უნდა გაგაფრთხილოთ: თუ გრაფიკოსდიზაინერი ხართ, შეიძლება აქამდე არ ღელავდით სამუშაოს თაობაზე, მაგრამ ბოლოდროინდელი კვლევები პირდაპირ გვეუბნება, რომ დავიწყოთ ამაზე ფიქრი. ამის მიზეზია World Economic Forum-ის უკანასკნელი მოხსენება, რომელმაც ხსენებული პროფესიის შესახებ ახალი დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა.
ჯერ ცუდი ამბავი
2025 წლის ანგარიშში მან გამოიკვლია 1000 დამსაქმებელი, რომლებიც წარმოადგენენ 14 მილიონზე მეტ მუშაკს 55 ქვეყანაში და დაადგინა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გრაფიკოსდიზაინერის პოზიცია მე-11 ადგილზეა ყველაზე სწრაფად კლებად სამუშაო კატეგორიაში.
რა არის ამის მიზეზი? დიახ, სწორად იეჭვეთ, ეს ხელოვნური ინტელექტია, რომელიც სულ უფრო ვითარდება და უკეთ ასრულებს კრეატიულ ამოცანებს, ისეთებს, რომლებსაც, ტრადიციულად, ადამიანი აკეთებდა.
გამაფრთხილებელი სიგნალები ვრცელდება WEF ანგარიშის მიღმაც. მაგალითად, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა ცოტა ხნის წინ დაწერა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე), რომ მალე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც მხოლოდ ძალიან ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ. მან ისიც დასძინა, რომ რაც შთამბეჭდავია ფართო საზოგადოებისთვის, ინდივიდუალური პირებისთვის სასარგებლო ყოველთვის არ არის.
ამაზე თანხმდებიან როგორც ბიზნესლიდერები, ისე თავად AI ინდუსტრია – ხელოვნური ინტელექტი შეითავსებს თქვენს სამუშაოს და ამისგან არა მარტო გრაფიკოსები, არავინ ვართ დაცული.
ახლა კი კარგი ამბავი
WEF-ის ანგარიშის ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკული დიზაინის ტრადიციული როლები შეიძლება შემცირდეს, დიზაინის უფრო ფართო პერსპექტივა გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებით. თავის მხრივ, UI და UX დიზაინი მერვე ადგილზეა, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი სამუშაო კატეგორია.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრაფიკული დიზაინი არ არის მხოლოდ „ფოტოშოპის” გამოყენება. ეს არის შემოქმედებითი აზროვნების უნარების გამოყენება რეალურ სამყაროში არსებულ პრობლემებზე. შესაბამისად, ადამიანის გონება და შრომა მაინც წინ დგას. მეტიც, დამსაქმებლები ხელოვნური ინტელექტის კრეატივს ძალიან დაბალი ქულით აფასებენ.
კვლევა მარტო დიზაინერებს არ აშინებს
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თემა მხოლოდ დიზაინერებს არ ეხება. WEF-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის დამსაქმებლები ელიან თანაბარ გადანაწილებას ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებულ ამოცანებს შორის.
ეს მონაცემები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგადად დასაქმებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელთა 47% გეგმავს თანამშრომლების გადაყვანას სხვა თანამდებობებზე, 41% თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან ერთად მაინც შემცირდება მათი სამუშაო ძალა.
და მაინც რა უნდა ვქნათ სამსახურის შესანარჩუნებლად
World Economic Forum-ის მოხსენება დიზაინერებს რამდენიმე რეკომენდაციასაც აძლევს სამუშაოს შესანარჩუნებლად:
- გამომდინარე იქიდან, რომ UI/UX დიზაინს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, გრაფიკოსებს ურჩევენ, პროფესიონალურად შეისწავლონ ეს სფერო და გახდნენ მოთხოვნადი;
- მეორე რჩევაა ფოკუსირება შემოქმედებითი აზროვნების უნარების გაძლიერებაზე;
- ინვესტიცია ჩადეთ AI ინსტრუმენტების შესწავლაში
- იფიქრეთ ახალი სპეციალობის შეძენაზე ისეთ სფეროებში, სადაც ადამიანის გამჭრიახობა და კრეატიულობა აუცილებელია.
მთლიანობაში, გრაფიკული დიზაინის მომავალი ტრანსფორმაციას ექვემდებარება და მისი სრულად აღმოფხვრა არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული პოზიციები შეიძლება შემცირებაში მოჰყვეს, ახალი შესაძლებლობები ჩნდება დიზაინის, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის კვეთაზე.