ციფრულმა ეპოქამ ფოტოგრაფიის, მით უფრო სარეკლამო ფოტოგრაფიის როლი ბუნებრივად გაზარდა, იმის გათვალისწინებით, რომ ვიზუალური კომუნიკაციის ეფექტი მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობისა და ინფორმაციის გადაცემის პროცესში მეტად მყარი და შედეგიანია. შესაბამისად, მარკეტოლოგების სტრატეგიულ გეგმაშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ვიზუალურ კონტენტზე ზრუნვამ. სარეკლამო ფოტოგრაფია მოიცავს ფოტოგრაფიის მრავალ ჟანრს და გულისხმობს შემოქმედებით თავისუფლებას პროდუქტის, მომსახურების, ცხოვრების სტილისა და იდეების ვიზუალურ ინტერპრეტირებაში. ძალიან ხშირად, სარეკლამო ფოტოგრაფები არიან ექსპერტები მარკეტინგში, ბიზნეს მენეჯმენტსა და გაყიდვებში. 
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს, საქართველოში ბევრი კარგი ფოტოგრაფია, ვერ ვნახავთ ბევრ სარეკლამო ფოტო სააგენტოს, რომელიც უშუალოდ, ფოტოგრაფიაზე კონცენტრირდება და სპეციფიკურ სარეკლამო პროდუქტებს ქმნის. თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ რეალობას, როდესაც ყველაფერი ციფრულ მედიაში გადადის, კარგი, სწორი ვიზუალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისათვის“, – ავთანდილ გასვიანი, კინო & რეკლამის პროდიუსერი, სარეკლამო ფოტოგრაფი.
სპეციფიკური სარეკლამო პროდუქტების შექმნის მიზნით, ავთანდილ გასვიანმა, მეგობრებთან ერთად დააფუძნა სარეკლამო ფოტო სააგენტო LAAP – ლაპი, ქართულ ბაზარაზე ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად. უფრო დეტალურად, LAAP-ის მომსახურების შესახებ მარკეტერის შეკითხვებს თავად ავტორმა უპასუხა:
M: რა კრიტერიუმებით განსაზღვრეთ LAAP-ის მიზნობრივი აუდიტორია?
ჩვენი სამიზნე აუდიტორია ყველა ბიზნესია, რომელიც პროდუქციას აწარმოებს და ასევე, კვების ობიექტები /ბრენდები. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად კი ციფრულ საკომუნიკაციო სააგენტოებს მოვიაზრებთ.
M: რა მომსახურებას სთავაზობთ კლიენტებს და რომელმა კომპანიებმა ისარგებლეს თქვენი სერვისით?
ჩვენი მომსახურება მარტივად, კატეგორიების მიხედვით დავყავით, რაც უადვილებთ დამკვეთებს გადაწყვეტილების მიღებას. ფოტოები კატეგორიებად გვაქვს დაყოფილი სირთულეების მიხედვით, რომელიც იწყება ყველაზე მარტივი – თეთრი ფონის გადაღებით. ფოტოებს ვიღებთ როგორც ჩვენს სტუდიაში, ასევე ადგილზე, კლიენტის მოთხოვნისა და პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამ პერიოდის მანძილზე გავაკეთეთ ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები ისეთი კომპანიებისათვის, როგორებიცაა: მაკდონალდსი, აგროჰაბი, რესტორანი კახელები, ისთ ფოინთი და სხვა.
M: რა არის, ამ ეტაპზე, თქვენი მთავარი გამოწვევა?
ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ბაზრის განვითარებაა, რადგან დღეს კომპანიების დიდი რაოდენობა არ არის მზად, რელევანტური თანხა გადაიხადოს კარგ ფოტო პროდუქტებში. გვიწევს კომპანიებისათვის ახსნა, თუ რა საჭიროა კარგი ფოტო კონტენტი და რატომ ღირს ეს მომსახურება გარკვეული თანხა. ვფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში ბაზარი განვითარდება და ამაზე მოთხოვნა თავისთავად გაჩნდება.













