ამ წლის დასაწყისში Dutch Drone Gods-მა და Red Bull-მა 350 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით „მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დრონი“ გაგვაცნეს. ეს სტატუსი მშვენივრად შეინარჩუნეს რამდენიმე თვის მანძილზე მანამ, სანამ იუთუბერი ლუკ მაქსიმო ბელი მათ გამოწვევას გადაწყვეტდა — 3D ბეჭდვის ტექნიკით შექმნა დრონი, რომელიც 500 კმ/სთ სიჩქარით თითქმის ორჯერ უფრო სწრაფია. ამგვარად, ახალი რეკორდიც დაამყარა და ამ ფაქტს უკვე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნიც ადასტურებს.
ბელის დიზაინი მისი ერთ-ერთი ძველი დრონის Peregreen-ის განვითარებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელსაც 400 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო. თუ დააკვირდებით, ეს სულაც არ ჰგავს ფორმით იმ დრონებს, რომლებსაც აქამდე ვიცნობდით, რაკეტის მსგავსია, ძირში პროპელერებით, რაც მას ფრენის განსაკუთრებულ უნარებს ანიჭებს.
ამგვარად, Peregreen 2-ის წარმატება მის დიზაინსა და მაღალი ხარისხის მასალებს უნდა დავაბრალოთ — მას უფრო დიდი ძრავები, პროპელერები და ბატარეები დაამაგრეს, რომელიც მართალია, თავდპირველად გადახურდა იმის გამო, რომ ძრავის მავთულები საკმარისად სქელი არ იყო, მაგრამ ეს პრობლემა მალევე მოაგვარეს.
ქვემოთ მოცემული ვიდეო ბელის მთლიან მოგზაურობაზე გვიყვება, დაწყებული პროტოტიპიდან, დამთავრებული მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დრონის შექმნით:
დაბოლოს, საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიო რეკორდის დამყარების გარდა, Peregreen 2 კინემატოგრაფიული კადრების გადაღებაზეც იყო ორიენტირებული. ამაში კი Insta360 Go 3-ს კამერა დაიხმარეს… ტესტირებებმაც წარმატებით ჩაიარა და დაგვიმტკიცა, რომ აღნიშნულ დრონს გამოყენების მრავალმხრივი პოტენციალი აქვს.