in

„ბავშვობიდან ისეთი მუსიკა მომწონდა, რომელიც რაღაცაზე დაგაფიქრებდა” – ლადო გიგაია

მუსიკოსი, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, პირველად 2017 წელს გავიცანი. პროექტზე მუშაობისას მეგობარმა მითხრა, საღამოს ძალიან კარგი ბენდი უკრავს ერთ-ერთ ბარში და წავიდეთ, „ტვინს გავანიავებთ”, ლამაზი აკუსტიკური საღამო იქნებაო. რა ჰქვია ბენდს-მეთქი, ვკითხე და On The Road-ო. სიმართლე გითხრათ, მაშინ ამ სახელწოდებამ ვერაფერი მითხრა, მაგრამ, როგორც ქართველებს გვჩვევია, მეგობრებს უარს რომ ვერ ვეუბნებით, ისე გავყევი.

 შემთხვევითობამ გაამართლა. კარგი საღამო შედგა. ერთი სიმღერა ისე მომეწონა, ვიდეოც გადავიღე და მერე, სახლში მოსული, დიდხანს ვეძებდი, იქნებ სადმე მეპოვა ინტერნეტში. ვიპოვე კიდეც და ახლა ამ ტრეკს ჩვენს მკითხველს აუცილებლად გავუზიარებ. რჩევაა, არ გამორთოთ და ისე წაიკითხოთ ინტერვიუ, ვფიქრობ, რა ჟანრის მსმენელიც არ უნდა იყოთ, დაგამშვიდებთ და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ ეს მუსიკა.

ჯგუფის ვოკალისტი და გიტარისტი ლადო გიგაია სიმღერის წერის პროცესს ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების ერთგვარ ხელსაწყოს ადარებს და ამბობს, რომ მუსიკასთან ერთად ადამიანი არ შეიძლება იყოს მარტო. 

ლადო გიგაია:

დაახლოებით მეათე კლასში ვიქნებოდი, როდესაც მუსიკისადმი ინტერესი გამოვამჟღავნე. ძალიან მომწონდა, როცა ვხედავდი მუსიკოსებს სცენაზე და ჩემი თავიც მყავდა ასე წარმოდგენილი. შესაბამისად, ბევრი არ მიფიქრია, ჩავაბარე კონსერვატორიაში, სადაც გავიცანი ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც დღეს მუსიკას ვაკეთებ. აღმოჩნდა, რომ ერთ ჯგუფში ერთნაირი გემოვნების რამდენიმე ადამიანი მოვხვდით, რომლებსაც საკუთარი მუსიკის შექმნის დიდი სურვილი და ენთუზიაზმი ჰქონდათ. იმ დღიდან მოყოლებული ერთად ვართ და ჩანაფიქრსაც ვისრულებთ.

M: როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი?

ეს ძალიან ინდივიდუალურია და ერთი ჭეშმარიტი წესი არ არსებობს. თავიდან ძალიან პერფექციონისტული დამოკიდებულება მქონდა იმ გაგებით, რომ რაღაცაზე მუშაობას რომ დავიწყებდი, მაშინვე უნდა დამესრულებინა. 

დროდადრო შევცვალე ეს მიდგომა, რაც პროცესისგან უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს. შეიძლება ჯერ მოვიდეს იდეა, მერე მიუბრუნდე და გააგრძელო იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ გამოაწრთობ. 

რაც შეეხება ბენდში მუშაობას, ჩვენთან სუფევს დემოკრატია, რადგან ყველა მონაწილეობს და ყველას შეუძლია რაღაც დეტალის შეცვლა, არანჟირება, საბოლოოდ კი, საერთო იდეამდე მივდივართ.

M: რა არის თქვენი მუსიკის მთავარი სათქმელი ან ემოცია, რომელიც გინდათ, რომ გამოხატოთ?

ყველა სიმღერას თავისი ისტორია აქვს, თუმცა, ვიცით ის სივრცე, რომელშიც ვმოძრაობთ. ეს არაა გასართობი მუსიკა, უფრო მელანქოლიურია და ტკივილის გამოხატვის საშუალებაა. 

მე თვითონ, პირადად, არ ვწერ, როცა კარგ ხასიათზე ვარ და ყველაფერი იდეალურად მაქვს ცხოვრებაში. ბავშვობიდან ისეთი მუსიკა მომწონდა, რომელიც რაღაცაზე დაგაფიქრებდა, პრობლემის გადაჭრის ან, უბრალოდ, მარტოობის შესამსუბუქებელი იქნებოდა. ყველაზე მთავარი ხელჩასაჭიდი, რაც მუსიკას აქვს, მგონია ის, რომ სადღაც, ამერიკაში ან იაპონიაში ვიღაცამ დაწერა სიმღერა და შენ მისი მოსმენისას თავს მარტოდ არ გრძნობ. ეს ძალიან მაგიური მომენტია.

M: ხომ არ გახსენდებათ რომელიმე სიმღერაზე/ალბომზე მუშაობა გამორჩეულად?

ასე ვერ გამოვარჩევდი, თუმცა აღვნიშნავ, რომ ამჟამად ვმუშაობთ ახალ ალბომზე, რაშიც მუსიკოსი ბექა მინაძე გვეხმარება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „გარე ყური” გვისმენს და გვიზიარებს თავის აზრებს სამუშაო პროცესში, აქამდე მხოლოდ ბენდის წევრები ვიღებდით გადაწყვეტილებებს, თუ რა როგორ ყოფილიყო. ერთადერთი ამ გამოცდილებას გამოვყოფდი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა.

M: რა რჩევებს გაუზიარებდით დამწყებ მუსიკოსებს?

როცა ახალგაზრდა ხარ, სამყაროსგან გაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რაც ნორმალური და ბუნებრივია, თუმცა, ასევე, უნდა გაითვალისწინო, რომ შეიძლება პირველივე ცდაზე არ გაგიმართლოს. მარტო პირველზე კი არა, მეორე, მესამეც კი შეიძლება ვერ იყოს ისეთი, როგორიც გინდოდა, მაგრამ ეგ საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ სულ ასე იქნება. ეს არ უნდა გახდეს შენთვის ხელის ჩაქნევის მიზეზი. ჩემი გადმოსახედიდან, ყველა მუსიკოსი იპოვის თავის მსმენელს, მთავარია, არ დანებდე და გააგრძელო ის, რისიც გჯერა.

M: გაქვთ თუ არა ისეთი ტრეკი, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ თქვენი შემოქმედებიდან?

ყველა ძალიან მიყვარს და ერთის ამორჩევა გამიჭირდება, თუმცა კითხვას რომ ვუპასუხო, მაინც დავასახელებდი სიმღერას, სახელად, Fortuneteller.

M: ლადო, სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ…

როგორც ზემოთ ვახსენე, ამჟამად ვმუშაობთ ალბომზე. ასევე, ვიდეოკლიპიც გვაქვს გადაღებული, რომელიც უკვე მონტაჟდება და მალე გამოვა. ორი ლაივკონცერტი გვაქვს დაგეგმილი ზაფხულისთვის და ალბათ ამ სიას კიდევ შეემატება სხვა ლაივები. 

M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?

დავუტოვებდი ქართული ბენდის სიმღერას.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

დაიწყე ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე − ისარგებლე საქართველოს ბანკის და ევექსის შეთავაზებით

Ally Brokers – ალიანს ჯგუფის ციფრული ინოვაცია ბროკერებისთვის