in

სამომხმარებლო განწყობების კვლევა და პოსტპანდემიური პროგნოზები – „ლაბორატორია Z“

უდავოა, რომ პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი შეცვალა, რომ არაფერი ვთქვათ ღირებულებებზე, დამოკიდებულებაზე, ქცევასა და ყოველდღიურ რუტინაზე. სოციალური დისტანცირება და იზოლაციის საჭიროება არაერთი ადამიანისთვის ახალი ჩვევების ჩამოყალიბების წინაპირობად იქცა და „შეუიარაღებელი თვალითაც“ ადვილად შესამჩნევი და სავარაუდოა, რომ ეს გამოცდილება პოსტპანდემიურ პერიოდზე აუცილებლად აისახება. იმის უფრო კონკრეტულად დასადგენად, თუ როგორ და რა სფეროებში უნდა ველოდოთ ცვლილებას, ან უფრო, კვლევაზე დაყდნობილი პროგნოზების მისაღებად, „ლაბორატორია Z-ის“ გუნდმა კვლევა ჩაატარა. აღნიშნული კვლევის მიზანი სამომხმარებლო ქცევის ცვლილებების შესწავლა და პოსტპანდემიურ პერიოდში, გარკვეული სამომხმარებლო პრეფერენციების პროგნოზირება იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ „ლაბორატორია Z“ საქართველოში ფუნქციონირებადი ქცევითი ანალიზის ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიაა. ისინი კოგნიტური და ქცევითი მეცნიერებების ახალ საფეხურზე გადაყვანას ექსპერიმენტული და ნეიროანალიტიკური ტექნოლოგიით ცდილობენ. ამჯერად, მათ კვლევაში 316 ადამიანი მონაწილეობდა (64% ქალი, 34% მამაკაცი, საშუალო ასაკი 24). კვლევის ფარგლებში, სამომხმარებლო სექტორები კატეგორიებად დაყვეს. ქვემოთ კი რამდენიმე კატეგორიაში გაერთიანებულ საინტერესო შედეგებს წარმოგიდგენთ:

შეზღუდვების შემცირება ამცირებს შფოთვას
არსებულმა საკარანტინო პირობებმა და ვირუსის გავრცელების სიხშირემ, რაღაც დონეზე, თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედა. მკვლევართა ჯგუფმა რესპონდენტებს პანდემიის საწყის ფაზაში არსებული შფოთვის დონის მიმდინარე მომენტისთვის შედარება სთხოვა. სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შეზღუდვების და რეგულაციების გაუქმებასთან ერთად, ადამიანების შფოთვის დონემაც დაიკლო. ამ შედეგზე დაყრდნობით, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია ისევ გაგრძელდება და დროის გასვლასთან ერთად, შფოთვითი გამოხატულებები სულ უფრო ნაკლები იქნება.

დროის მენეჯმენტი „დარჩი სახლშისას“ და შფოთვის დონე
კვლევის შემდეგი აქცენტი დროის ეფექტურად გამოყენებას უკავშირდება, ანუ იმის დადგენას, თუ რამდენად ახერხებდნენ კვლევაში მონაწილე ადამიანები კარანტინის პირობებში არსებული დროის ეფექტურად გამოყენებასა და საკუთარი ინტერესის სფეროებისთვის დათმობას. შედეგების მიხედვით, რესპოდენტთა უმეტესობა მეტნაკლებად ახერხებდა არსებული დროის გამოყენებას საკუთარი ინტერესთა სფეროებისთვის. ხოლო მათ, ვისაც არ შეეძლო დროის ეფექტურად გამოყენება, უფრო მაღალი ჰქონდათ შფოთვის დონე (სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კორელაცია – P<0.05), ვიდრე იმ ნაწილს, ვინც დროს კარგად იყენებდა საკუთარი ინტერესების გასაღრმავებლად, ან ახალი უნარების გამოსამუშავებლად.

შემოსავალთან დაკავშირებული მოლოდინი
სამომხმარებლო განწყობების ცვლილებების დადგენისთვის მკვლევართა გუნდმა რესპონდენტების ფინანსური მდგომარეობის მიმართ მოლოდინი შეაფასა. კვლევაში მონაწილეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი შემოსავალი ან არ შეიცვლება (64%), ან მეტნაკლებად გაუმჯობესდება (85%).

კვლევის შემდეგი ნაწილი აქტივობებს ეთმობა, უფრო კონკრეტულად კი იმას, თუ რა აქტივობებისგან არ შეიკავებდნენ თავს მოქალაქეები, რეგულაციების გაუქმების შემდეგ. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად სავაჭრო ცენტრებსა და კლინიკებში ვიზიტია მოთხოვნადი, დანარჩენი აქტივობებისგან კი, კვლევის მონაწილეები, თავის შეკავებას გეგმავენ.

ყველაზე მეტად რომელ აქტივობებში გადაიხდით თანხას რეგულაციების მოხსნის შემდეგ?
ბარები და კლუბები, კაფეები და რესტორნები, მოგზაურობა, შოპინგი, ახალი ინვენტარის შეძენა, ღია ფესტივალებზე დასწრება და ა.შ. ამ ჩამონათვალიდან ყველაზე მოთხოვნადი შოპინგი აღმოჩნდა (66%). როგორც ჩანდ, პოსტპანდემიურ პერიოდში დანარჩენი აქტივობები (ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის), შესაძლოა, ნაკლებად მოთხოვნადი იყოს.

ადგილზე მიტანის სერვისის პოსტპანდემიური მომავალი
ჩვენს ქვეყანაში, პანდემიამდე არსებული მდგომარეობა გვიჩვენებდა, რომ მიტანის სერვისი დღითიდღე უფრო და უფრო აქტუალური და გამოყენებადი ხდებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც გაჩნდა სახლში დარჩენის მკაცრი რეკომენდაციები, ლოგიკურად, არსებული სერვისი კიდევ უფრო გამოყენებადი გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ „ლაბორატორია Z-ს“ გუნდი შეცვლილ სამომხმარებლო განწყობას იკვლევდა, ივარაუდეს, რომ დიდი შანსი იყო იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიამდე არც ისე ხშირად სარგებლობდნენ ადგილზე მიტანის სერვისით და ახლა, სახლში დარჩენისკენ მოწოდების პირობებში, მოუწიათ ამ გამოცდილების მიღება, მომავალში ამ სერვისით სარგებლობა აქტიურად დაეწყოთ. ეს გამოცდილება, როგორც ჩანს, სამომხმარებლო ქცევაზე საკმაოდ მკვეთრად აისახა, რადგან კორელაციურმა ანალიზმა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგი (P<0.05) აჩვენა. უფრო კონკრეტულად, კვლევის შედეგი ამბობს, რომ რაც უფრო ხშირია საკარანტინე პირობებში მიტანის სერვისით სარგებლობა, მით უფრო მაღალია ამ ქცევის პოსტპანდემიურ პერიოდში შენარჩუნების ალბათობაც.

მიტანის სერვისი და შემოსავალი
გარდა ადგილზე მიტანის სერვისის კუთხით სამომხმარებლო ქცევის ცვლილების დადგენისა, საჭირო იყო იმის გამოყოფაც, თუ რა ფაქტორები მოქმედებენ მიტანის სერვისის გამოყენების ინტენსივობაზე. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგი სამომავლო შემოსავლის ოდენობასთანაა კორელაციაში (აქაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგით). შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ მიტანის სერვისით სარგებლობის ინტენსივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული არამხოლოდ ზემოთ თქმულ გამოცდილებაზე, არამედ შემოსავალთან დაკავშირებულ სამომავლო განწყობებზე.

ონლაინ ვაჭრობა
ელექტრონული კომერცია, ანუ ონლაინ მაღაზიებით სარგებლობა, მიტანის სერვისთან შედარებით ნაკლებად აქტუალური და ნაკლებად გამოყენებადია ჩვენს რეალობაში, თუმცა, ლოგიკურად, კარანტინის პირობებს უნდა შეეწყო ხელი მსგავსი სერვისებით სარგებლობაში და შეეწყო ხელი თუნდაც, საყოფაცხოვრებო ნივთების ონლაინ შეძენაში. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკარანტინო პირობებში, რესპონდენტების 42%-მა ისარგებლა ამ სერვისით, 12% სამომავლოდ გეგმავს, რომ გამოიყენოს ვაჭრობის ეს გზა, ხოლო 7% (22 რესპონდენტი) აღნიშნავს, რომ სცადა სერვისის გამოყენება, თუმცა ვერ შეძლო. (ეს უკანასკნელი შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგია ონლაინ მაღაზიებისთვის). უნდა აღინიშნოს, რომ მოლოდინის მიუხედავად, შემოსავალსა და ონლაინ მაღაზიით სარგებლობას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კორელაცია არ გამოვლინდა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კვლევის საშუალო ასაკი 24 წელია.

შიდა ტურიზმი
მსოფლიოს ჯერ კორონავირუსი არ დაუმარცხებია და საზღვარგარეთ მოგზაურობა გარკვეულ რისკებს მოიცავს. შესაბამისად, მეტად სავარაუდოა, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი ზაფხულში დასვენებისთვის ქვეყნის შიგნით არსებულ კურორტებს შეარჩევს. თუმცა, საინტერესო იყო, შიდა ტურიზმის რომელი სახე იყო მომხმარებლისთვის მეტად აქტუალური. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს კემპინგსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ხოლო ნაკლებად პრიორიტეტული იქნება მათთვის მაღალი კლასის სასტუმროები. აქაც გასათვალისწინებელია კვლევაში მონაწილე ადამიანთა ასაკობრივი კატეგორია (საშუალო ასაკი 24 წელი).

აქტუალური რეგიონები შიდა ტურიზმისას
საინტერესოა ისიც, თუ კონკრეტულად რომელ რეგიონებზე იქნება მოთხოვნა შიდა ტურიზმისას და როგორი იქნება დამსვენებელთა განაწილება. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი პროცენტული წილი, 53.2% (ანუ 168 ადამიანი) დასვენებას აჭარის რეგიონში აპირებს, ამის შემდეგ მოდის სვანეთი – 51.3 % (162 ადამიანი), შემდეგ მოდის რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი-50% და ა.შ.

ახალი ჩვევები
როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, არსებულმა შეზღუდვებმა, რომელთა ნაწილიც უკვე უკან მოვიტოვეთ, მოსახლეობის უმეტესობის ყოველდღიურობა შეცვალა. აღმოვაჩინეთ ახალი ინტერესები, ან დავუბრუნდით ძველ და მონატრებულ ჰობებს. ნებით თუ უნებლიედ, შევიძინეთ ახალი უნარები, თუ ჩვევები, რომლებიც შეიძლება კულინარიას, ვარჯიშს, დროის განაწილებას, ოჯახის წევრებთან ურთიერთობასა თუ სხვა მიმართულებას უკავშირდებოდეს. ადამიანთა ნაწილს, შესაძლოა, ახალი ჩვევები არც განუვითარებია და მათთვის სახლში დარჩენა სულაც არ იყო ახალი გამოწვევა. მკვლევარებმა ამ საკითხში გარკვევა შემდეგი კითხვით სცადეს – „რომელ ახალ ჩვევას დაიტოვებდით სიამოვნებით?“

საინტერესოა, რომ რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა (27%) ჩათვალა, რომ არც ერთი ახალი ჩვევა არ შეუძენია და თუ შეიძინა, მის დატოვებას სამომავლოდ არ ისურვებდა. გამოკითხულთა 20%-ში, ახალი ჩვევის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტრანსპორტის შეზღუდვამ იქონია. მათ ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული ჩვევები გამოუმუშავდათ (ვარჯიში, ფეხით სეირნობა, იოგა და ა.შ.). რესპონდენტთა 18% კი ისურვებდა, რომ ჰიგიენასთან დაკავშირებული სავალდებულო რეკომენდაციებით გაჩენილი ახალი ჩვევები სამომავლოდაც დაიტოვოს. ნაკლებად, თუმცა მაინც აქტუალურია კულინარიასთან, დროის მენეჯმენტთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობასთან თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებული ჩვევები.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა შეზღუდულ ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს და მისი განზოგადება მთელ მოსახლეობაზე ნაკლებად შეგვიძლია, რამდენიმე მიმართულებით მას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. მით უფრო, აქტუალური და გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი შედეგები იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ამ ასაკობრივ კატეგორიაზე (საშუალო ასაკი 24 წელი) არიან ორიენტირებულები, ან მათთვის, ვისთვისაც ახალგაზრდა მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება და პოსტპანდემიური შესაძლო ტენდენციების ცოდნა მნიშვნელოვანია.

რა ლუდი გინდა? – ქართულ ბაზარზე ლუდის ბრენდი “რავი” გამოჩნდა

მეამას პირველი სივრცე მომხმარებლების მიერ QR კოდის დასკანერებით გაიხსნება