in

ყველი აბედნიერებს! — კვლევა

გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ კარგი მენტალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები უფრო დიდხანს და ჯანსაღად ცხოვრობენ. ეს, ალბათ, თავადაც ბევრჯერ გსმენიათ, მაგრამ აღნიშნული კვლევით ახალს იმას გვეუბნებიან, რომ უფრო მეტი ყველის ჭამა დიდ როლს თამაშობს ამაში. მარტივად რომ ვთქვათ, ყველი აბედნიერებს…

M2
M2

თუმცა ჩინელ მკვლევრებს მილიონობით ევროპელის გენი მხოლოდ იმის სანახავად არ გამოუკვლევიათ, რომ ეს ეთქვათ, უბრალოდ ისე გამოვიდა, რომ მიღებულ შედეგებში ამან ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო. არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მშვენივრად ჟღერს იდეა, რომელიც გვეუბნება, რომ უფრო დიდხანს და ჯანსაღად ცხოვრებისთვის უბრალოდ მეტი ყველის მიღებაა საჭირო. მართალია, იმ ადამიანების წინაშე სხვა რეალობა იქნება, რომელთაც ყველი არ უყვართ, მაგრამ ახლა მოდით, ისეთ რაღაცებზე ვისაუბროთ, რაც მათ აზრებს შეაცვლებინებს. 

ევროპის 8 განსხვავებული პოპულაციის მონაცემთა ბაზიდან, რომელთაგანაც თითოეული 38 000-დან 2.4 მილიონ ინდივიდამდე მოიცავს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს პოტენციური მტკიცებულება იმისა, რომ უკეთესი მენტალური ჯანმრთელობა, რაც ცხოვრებით კმაყოფილებით, განწყობით, ნევროტიზმითა და დეპრესიული სიმპტომებით იზომება, უფრო დიდხანს და ჯანსაღად ცხოვრებაში გვეხმარება. 

33 ინდივიდში უფრო ახლოდან დააკვირდნენ იმ ფაქტორებს, რომლებიც მენტალურ კეთილდღეობასა და ჯანსაღად დაბერებას შორის არსებობდა, მათ შორის ცხოვრების სტილს, ინდივიდუალურ ქმედებებსა და დაავადებებს. სწორედ აქ იკვეთება ყველის როლიც — 33 ინდივიდიდან იმას, ვინც უფრო მეტ ყველსა და ხილს ჭამდა, უკეთესი მენტალური ჯანმრთელობის ქულები ჰქონდა. მეტიც, ყველის ჭამამ 3.67%-ით მეტი პოზიტიური გავლენა გამოავლინა თვითშეფასებულ სიჯანსაღესა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

საინტერესოა, რომ სიგარეტის მოწევას 4.56%-ით ნეგატიური გავლენა ჰქონდა დაბერების პროცესზე, ხოლო ხილის ჭამას 1.96% დადებითი გავლენა. ამასთან, აღმოაჩინეს, რომ ტელევიზორის ყურება უარყოფითად ზემოქმედებდა დაბერების პროცესზე, პროცენტული მაჩვენებელი კი აქ 7.39-ს უდრის. 

მართალია, ცხიმიანი საკვების უმეტესობა უარყოფითი გავლენის მქონედ მიიჩნევა ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ კვლევების თანახმად, ზომიერი მოხმარება ამცირებს კიდეც ქოლესტერინის დონეს და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკებს. აქვეა კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ნაყინი ცუდ მენტალურ ჯანმრთელობას უკავშირდება, მაგრამ ყველის ზოგიერთ სახეობას, შესაძლოა, დაბალანსებულად მიღებისას განსხვავებული გავლენა ჰქონდეს. 

იაპონიაში ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგებიც უნდა გაგაცნოთ, რომელიც ამბობს, რომ ყველის ჭარბად მოხმარება უკეთეს კოგნიტიურ ფუნქციებს უკავშირდება. სხვებიც ამბობენ, რომ ყველი ტვინს დოფამინის გამომუშავებაში ეხმარება, რასაც სიამოვნებამდე მივყავართ. 

დაბოლოს, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაკავშირება კომპლექსური საქმეა და არცერთ კვლევას შეუძლია ყველა ცვლადის გათვალისწინება… თუმცა, ამის ფონზე, მკვლევრები მაინც ამტკიცებენ, რომ მათი კვლევა ამომწურავია, სულ მცირე ევროპული წარმოშობის მქონე ადამიანებისთვის.

გოსპელი, პრინცი და 11 გრემი – ფილიპ ლასიტერი “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე” დაუკრავს

CLAAS 500 000 კომბაინის წარმოებას აღნიშნავს