ევროკავშირის Copernicus Climate Change Service-ის ოფიციალური დეკლარაციის თანახმად, 2024 წელი მსოფლიოში ყველაზე ცხელ პერიოდად დასახელდა და პირველ კალენდარულ წლად, რა დროსაც გლობალურმა ტემპერატურამ 1.5 გრადუსს გადააჭარბა! ამის პარალელურად ლოს-ანჯელესში ხანძარი გრძელდება და, თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, აღნიშნულში კლიმატის ცვლილება დიდ როლს თამაშობს…
რეკორდული ტემპერატურა კაცობრიობის უწყვეტი სათბურის ემისიების ბრალია, რასაც წიაღისეული საწვავის მოხმარება იწვევს. დათბობა კი არ შეჩერდება მანამ, სანამ ნულოვანი ემისიების ნიშნულამდე არ მივაღწევთ, თანაც ახლა მდგომარეობა მეტად სავალალოა:
აღსანიშნავია, რომ Copernicus-ის კვლევა ესადაგება სხვა გლობალური ტემპერატურის წამყვან მონაცემთა ბაზებს და გვეუბნება, რომ 2024 წელი ყველაზე ცხელია 1850 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც ჩანაწერების გაკეთება დაიწყეს. Copernicus-მა ასევე აღმოაჩინა, რომ ბოლო ათწლეულის ყოველი წელი რეკორდული იყო…
და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პარიზის შეთანხმება ჩაიშალა?
პარიზის საერთაშორისო ხელშეკრულება გლობალური დათბობის 1.5-გრადუსიან პრეინდუსტრიულ დონემდე შეზღუდვას მოიცავს. შესაბამისად, თუ 2024 წელი პრეინდუსტრიულ დონეს თითქმის 1.6 გრადუსით აღემატება, გამოდის, მსოფლიო დასახულ მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ შეიძლება ეს დროებითიც იყოს… მიუხედავად არსებული მოსაზრებისა, 2024 წლის სტატისტიკა ამის თქმის საფუძველს არ გვაძლევს — გვეუბნება, რომ კაცობრიობა მაჩვენებლის შენარჩუნებას 2 გრადუსამდეც ვერ შეძლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ 1.5 გრადუსზე.
აქ კი ჩვენ ერთი რამ უნდა გავიაზროთ კარგად: სათბურის ემისიების რაოდენობა პირდაპირ გულისხმობს გლობალური ტემპერატურის მატებას. ამგვარად, რაც უფრო მალე მოვაგვარებთ ამ საკითხს, მით უფრო სწრაფად გადაიჭრება გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემები.
თუმცა ამბობენ, რომ ეს წელი ისეთივე ცხელი არ იქნება, როგორც 2024, რადგან El Niño-მ უკვე ჩაიარა… მიუხედავად ამისა, დედამიწა სულ მცირე შემდგომ ათწლეულში რეკორდულ გლობალურ ტემპერატურებს შემოგვთავაზებს.