თეთრი ფერი მინიმალისტური დიზაინის განუყოფელ ნაწილად წარმოგვიდგენია, ზაფხულში მეტად გრილ ფერადაც აღვიქვამთ, რომელიც თითქოს გაგრილებაში გვეხმარება, მაგრამ რას ფიქრობთ იმ იდეაზე, რომლითაც თეთრ საღებავს სამყაროს გადარჩენა შეუძლია? — მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე თეთრი საღებავი შექმნეს, რომელსაც გაგრილება ახალი ფორმულით 0.15-მილიმეტრიანი ფენით შეუძლიათ. ეს სითხელე და სიმსუბუქე კი გაგრილების ეფექტის გამოყენების საშუალებას გვაძლევს როგორც შენობებზე, ისე მატარებლებზე, მანქანებსა და თვითმფრინავებზე.
ულტრა თეთრი მასალა იმდენად თეთრია, რომ მზის სხივებისა და მისი სითბოს არეკვლა შეუძლია, რაც ზედაპირს გრილად დარჩენის საშუალებას აძლევს. მოცემულ შემთხვევაში საღებავი 98.1%-ით ირეკლავს სინათლეს, რითაც ზედაპირის ტემპერატურას 7.8 გრადუსით ამცირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობა ნაკლებად შთანთქავს სითბოს და ცხელ ზაფხულში ენერგიისა თუ ფულის დაზოგვაშიც დაგვეხმარება.
დედამიწაზე ყველაზე თეთრ საღებავს კიდევ ერთი ეფექტი აქვს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ჩვენი პლანეტის გადარჩენაში დაგვეხმარება. იმის გამო, რომ მზის სითბოს ირეკლავს იმ სათბურის ეფექტის ჩანაცვლება შეუძლია, რომელიც პლანეტას ათბობს…
ყველაზე თეთრი საღებავის სუპერ არეკვლის თვისებას კი ბარიუმის სულფატს უნდა ვუმადლოდეთ, ქიმიურ ნაერთს, რომელიც კოსმეტიკაშიც გამოიყენება — იმის გამო, რომ არეკლილ სინათლეს ფანტავს, არც არავის აბრმავებს და ამ სრულიად თეთრი მშვენიერების ნახვის შესაძლებლობას გვაძლევს. როგორც ამბობენ, ინოვაციური საღებავით უკვე ბევრი კომპანია დაინტერესდა, რომელთაც ფულის დაზოგვა და გრძელვადიან პერსპექტივაში სამყაროზე ზრუნვა აქვთ მიზნად დასახული.