„ვარდები წითელია, იასამნები კი ლურჯი“… თუმცა ამ ორ ფერს შორის მილიონობით ელფერია. მაგრამ სტატისტიკურად, რომელია ამ ფერებიდან ყველაზე პოპულარული მთელ მსოფლიოში?
როგორც აღმოჩნდა, კაცობრიობის საყვარელი ფერი ცვალებადია. კვლევის თანახმად, 2015 წელს ყველაზე პოპულარული ფერი ლურჯი იყო. ხოლო 2017 წლის კვლევით, სადაც 100 ქვეყანაში მცხოვრები 30 000 ადამიანი გამოკითხეს, დადგინდა, რომ ზურმუხტის ფერი ყველაზე პოპულარულია. პასუხები წლის, კვლევის მეთოდისა თუ გამოკითხულ მოსახლეობათა მიხედვითაც იცვლებოდა.
თანაც, ფერთა აღქმაზე დიდი გავლენა კულტურას აქვს. ადამიანებს სწორედ ის ფერები მოსწონთ, რომლებიც მათ კულტურაშია გავრცელებული. თუმცა ამაზე ცხოვრებისეული გამოცდილება და სოციალიზაციის დონეც ზემოქმედებს. მაგალითად, თანამედროვე დასავლურ კულტურაში ლურჯი ფერი ბიჭთან არის დაკავშირებული, ხოლო ვარდისფერი გოგოს უკავშირდება.
ადრეულმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მამაკაცები უფრო მეტად ლურჯ ფერს ირჩევდნენ, ქალები კი წითლის, იასამნისფრისა და ვარდისფრისკენ იხრებოდნენ. ხოლო გენდერული დაყოფა იმ ოჯახებში უფრო ძლიერი იყო, რომელთაც მხოლოდ ვაჟები ან მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდათ… თუმცა თანასწორუფლებიან საზოგადოებებში ფერთა პრეფერენციები მამაკაცებსა და ქალებს შორის იდენტური იყო.
1970-იანი წლების ბოლოს მკვლევრებმა World Color Survey-სთან ერთად ფერების ტერმინების ფართო კვლევა მსოფლიოს 110 დაუწერელ ენაზე ჩაატარეს. მიზანი 1940 წელს ამერიკელი ენათმეცნიერის ბენჯამინ ლი უორფის ჰიპოთეზის დადასტურება იყო, რომლის მიხედვითაც „ჩვენ ბუნებას მშობლიური ენის მიხედვით შევისწავლით, ენა უბრალოდ გამოცდილების გადაცემის მოწყობილობა არ არის, თუმცა იგი მისი განმსაზღვრელი ჩარჩოა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენა რეალობის აღქმას აყალიბებს. თუმცა ეს ის არ არის, რაც კვლევისას აღმოაჩინეს…
დადგინდა, რომ კულტურის მიუხედავად, ადამიანები ფერებს მსგავსად ურჩევდნენ სახელებს. დიახ, ზღვისფერს როგორც ამერიკელები, ისე თურქები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები „ლურჯს“ ან მასთან ძალიან მიახლოებულ სიტყვას უწოდებდნენ. ასე ხდებოდა სხვა ძირითადი ფერების შემთხვევაშიც, იქნებოდა ეს წითელი, ყვითელი თუ მწვანე.