძლივ პერიოდში დააკვირდნენ, დაადგინეს, რომ იგი ყოველდღიურად იცვლება. კონსენსუსად კი იმას გვთავაზობენ, რომ ყოველ მომდევნო საუკუნეში დედამიწის ბრუნვა უფრო გრძელი გახდება.
თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს პლანეტა ისევ აჩქარდა. 1960-იანი წლებიდან 2020 წლამდე ატომური საათების დახმარებით 28 უმოკლესი დღე დაფიქსირდა, 2021 წელს შენელდა, ახლა კი ახალი რეკორდული დროით ბრუნდება.
ის, თუ რატომ ხდება ეს, მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან… ამაში დიდი როლი მთვარის მიზიდულობას აქვს, მიქცევა-მოქცევაზე, ოკეანესა და გრავიტაციაზე ზემოქმედებს. დიახ, დედამიწის ბრუნვისა და საცნობარო სისტემების საერთაშორისო სამსახურის (IERS) ცნობით, დღის მკვეთრი ზრდა და შემცირება სწორედ მთვარეზეა დამოკიდებული.
კიდევ ერთი მიზეზი ის პროცესები შეიძლება იყოს, რომლებიც დედამიწის შიდა და გარე ფენებში მიმდინარეობს, ამასთან, მყინვარების დნობა და მათი წონის შემცირება პოლუსებზე. მეცნიერები ერთ-ერთ მიზეზად Chandler Wobble-ის თეორიასაც ასახელებენ, რაც დედამიწის გეოგრაფიული პოლუსების მცირე არარეგულარულ მოძრაობებს აღნიშნავს.
ხოლო იმაზე თუ ფიქრობთ, შეცვლის თუ არა ეს თქვენს ცხოვრებაში რაიმეს, გეტყვით, რომ ეს თქვენივე ტელეფონს შეეხება. იმისათვის, რომ ზუსტი დრო გაიგოთ, მოკლე დღეების შემთხვევაში საათზე წამის უკუგების დაყენება გახდება საჭირო. ეს დამატებითი ერთი წამი იქნება, რაც ჩვენი საათების მზის საათთან დამთხვევას უზრუნველყოფს. თუმცა იმ ელექტრონული მოწყობილობებისთვის გახდება პრობლემა, რომლებიც ქსელის დროის პროტოკოლით (NTP) სინქრონიზდება. ეს უკანასკნელი კი დედამიწის ცვალებად ბრუნვას არ ითვალისწინებს.