in

კვლევა მარკეტერებისთვის – მიგნებები ციფრული პრეზენტაბელურობის გასაზრდელად

ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის თანამშრომლობა სწრაფ განვითარებას აგრძელებს და ციფრული არხები სულ უფრო მეტად თამაშობს ცენტრალურ როლს. 2024 State of Marketing to Engineers Report-ის მიხედვით, გამოქვეყნდა ახალი მიდგომები, რომლებიც დაეხმარება მარკეტერებს სპეციალიზებულ აუდიტორიამდე ეფექტურად მიღწევაში.

ყიდვის პროცესში ონლაინძიება დომინირებს

კვლევა აჩვენებს, რომ თანამედროვე მყიდველები უმეტესად ონლაინ ეძებენ სასურველ პროდუქტებს და მეტიც, ონლაინვე სურთ ნაპოვნი ნივთის შეძენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესმა მაქსიმალურად უნდა გააძლიეროს თავისი ციფრული პრეზენტაბელურობა. კომპანიის მარკეტერებმა უნდა უზრუნველყონ ვებსაიტების ოპტიმიზირება პროდუქტის დეტალური აღწერით, ტექნიკური მახასიათებლებითა და საგანმანათლებლო შინაარსით, რათა დაეხმარონ მომხმარებელს და თვითონაც მოგებულნი დარჩნენ.

კონტენტი განსხვავდება შესყიდვის ტიპის მიხედვით

კონტენტი, რომელსაც ბიზნესი განათავსებს იმის მიხედვით უნდა განსხვავდებოდეს, თუ რა საჭიროებების პროდუქტს ყიდის იგი. მაგალითად, ტექნიკის ინდუსტრიამ უნდა აჩვენოს მიმოხილვები, სატესტო ვიდეოები და დემოები. მარკეტერებმა უნდა მოარგონ თავიანთი კონტენტსტრატეგია იმ პროდუქტსა და სფეროს, სადაც ისინი მუშაობენ, შექმნან მრავალფეროვანი აქტივები და შეისწავლონ შესყიდვის პროცესის სხვადასხვა ეტაპი თუ გადაწყვეტილება, რომელსაც მომხმარებელი რაღაც მიზეზით იღებს. ეს უკანასკნელი მარკეტერებმა უნდა დაადგინონ.

ვიდეოები და პოდკასტები

კვლევის მიხედვით, მყიდველების 97% უყურებს ისეთ ვიდეოებს, რომლებიც პროდუქტის შესაძლებლობებს უჩვენებს და დაკავშირებულია მის ინტერესებთან, სამსახურთან და სხვა. აგრეთვე, მომხმარებელთა 90% უსმენს ამ შინაარსის პოდკასტებს. ეს მარკეტერებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ მოახდინონ კონტენტის ფორმატის დივერსიფიკაცია. მარკეტერებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება არსებითი ტექნიკური ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებაზე და თავიდან უნდა აიცილონ ხანგრძლივი შესავალი ან შეუსაბამო კონტენტი.

სოციალური მედია

მარკეტერებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ისეთ პლატფორმებს, სადაც შეძლებენ თავიანთი პროდუქტი მორგებულად ჩასვან. მათ, ასევე, უნდა გაითვალისწინონ თითოეული არხის სპეციფიკა, მომხმარებელთა მოლოდინი და ნორმები. მაგალითად, ტექნიკური პროდუქციის მყიდველებისთვის უფრო ახლოს არის ისეთი სოცმედია არხები, როგორებიცაა: YouTube, LinkedIn და GitHub.

ღონისძიებების გამოყენება მომხმარებლის ინტერესების გასარკვევად

მარკეტერებმა უნდა გადახედონ, ვინ რომელ ღონისძიებას ესწრება და რა სიხშირით. ფეისბუკზე საჯაროდ განთავსებული ღონისძიებები ამის საშუალებას იძლევა. სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანები ესწრებიან წელიწადში მინიმუმ ერთ ინდუსტრიულ ღონისძიებას მაინც. ეს კი ეხმარება მარკეტერებს, აწარმოონ ინტეგრირებული კამპანიები, რომლებიც ონლაინ და ოფლაინგამოცდილებას ერთმანეთთან დააკავშირებს.

AI-ს გამოყენება

კვლევა მიუთითებს AI ინსტრუმენტების მზარდ გამოყენებაზე, განსაკუთრებით, ტექნიკური პროდუქტების მყიდველებს შორის. 63% რეგულარულად იყენებს AI-ს სამუშაოდ. მარკეტერები, რომლებიც ექსპერიმენტებს აწარმოებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტით, ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა უზრუნველყონ გამჭვირვალობა და ფოკუსირება მოახდინონ სანდო, გადამოწმებადი ინფორმაციის მიწოდებაზე.

კვლევა, რომელიც მიმოვიხილეთ, ასახავს ტექნოლოგიებში გარკვეული, ციფრულად ორიენტირებული აუდიტორიის სურათს. შესაბამისად, მარკეტერებისთვის წარმატება მდგომარეობს ძლიერი ციფრული არსებობის შექმნაში, მრავალფეროვანი და ტექნიკურად მდიდარი კონტენტის განვითარებაში და ონლაინ და ოფლაინარხების სტრატეგიულად გამოყენებაში. ეს ყველაფერი ეხმარება მათ, რომ მომხმარებლის ციფრული მოგზაურობის თანამგზავრნი გახდნენ.

RemBow-ს მიდგომა და ინდივიდუალური ხელწერა ღონისძიების დაგეგმვისას

Nike-მა პარიზის ოლიმპიადისთვის პომპიდუს ცენტრი „აიღო“