7
Dec
2019

“ქუჩაში ორჯერ აღმოვჩნდით, მაგრამ მაინც დავდექით ფეხზე” – ამბავი Labebe-ზე

7 Dec 2019

Startauperi
Startauperi


ის დრო იყო, როდესაც ტაბატაძეების ოჯახს, სულ მალე, ახალი სიცოცხლე უნდა შემატებოდა. ახალშობილის მომლოდინე ლერი ტაბატაძემ, მეუღლესთან ერთად, საბავშვო ოთახის მოსაწყობად, ავეჯის მაღაზიებს მიაკითხა. სასურველი საწოლის, მატრასის, თეთრეულისა და სხვა ნივთების პოვნა გაუძნელდა და როცა მეგობრებს ამ გასაჭირის შესახებ მოუთხრო, გაჩნდა იდეა, ქართულ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქცია შემოეტანათ. ასე დაიბადა “ლაბებე”:

“მოვიძიეთ ქარხანა, რომელსაც ხარისხიანი საწოლების ხელმისაწვდომ ფასებში შეეძლო მოწოდება, შემდგომ მივედით ბავშვთა სამყაროში და შევთავაზეთ მიწოდება. შევთანხმდით პირობებზე და 2 კვირაში ჩვენი არყის მასიური ხისგან დამზადებული, ლაკონური და ძალიან სიმპატიური საწოლები უკვე ბავშვთა სამყაროში იყიდებოდა. რა თქმა უნდა, იგივე საწოლი მივიტანე სახლშიც.”

როგორც ლერი ტაბატაძე გვიყვება, მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდებოდა და ბიზნესიც ვითარდებოდა. მაგრამ შემდეგ, ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა – ბავშვთა სამყარო დაიწვა. დაინაცრა იქ არსებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი, ხოლო, რაც ხანძარს გადაურჩა წყალმა გაანადგურა.

“მაშინ ვიფიქრეთ, რომ ჩვენი საკუთარი მაღაზია გვჭირდებოდა. ბაზარსაც და მომხმარებელსაც სჭირდებოდა. მოვიძიეთ ფართი, გავარემონტეთ, დავამყარეთ კონტაქტები რამოდენიმე ახალ მომწოდებელთან, გავაფართოვეთ არჩევანი…”

თუმცა, ფართი, რომელსაც ქირაობდნენ, გაიყიდა და “ლაბებე” ქუჩაში უკვე მეორედ აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დაიწყეს სულ თავიდან და ამჯერად, თბილისში, ყაზბეგის #25-ში დაიდეს ბინა.

M: როგორია “ლაბებე” დღეს?

დღეს, ბუტიკური სტილის მაღაზიაში, საბავშვო ოთახისთვის განკუთვნილი, 400-მდე დასახელების პროდუქტი გვაქვს წარმოდგენილი. ვეცადეთ შეგვექმნა მყუდრო, სახლის პირობებთნ მიახლოვებული გარემო, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია წარმოიდგინოს თუ როგორ გამოიყურება კონკრეტული საწოლი საბავშვო ოთახში. ჩვენი პარტნიორებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მსგავსი კონცეფციის და დიზაინის მაღაზია არსად არ უნახავთ. ძალიან სასიამოვნოა მათგან ამის მოსმენა, თითოეული მათგანი უზარმაზარი და გამოცდილი კომპანიაა, დაახლოებით 300 მილიონ მომხმარებელს ემსახურებიან, ხშირად უწევთ მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში და ზუსტად იციან, სად რა ხდება.

M: რით გამოირჩევით კონკურენტებისგან?

პირველ რიგში ის, რომ უკომპრომისოები ვართ ხარისხის მიმართ, რადგან საბავშვო პროდუქციაში არ შეიძლება დაუშვა კომპრომისები. უმნიშვნელოვანესია, გამოყენებული მასალების ხარისხი, ბუნებრიობა, უსაფრთხოება. საწოლების უდიდესი ნაწილი მასიური არყის და წიფლის ხისგან არის დამზადებული, დაფარულია უსაფრთხო და ეკოლოგიური ლაქ-საღებავებით. ამასთან, ვცდილობთ, ყველა გემოვნებას მოვერგოთ, თითოეულ კატეგორიაში უდიდესი არჩევანი გვაქვს, იქნება ეს საწოლი, კომოდი, მატრასი, თეთრეული, საკვები სკამი თუ სხვა. ჩვენთან ერთი ვიზიტით მომხმარებელს შეუძლია თავიდან ბოლომდე მოაწყოს საბავშვო ოთახი თავისი გემოვნებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ნებისმიერი გემოვნების დაკმაყოფილება შეგვიძლია.

კიდევ ერთი ფაქტორია ხელმისაწვდომი ფასები. მაგალითად ხის საწოლების ფასები 250 ლარიდან იწყება და 2,000 ლარამდე ადის დიზაინის, შესრულების სირთულის და ფუნქციონალის მიხედვით და ასე პროდუქციის ყველა კატეგორიაში გვაქვს. ვცდილობთ, ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მომხმარებელს მივწვდეთ, ამავე დროს მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ მიუხედვად ფასისა ჩვენთან ეტალონური ხარისხის პროდუქტს შეიძენს.

ისიც ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მომხმარებლის მიმართ. ჩვენ ვზრუნავთ მათზე და მუდმივ მხარდაჭერას ვუწევთ პროდუქტის ექსპლუატაციის სრული პერიოდის განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ ულიმიტო გარანტია გვაქვს და ნებისმიერ პრობლემას ვუგვარებთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ძალიან სწრაფად, მიუხედავად იმის, თუ რით არის ის გამოწვეული, არის ეს ქარხნული წუნი თუ მომხმარებლის ბრალეულობით გამოწვეული ხარვეზი.

M: თქვენ ახსენეთ, რომ თქვენი პროდუქცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. რას გულისხმობთ?

ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახის სპეციალური პროდუქტები, რომლებსაც სამკურნალო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ან ხელს უწყობდეს რაიმე პრობლემის მოგვარებას. უფრო ასე ვიტყოდით, რომ ჩვენთან შეძენილ საწოლებზე, მატრასებზე, თეთრეულზე, ძილი და დასვენება იქნება სრულფასოვანი და სასარგებლო თქვენი პატარის ჯანმრთელობისთვის, რაც კარგი საწინდარია სამომავლოდ ჯანმრთელობის კუთხით პრობლემების თავიდან ასაცილებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

M: თქვენი დაკვირვებით, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, მაგალითად, ბავშვისთვის საწოლის შერჩევისას და რა უნდა გაითვალისწინონ?

ჩვენი დაკვირებით, ძირითადი შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ არის ის, რომ მთელი ყურადღება მხოლოდ საწოლს ექცევა. შეიძლება საწოლის დიზაინში და ფუქნციონალში გადაიხადონ ზედმეტი თანხა და ამავე დროს დაზოგონ საბავშვო მატრასში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია, მატრასი ის პროდუქტია, რომელზეც ბავშვი სიცოცხლის პირველივე დღიდან დროის უდიდეს ნაწილს ატარებს და უშულო შეხებაშია მასთან. მატრასს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია პატარას ხერხემლის და სისხლძარღვთა სისტემის სწორ განვითარებაში. ჯანმრთელი და სრულფასოვანი ძილი ძლიერი ჯანმრთელობის საწინდარია, ამიტომ ვურჩევთ მშობლებს, ძალიან ყურადღებით მიუდგნენ მატრასის შერჩევას, კარგად გაერკვნენ მის ორთოპედიულ და ანატომიურ თვისებებში, გადაამოწმონ, რა მასალებით არის ის დამზადებული, რა წებოა გამოყენებული და ა.შ. ჩვენთან საბავშო მატრასების ყველაზე დიდი არჩევანია წარმოდგენილი საქართველოში. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ კითხვებით, ჩვენ ვეცდებით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცეთ და მოგცეთ სასარგებლო რჩევები.

M: თქვენს საკომუნიკაციო სტრატეგიაზე გვიამბეთ…

ძირითადი არხი, რომელსაც ვიყენებთ მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ არის ჩვენი ფეისბუქ გვერდი. ვცდილობთ, საგანმანათლებლო ვიდეორგოლების საშუალებით, მომხმარებლებს უფრო მეტი მათთვის სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდოთ. არ ვიყენებთ რაიმე სახის აგრესიულ რეკლამას, მაღაზიაც ისე არის განლაგებული, რომ ქუჩის სავალი ნაწილიდან არც ჩანს. ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ კმაყოფილმა მომხარებლებმა ერთმანეთს მოუყვნენ ჩვენი არსებობის შესახებ. ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, მაგრამ ამ ბოლო დროს კარგი ტენდენცია შეიმჩნევა, სულ უფრო გვემატება ისეთი მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც მეგობრების და ახლობლების რჩევით გვაგნებენ, რაც ძალიან გვახარებს. ვფიქრობთ, რომ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, მოვახერხეთ და მოვიპოვეთ მომხმარებლების ნდობა, დავმკვიდრდით, როგორც საქართველოში ყველაზე გამორჩეული, ხარისხზე და მომსახურების მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული საბავშვო ავეჯის, მატრასების, თეთრეულის და აქსესუარების მაღაზია.

M: გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ ხედავთ ამ ბიზნესს?

ვფიქრობთ, რომ როგორც ყველა სხვა ბიზნესი, ესეც ონლაინ პლატფორმაზე გადავა. უცხოეთში ჩვენი კატეგორიის გაყიდვების 90% ონლაინ მაღაზიებზე მოდის. ჩვენც ვემზადებით ამისათვის, უკვე გავუშვით ონლაინ მაღაზია www.labebe.ge მისთვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციონალით, ვგულისხმობ ონლაინ გადახდებს, განვადებას, სხვადასხვა სერვისებს როგორიც არის მიწოდება, აწყობა და სხვა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა