2025 წლის 18 თებერვალს, La Gazzetta dello Sport Georgia-სა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი La Gazzetta dello Sport Georgia-სა და SMH Sports-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში La Gazzetta dello Sport Georgia ქართული რაგბის, დიდი 10-ის, ასაკობრივი ნაკრებების, 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებისა თუ უფროსი ბორჯღალოსნების შესახებ დეტალურ და ექსკლუზიურ ინფორმაციას მოგაწვდით. LaGazzetta.ge-ს აუდიტორია გაეცნობა სხვადასხვა რუბრიკასა და ინტერვიუს სარაგბო ოჯახის წარმომადგენლებთან.
La Gazzetta Georgia-ს პლატფორმებზე იხილავთ ვიდეო მედია პროდუქტს, ქართული რაგბის სპორტული მიღწევების, განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ.
მემორანდუმის შესახებ La Gazzetta dello Sport Georgia-სა და SMH Sports-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ ისაუბრეს:
ლაშა მაჭავარიანი: “La Gazzetta dello Sport Georgia სტრატეგიულ თანამშრომლობას აძლიერებს საქართველოს რაგბის კავშირთან. ქართულ სპორტში რაგბი საპატიო ადგილს იკავებს და ძალიან წარმატებულია. გვჯერა, მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება იქნება. ამ სპორტს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, ეს არაერთგზის დაგვიმტკიცებია ძლიერ გუნდებთან გამარჯვებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის მორაგბეები, რომლებიც ტოპ გუნდებში ასპარეზობენ. მნიშვნელოვანია, რომ მორაგბეებს, რომლებიც ახლა იწყებენ თამაშს, ჰქონდეთ ისეთი საერთაშორისო პლატფორმა, როგორიცაა La Gazzetta dello Sport-ი, რათა გაშუქდეს მათი წინსვლა. ახალგაზრდებს დამატებითი მოტივაცია ექნებათ, რადგან მათი წარმატება გულშემატკივრამდე შესაბამისად მივა.
რაგბის კავშირისთვისაც მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი მედია პარტნიორი, როგორიცაა La Gazzetta Georgia, რამდენადაც ჩვენ ვართ პირდაპირ დამაკავშირებელი ხიდი საერთაშორისო გამოცემა La Gazzetta Dello Sport-თან. მოხარულნი ვართ, რომ რაგბის კავშირთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვიწყებთ, ძალიან დიდი მადლობა რაგბის კავშირს და ბატონ იოსებს ინიციატივის მხარდაჭერისთვის. გვაქვს ბევრი გეგმა, რომელსაც გულშემატკივარი ეტაპობრივად გაიგებს.“
იოსებ ტყემალაძე: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ La Gazzetta dello Sport-ი საქართველოშია. დიდი ხანია ვამბობ, რომ ქართულ სპორტს სჭირდება პროფესიონალურად გაშუქება, ისე, როგორც ამას La Gazzetta dello Sport Georgia აწესებს. დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. იცით, რომ საქართველოში, გუნდურ სახეობებში რაგბი ერთ-ერთი საუკეთესოა მიღწევებით. ჩვენმა ნაკრებმა ტიერ 1-ის 3 ქვეყნის (იტალია, უელსი, იაპონია) დამარცხება შეძლო, რეიტინგში უელსს გადაასწრო და არაერთი სხვა წარმატებაც მოიპოვა, – ამ ყველაფერს სათანადო გაშუქება სჭირდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რასაც ეს მემორანდუმი ითვალისწინებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამავე ინტენსივობით გაშუქდეს ასაკობრივი ნაკრებები, დიდი10, შვიდქალა და შვიდკაცა რაგბი. დღევანდელი დღე ზუსტად ამას ემსახურება – დაიწყოს მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც სამომავლოდ გაგრძელდება. მადლობა ბატონ ლაშას, წარმატება ქართულ სპორტსა და ქართულ რაგბის.”
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, მეტი ჩართულობისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობა გულშემატკივრებსა და სარაგბო საზოგადოებას შორის.
მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე იღებს პასუხისმგებლობას, იზრუნოს ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და აუდიტორიის ჩართულობაზე.
La Gazzetta dello Sport Georgia
Georgian Rugby
Lasha Machavariani
[R]