ახლად აღმოჩენილ სუპერმასიურ შავ ხვრელთან მადაზე ვერავინ და ვერაფერი დაიწუწუნებს, რადგან დღეში თითქმის მზისხელა გაზისა და მტვრის ჩაყლაპვა შეუძლია, J0529-4351-ის კვაზარის გალაქტიკის ცენტრშია და უკვე დაახლოებით 17 მილიარდი მზის მასის ზომისაა… მეცნიერები ამბობენ, რომ ყველაზე „მშიერი“ შავი ხვრელია, რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ. ასტრონომი კრისტიან ვულფის თქმით, იმდენად სწრაფად იზრდება, რომ პრაქტიკულად მასალის დაგროვების მაქსიმალურ ზღვარზეა. ასე კი შესანიშნავ ლაბორატორიას წარმოადგენს იმის შესასწავლად, თუ როგორ იზრდება და ვითარდება შავი ხვრელი „სასწორის უკიდურეს ნაწილში“.
აქ მთავარი ის არის, რომ მეცნიერებმა არ იციან, საერთოდ როგორ ჩამოყალიბდა შავი ხვრელები… თუ ვარაუდობენ, რომ უფრო პატარა შავი ხვრელები მასიური ვარსკვლავების ბირთვების აფეთქების შედეგად წარმოიქმნა ან თუ ფიქრობენ, რომ ისინი სხვა ვარსკვლავური მასის შავ ხვრელებთან შეჯახების შედეგად შეიძლება გაიზარდოს, სუპერმასიური ხვრელებისთვის ეს თეორიები არ გამოდგება. თუნდაც იმიტომ, რომ საკმაოდ დიდია მსგავსი ფორმირების პროცესისთვის, თანაც სამყაროს ადრეულ ეტაპზე. მართალია, სხვა თეორიებიც არსებობს, მაგრამ სუპერმასიური შავი ხვრელების საიდუმლოს ამოხსნაში სწორედ მათ ზრდაზე დაკვირვება დაეხმარება მეცნიერებს, J0529-4351 კი შესანიშნავი ვარიანტია.
ამ შავი ხვრელის გრავიტაცია და ინტენსიური ხახუნის პროცესი მასალის გაცხელებას იწვევს ტრილიონ გრადუსამდე, რის გამოც კოსმოსში შუქის მსგავსად ანათებს. ასტრონომებს შეუძლიათ, ეს სინათლე შეისწავლონ და განაცალკეონ მისგან ისე, რომ თავად შავი ხვრელის მახასიათებლების გაგება შეძლონ.
გიგანტური შავი ხვრელის მქონე კვაზარს Cosmic Noon-ში მიაგნეს, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 1.5 მილიარდი წლის შემდეგ. ეს კი სამყაროს ისტორიის ძალიან ადრეული პერიოდია, მისმა შუქმა 12 მილიარდი წელი იმოგზაურა, ჩვენამდე რომ მოეღწია… ხოლო იმ სიჩქარემ, რომლითაც შავი ხვრელი მასალებს მოიხმარს, შესაძლოა, მის კოლოსალურ ზომასაც მოჰფინოს ნათელი. გუნდის გამოთვლით, ამ შავი ხვრელის გაზრდის სიჩქარე წელიწადში დაახლოებით 370 მზის მასაა. ეს კი იმაზე ცოტაა, ვიდრე მზის მასის მაჩვენებლები…
თავად მასა კი ძალიან ახლოსაა ედინგტონის ლიმიტთან, რაც მაქსიმალურ სიჩქარეს ასახავს, რომლითაც შავ ხვრელს შეუძლია იკვებოს. ამ ტემპით მატერია იმდენად ძლიერად იწყებს ნათებას, რომ რადიაციის წნევა მასალას შავი ხვრელის ირგვლივ ანადგურებს მანამ, სანამ გრავიტაციას არ მიაღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ შავი ხვრელი, რომელიც J0529-4351-ს აძლიერებს, რაც შეუძლია სწრაფად იზრდება… ბევრი კვაზარიც მასპინძლობს შავ ხვრელს ედინგტონის ლიმიტთან ახლოს, მაგრამ მათ შორის J0529-4351 გამორჩეულია, ყველაზე კაშკაშა და სუპერმასიური შავი ხვრელია, რომელიც მეცნიერებს ამ დრომდე უნახავთ.
დაბოლოს, რადგან ობიექტის მსგავსი ექსტრემალური მაგალითი საკმაოდ იშვიათია, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველაზე „მშიერი“ შავი ხვრელის აღმოჩენით ბევრ საიდუმლოს მოჰფენენ ნათელს…