in

„ლადო გუდიაშვილი 120“

2016 წელი ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლადო გუდიაშვილის 120-ე საიუბილეო წელია.

13131553_954901654579440_6323924102182037688_oამ თარიღთან დაკავშირებით ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება მხატვრის ოთხი საიუბილეო გამოფენა. გამოფენები გაიმართება ლადო გუდიაშვილის ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით.

გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი საზეიმო გამოფენა 6 მაისს გაიხსნება.  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 40-იან წლებში შესრულებული  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. აღნიშნული ფერწერული ნამუშევრები თბილისში  ბოლოს 1996 წელს,  ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ეროვნულ გალერეაში გამოიფინა.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს ესტუმროს 6 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ყოველდღე 11:00 საათიდან 18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.

გუდიაშვილის როგორც შემოქმედის წარმატების მიზეზი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობა, მხატვრული სახეების მდიდარი სამყარო და მრავალფეროვნებაა.

ევროპულმა გამოცდილებამ და განათლებამ გუდიაშვილს გზა გაუხსნა მსოფლიოს ცნობილი გალერეებისკენ. მხატვარი მონაწილეობდა გამოფენებში ევროპისა და ამერიკის მასშტაბით. გუდიაშვილის შემოქმედებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გამოცემულია მისდამი მიძღვნილი მრავალი ალბომი და წიგნი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. 40-იან წლებში, ომის შემდგომ პერიოდში მის შემოქმედებაში აისახა არამარტო ქართველი ხალხის წარსული, არამედ ის მძიმე რეალობა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში იყო.

აღსანიშნავია, რომ 1946 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის შეთავაზებით, ლადო გუდიაშვილმა ტოტალიტარულ ქვეყანაში, სადაც ათეიზმი სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე იყო აყვანილი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოხატა. ქაშვეთის ტაძრის საკურთხეველში ედემის ბაღის გამაერთიანებელ ფონზე გუდიაშვილმა ღვთისმშობელი ყრმით და მოციქულთა ზიარება გამოხატა, ხოლო მომიჯნავე კედლებზე – მთავარანგელოზი გაბრიელი და ღვთისმშობლის ხარების სცენა.

ლადო გუდიაშვილი 1980 წელს გარდაიცვალა. მისი შემოქმედება დაზგური ფერწერისა და გრაფიკის, წიგნის გრაფიკის, თეატრის და კინოს მხატვრობის ასობით ნამუშევარს მოიცავს. თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი მისი შემოქმედება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ოქროს ფონდის კუთვნილებაა.

1980 წელს ლადო გუდიაშვილის სახელი მიენიჭა ქ. ბათუმის მხატვრის სახლს.

1982 წლის 8 აპრილს, ასტრონომთა საერთაშორისო ორგანიზაციამ ლადო გუდიაშვილის სახელი მიანიჭა რ.ვესტის მიერ აღმოჩენილ მცირე პლანეტას.

1992 წელს ლადო გუდიაშვილის სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ცენტრში, სადაც ცხოვრობდა მხატვარი ოჯახთან ერთად. ლადო გუდიაშვილი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

1998 წელს ლადო გუდიაშვილის სახელი ეწოდა მოედანს თბილისის ისტორიულ ნაწილში.

2011 წელს ლ.გუდიაშვილის ქუჩაზე #11 გაიხსნა „ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი“.

www.unimania.ge – უნიქარდზე ქულების დაგროვება რეკლამის ყურებითაც შეიძლება

აპარატი Farnham-ისგან, რომელიც უფასოდ ჩამოგისხამთ ლუდს