მარკეტინგის გუნდებში ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ სამუშაო პროცესებს კი არ ცვლის, კარიერული განვითარების ტრადიციულ გზასაც გარდაქმნის. Gartner-ის ახალი კვლევის მიხედვით, 2030 წლისთვის მარკეტინგული გუნდების უმრავლესობას, შესაძლოა, ტრადიციული დამწყები პოზიციები საერთოდ აღარ დასჭირდეს.
თუმცა მკვლევრები კომპანიებს აფრთხილებენ: დაბალი რგოლის სამუშაოების ავტომატიზაცია არ უნდა ნიშნავდეს ახალგაზრდა კადრებისთვის კარიერული გზის ჩაკეტვას. პირიქით, CMO-ებმა (Chief Marketing Officer) უნდა იფიქრონ, როგორ მისცენ დამწყებ მარკეტერებს უფრო მაღალი ღირებულების ამოცანებზე მუშაობის შესაძლებლობა კარიერის ადრეულ ეტაპზევე.
მარკეტინგში საწყისი პოზიციები იცვლება
გამოკითხული მარკეტინგის ლიდერების 18%-მა ორგანიზაციაში გარკვეული ფუნქციები AI-ს გამო უკვე გააუქმა. ამასთან, 16%-მა ახალი პოზიციები შექმნა, თითქმის მესამედმა კი არსებული ფუნქციები გადააწყო. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ კვლევაში მარკეტინგის 1,303 უფროსი რგოლის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.
AI-ს განვითარებასთან ერთად ბევრი რუტინული და მარტივი დონის ამოცანა ავტომატიზდება. ამის ფონზე, დამწყები თანამშრომლებისგან მხოლოდ დავალებების შესრულების ნაცვლად უფრო ანალიტიკური და სტრატეგიული ჩართულობა გახდება საჭირო.
მაგალითად, მათ შეიძლება დაევალოთ AI-ს მიერ შექმნილი შედეგების შეფასება, მიღებული მონაცემებიდან ახალი ინსაითების აღმოჩენა და რეკომენდაციების კონკრეტულ ბიზნესშედეგებთან დაკავშირება.
რა უნარები დასჭირდებათ მომავალ მარკეტერებს
Gartner-ის რეკომენდაციით, კომპანიებმა კანდიდატების შეფასების კრიტერიუმებიც უნდა შეცვალონ. მნიშვნელოვანი აღარ იქნება მხოლოდ დავალების პირნათლად შესრულება, ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, როგორ მუშაობს AI-სთან, რამდენად კრიტიკულად აფასებს მის შედეგებს და შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.
ეს იმას ნიშნავს, რომ დამწყები მარკეტერების კარიერული განვითარება შეიძლება უფრო ადრე გადავიდეს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამუშაოებზე. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი იქნება მენტორობა და ქოუჩინგი, რათა ახალგაზრდა თანამშრომლებმა საჭირო გამოცდილება უფრო სწრაფად დააგროვონ.
AI-ს ზედმეტმა გამოყენებამ შეიძლება ადამიანური უნარებიც დაასუსტოს
ბოლო წლებში კომპანიები თანამშრომლებს აქტიურად მოუწოდებენ, AI-ს გამოყენება სწრაფად ისწავლონ, თუმცა სულ უფრო ხშირად ჩნდება შიში, რომ ტექნოლოგიაზე ზედმეტი დამოკიდებულება ადამიანურ უნარებს ასუსტებს.
ამიტომ AI-ს ეპოქაში მარკეტინგის გუნდების ამოცანა მხოლოდ ტექნოლოგიის მაქსიმალურად გამოყენება აღარ არის. კომპანიებს მოუწევთ იპოვონ ბალანსი ავტომატიზაციასა და იმ უნარებს შორის, რომელთა განვითარებასაც მხოლოდ გამოცდილება, კრიტიკული აზროვნება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება უზრუნველყოფს.
Gartner-ის ხედვით, სწორედ ამ მიმართულებით უნდა შეიცვალოს CMO-ების მიდგომაც – მათ მომავალი მარკეტერების განვითარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.












