in

კვლევა: რამდენი აპლიკაციის გამოყენებას ვასწრებთ, სანამ ვისაუზმებთ?

სანამ დილის პირველი ფინჯანი ყავა გაცივდება, ადამიანების უმეტესობა უკვე რამდენიმე აპლიკაციას იყენებს. მაღვიძარა, ამინდის პროგნოზი, შეტყობინებები, მუსიკა, რუკები, ბანკი, სამსახურის პლატფორმები, AI-ასისტენტი, საკვების მიტანის ან სატრანსპორტო სერვისები…ერთი სიტყვით, თანამედროვე დილა ერთი აპლიკაციით აღარ იწყება.

ამ დასკვნამდე პლატფორმა “Status Is Down” მივიდა, რომელმაც 2024 წლის აპრილიდან 2026 წლის ივნისამდე დაფიქსირებული 19 000 სერვისი გააანალიზა. მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 30% სწორედ დილის საათებში (05:00-დან 12:00 საათამდე) ფიქსირდება, რაც აჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ციფრულ სერვისებს დღის დასაწყისში.

ადამიანები ყველაზე ხშირად საკომუნიკაციო პლატფორმებს ამოწმებენ. Instagram, WhatsApp, Discord, Facebook, LinkedIn, TikTok, Reddit და სხვა სოციალური ქსელები დღეს მხოლოდ გასართობი აღარ არის, მათი საშუალებით ადამიანები სამუშაო შეტყობინებებს, ოჯახის წევრების ინფორმაციას, სიახლეებსა და მომხმარებელთა უკუკავშირს იღებენ.

ასეთი სერვისების შეფერხებამ შეიძლება დღის დასაწყისშივე ინფორმაციის დეფიციტი შექმნას.

დილითვე აქტიურდება საბანკო სერვისებიც

კვლევის მიხედვით, მომხმარებლები დილით ხშირად ამოწმებენ ანგარიშს, იღებენ ხელფასს, ახორციელებენ გადარიცხვებს, იხდიან ტრანსპორტის საფასურს ან ყიდულობენ პროდუქტებს სასურსათო მარკეტებში.

საბანკო და გადახდის სისტემების შეფერხება მხოლოდ ეკრანთან გატარებულ დროს არ ანელებს, ხშირად ის დღის პირველ ფინანსურ ოპერაციასაც შეუძლებელს ხდის.

სამუშაო დღე სახლიდან იწყება

ბევრისთვის სამსახური ოფისამდე მისვლამდე იწყება. ადამიანები ამოწმებენ ელფოსტას, გზავნიან ფაილებს, მონაწილეობენ ონლაინშეხვედრებში, ამტკიცებენ დიზაინებს, გეგმავენ პოსტებს ან ასრულებენ სხვა დავალებებს.

AI ყოველდღიური რუტინის ნაწილად იქცა

ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ემატება ხელოვნური ინტელექტის სერვისებიც, რომელიც, მართალია, ჯერ კიდევ შედარებით მცირე წილს – 2,8%-ს იკავებს, თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორიაა.

მომხმარებლები ChatGPT-ს, Claude-ს, Gemini-სა და სხვა AI-ინსტრუმენტებს იყენებენ ელფოსტის შესაჯამებლად, პასუხების დასაწერად, მარშრუტის დასაგეგმად, საშინაო დავალების გასაანალიზებლად, ტექსტების გადასამუშავებლად ან იდეების გენერირებისთვის.

მედია, შოპინგი და გადაადგილება

დილის რუტინის ნაწილად რჩება YouTube, Spotify და სხვა სტრიმინგსერვისებიც – ზოგი ახალი ამბების სანახავად, ზოგი პოდკასტების მოსასმენად, ზოგი კი ვარჯიშისთვის.

ამავე დროს, ადამიანები ამოწმებენ ონლაინშეკვეთებს, საკვების მიტანის სერვისებს, მაღაზიებს, გზავნილების სტატუსს, რუკებს, ტრანსპორტსა და საკურიერო მომსახურებას. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად, შესაძლოა, უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს, თუმცა ერთად ისინი დილის განუყოფელ ნაწილს ქმნიან.

თამაშებიც დილის აქტივობების ნაწილია

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრისთვის საღამოს აქტივობასთან ასოცირდება, სტუდენტებისთვის, ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებისთვის, სტრიმერებისა და სხვადასხვა დროის სარტყელში მყოფი მოთამაშეებისთვის თამაშები დილის რუტინის ნაწილიც შეიძლება იყოს.

Status Is Down-ის შეფასებით, საშუალო მომხმარებელი საუზმემდე მინიმუმ შვიდ ძირითად ციფრულ კატეგორიაზეა დამოკიდებული, თუმცა პრაქტიკაში ეს ხშირად 10-20 სხვადასხვა აპლიკაციასა და სერვისს ნიშნავს. 

თანამედროვე დილა ერთი აპლიკაციის გახსნით აღარ იწყება,  ის ათობით ერთმანეთზე დამოკიდებული სერვისის გამართულ მუშაობაზეა დაფუძნებული.

მითები და რეალობა ყავის შესახებ: რას დავუჯეროთ და რას – არა?

სილქნეტი წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონს წარადგენს