in

მსოფლიოში ყველაზე პატარა მიკროკონტროლერი შექმნეს

თუ Texas Instruments-ს (TI) დავუჯერებთ, მსოფლიოში ყველაზე პატარა მიკროკონტროლერი შექმნა — MSPM0C1104 მხოლოდ 1.38 მმ²-ია, უკეთ რომ წარმოიდგინოთ, დაახლოებით შავი პილპილის ფანტელის ზომისაა… ულტრაკომპაქტური ჩიპი იმგვარი მოწყობილობების მხარდაჭერას გვპირდება, რომლებშიც სივრცისა თუ ენერგიის მოხმარება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, მათ შორის ხვდება სამედიცინო ტანსაცმელი, ჭკვიანი სენსორები და პერსონალური მოწყობილობები.

თუმცა, არ გეგონოთ, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა მიკროკონტროლერად წოდებული მოწყობილობა ფუნქციონალის ხარჯზე ამცირებს ზომას. აქ საქმე სულ სხვაგვარადაა — 24 MHz Arm Cortex-M0+ პროცესორი, 16 KB ფლეშ მეხსიერება, 1 KB SRAM და 12-ბიტიანი ADC აქვს სამი არხით. ამასთან, მხარს უჭერს ისეთ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო პროტოკოლებს, როგორებიცაა UART, SPI და I2C. ასე კი იდეალური ვარიანტი ხდება ინჟინრებისთვის, რომლებსაც კომპაქტური, მაგრამ, ამასთან, ძლიერი მოწყობილობების შექმნა სურთ. 

ენერგოეფექტურიცაა: აქტიური მუშაობისას 87 μA/MHz-ს მოიხმარს, სხვა შემთხვევაში კი 5 მიკროამპერს. ამის გათვალისწინებით, იდეალურია იმ გარემოებებისთვის, რომლებშიც ბატარეაზე მომუშავე აპლიკაციები სჭირდებათ. ამასთან, ჩიპი -40°C-დან 125°C-მდე ტემპერატურაზე მუშაობს, რითაც მრავალნაირი გარემოსთვის გამოსადეგი ხდება.

დებიუტი Embedded World 2025-ის კონფერენციაზე შედგა და MSPM0-ს ოჯახის ახალ წევრად მოგვევლინა, რომლის მიზანს, თავის მხრივ, ხელმისაწვდომი მიკროკონტროლერების 38%-ით შემცირება წარმოადგენს. 

რაც შეეხება ფასს, 1000 ერთეულის შეკვეთის შემთხვევაში 0.16 დოლარია — მსგავსი კონკურენტული თანხით კი მიზნად ისახავს, მისი დამკვიდრება ინდუსტრიების ფართო სპექტრში წაახალისოს, დაწყებული სამომხმარებლო ელექტრონიკით და დამთავრებული ინდუსტრიული ავტომატიზაციით.

მალე Google Assistant-ს Gemini ჩაანაცვლებს

განახლებული Profy – სახლის მოვლის სერვისები ერთ აპლიკაციაში