2
Apr
2019

“ზღაპარი ლადო” გუდიაშვილი

2 Apr 2019

ლადო გუდიაშვილი მეგობრების წრეში “ზღაპარი ლადო’’ გამორჩეული ნიჭის ადამიანი იყო – კომუნიკაბელური, მხიარული, გულღია, მაგრამ, ამავდროულად, საზღვრის დამწესებელიც.

ლადო გუდიაშვილის შვილიშვილი და ფონდის დამფუძნებელი ანანო მელივა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს : “ლადოს ჰქონდა თავისი სამყარო და იმის იქით აღარ გიშვებდა, ვერავინ ვეღარ ჩაერეოდა. როცა ფანქარს ან ფუნჯს იღებდა ხელში, იქ მთავრდებოდა ყველაფერი“.

ლადო გუდიაშვილი 1896 წლის 18 მარტს დაიბადა თბილისში. მის ოჯახს გამორჩეულად უყვარდა ხელოვნება და სწორედ მათი დიდი დამსახურებით ეზიარა ლ. გუდიაშვილი მხატვრობას.
1910-დან 1914 წლამდე სწავლობდა ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. 1915 წელს კი მისი პირველი პერსონალური გამოფენის ხილვის საშუალება მიეცა საზოგადოებას. 1916 წელს იქმნება ქართველ ხელოვანთა საზოგადოება, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ლ. გუდიაშვილი იყო.

gudiashvili
ლადო გუდიაშვილი

ასევე, ხუთი წლის განმავლობაში ასწავლიდა ხატვას გიმნაზიაში.
ქვეყანაში შექმნილ მძიმე ფონს არ შეუჩერებია თბილისის ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრება, რომელშიც ლ. გუდიაშვილი მეგობრებთან ერთად (დ.კაკაბაძე, შ.ქიქოძე, ს. ერისთავთან და სხვა თანამედროვე მხატვრებთან ერთად) აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ძველი თაობისგან განსხვავებით, მხატვრების ახალი ნაკადი ბევრად გამორჩეული და ინდივიდუალიზმის ძიებით იყო დაკავებული. ისინი ეძებდნენ გამოსახვის ახალ-ახალ ფორმებსა და ხერხებს.

ლ. გუდიაშვილი სწავლობდა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. დადიოდა სხვადასხვა კუთხეში, აკეთებდა ძეგლების ჩანახატებს და იღებდა შუასაუკუნეების ფრესკების ასლებს. როგორც ცნობილია, მან სპეციალურად ველოსიპედიც კი შეიძინა მცხეთაში სასიარულოდ და ყოველდღე გადიოდა ამ გრძელ გზას.

1916 წელი დასამახსოვრებელი იყო მისთვის. ნ. ფიროსმანიშვილის გაცნობამ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. როგორც ლადო გუდიაშვილი, ისე მისი მეგობრები არათუ გაურბოდნენ, არამედ ინტერესით შესცქეროდნენ ისეთ ახალ მიმდინარეობებს როგორიც იყო სიმბოლიზმი, ფუტურიზმი, ექსპრესიონიზმი. ამ მიმდინარეობებმა, რა თქმა უნდა, მათზეც იქონია გავლენა.

4af72991741fb257ce9a2f472b67caa9

გუდიაშვილის შემოქმედება უსაზღვროდ მრავალფეროვანი და ბევრის მთქმელია. მისი შთაგონების წყარო არაერთი ფაქტი თუ მოვლენა გამხდარა. უყვარდა წარმოდგენები, რაც მოგვიანებით მის ნაწარმოებებშიც აისახა.

1919 წელს ქართველ მხატვართა ნაწარმოებების გამოფენაზე უკვე ჩამოყალიბებულმა ხელოვანმა, საზოგადოებას ოთხმოცამდე ფერწერული ტილო, ნახატი და აკვარელი – მათ შორის, სიუჟეტური სურთები, რომლებიც, ძირითადად, ძველი თბილისის ბოჰემურ ცხოვრებას ასახავდნენ, პეიზაჟები, პორტრეტები გამოფინა. გუდიაშვილის მთლიანი შემოქმედება მოწმობდა, რომ საქართველოს ჰყავდა უსაზღვროდ ნიჭიერი მხატვარი. ამავე წელს გამოიფინა ძველი ქართული ფრესკების ასლები, მოიხატა თბილისის ერთ-ერთი კაფის კედლები. მან ასევე მიიღო მონაწილეობა ქართველ ხელოვანთა საზოგადოების საშემოდგომო გამოფენაზე.

ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაში ასევე დიდი ადგილი ეკავა ძველი თბილისის თემებს – ადგილი, სადაც ის გაიზარდა, რჩებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საყვარელ ადგილად.

1920 წელს ლ.გუდიაშვილის ცხოვრებაში საინტერესო პერიოდი დგება. იგი მიემგზავრება თავის მეგობარ მხატვრებთან ერთად პარიზში. პარიზი მისთვის არის ადგილი, სადაც თავს თავისუფლად გრძნობს, ადვილად ეგუება ევროპულ ცხოვრებას, დრო საინტერესოდ გაჰყავს და იძენს მეგობრებს. ცნობილია, რომ მისი საყვარელი კაფე “როტონდა’’ იყო, რომლის ხშირი სტუმარიც გახლდათ. გამორჩეული იყო შეხვედრები პიკასოსთან, მატისთან, ბრაკსა და დელონესთან, ნატალია გონჩაროვათან და მიხაილ ლარიონოვთან.

მეგობრობდა ამადეო მოდილიანთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მოდილიანთან პოლონელი გრაფინია მისულა და დახატვა უთხოვია. მოდილიანმა დახატა, მაგრამ გრაფინია უკმაყოფილო დარჩენილა, ისე წასულა თანხაც არ დაუტოვებია. მოდილიანს უთქვამს: „ჩემო ლადო, ამ ნახატის ფასი მხოლოდ შენ იცი, მინდა ჩემგან სამახსოვროდ გქონდესო“. ასე მოხვდა ლ.გუდიაშვილის კოლექციაში მოდილიანის იმ დროს დაწუნებული და დაუფასებელი ნახატი.

ლ. გუდიაშვილის პარიზში ყოფნის პერიოდში გაიმართა “საშემოდგომო სალონის გამოფენა’’, რომელზეც ლ. გუდიაშვილმა თავისი ოთხი ნახატი წარადგინა. მისდა გასაოცრად, ოთხივე ნახატი დაიტოვეს და გამოფინეს. ესენი იყო: “ქეიფი“ , “ქეიფი გარიჟრაჟზე“ , “იდილია“ , “კინტოების ქეიფი ქალთან“. ოთხივე ნახატმა პარიზელები უცხო მხრიდან მოსულ უცხო მხატვარზე აალაპარაკა.

e18399e18398e1839ce183a2e1839de18394e18391e18398e183a1-e183a5e18394e18398e183a4e18398-e183a5e18390e1839ae18397e18390e1839c-e1839a
“კინტოების ქეიფი ქალთან“ 

პარიზი მისთვის წარმატების და პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა. 1922 წელს “ლიკორნის’’ გალერეაში პერსონალური გამოფენა მოაწყო, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საზოგადოების მხრიდან, ისე ფრანგული პრესისგან. პრესა წერდა: “პარიზში ეს ახალგაზრდა კაცი ავლენს სასწაულებრივ მისწრაფებას, დარჩეს ქართველად, თავისი მთების, ხელოვნების ერთგულად’’.

1925 წელს, პარიზში გალერეა “ბიიესში’’ ეწყობა მისი მეორე გამოფენა, რომელიც ასევე დიდი წარმატების მომტანი გახდა. იმ დროს ცნობილი ფრანგი ხელოვნებათმცოდნე ანდრე სალმონი წერდა ლ. გუდიაშვილზე: “ლადო გუდიაშვილის ექსპოზიცია ჩვენთვის იყო აღმოჩენა, რომელმაც უაღრესად თავისებური მხატვარი წარმოგვიდგნა. იგი აზროვნებს ისევე რთულად ან, შესაძლოა, ისევე სადად, როგორც ადამიანები მისი ქვეყნისა, რომელსაც უძველესი ცივილიზაცია აქვს… გეგონება, ლადო გუდიაშვილი ქართული ფრესკებიდან არისო გადმოსული… როგორც ჭეშმარიტად ქართული ხელოვნების წარმომადგენელი, ნამდვილი ხელოვანი, ნაღდი ქართველი“.

1925 წელს ის საქართველოში დაბრუნდება. ლ. გუდიაშვილი ახლა უკვე ქართველ საზოგადოებას აზიარებს თავის შემოქმედებას. ისევე, როგორც პარიზში, მისმა ნამუშევრებმა საქართველშიც უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა დამთვალიერებელზე. იმის მიუხედავად, რომ პარიზში წარმატებული და ცნობილი მხატვარი იყო, არასდროს გასჩენია სურვილი, დარჩენილიყო საფრანგეთში.

ლ. გუდიაშვილი როგორც პარიზში, ისე საქართველოში, აქტიურ კულტურულ ცხოვრებას იწყებს. მუშაობს უამრავ ფერმწერულ და გრაფიკულ ნაწარმოებებზე, კედლის მოხატულობასა და ასევე აფორმებს თეატრალურ დადგმებსა და კინოფილმებს.
ხდება ცისფერყანწელების ჯგუფის წევრი და მათი ჟურნალისთვის ქმნის ნახატებს.

მისი შემოქმედებიდან გამოირჩევა პორტრეტების სერია, რომელიც სავსეა სიღრმით. განსაკუთრებული ხელწერა, თვალების მოხაზულობა და ფერთა გამა (ხასხასა ლურჯი, ოქროსფერი, მომწვანო მეწამული ტონები), რომელიც ასე დაუვიწყარს ხდის მხატვრის მიერ შესრულებულ პორტრეტებს.

მის მიერ შექმნილ ქალთა სახეებიდან მხოლოდ სიმშვენიერე თუ იღვრება. განსაკუთრებით გამოსარჩევია ლ. გუდიაშვილის მეუღლის, ნინო გუდიაშვილის პორტრეტი, რომელიც 1937 წელს აქვს შექმნილი. ლ. გუდიაშვილის ინტერესებს კიდევ ერთი დარგი – მოზაიკა ემატება, რომელსაც ძირითადად გუაშით ხატავს ქაღალდზე.

მის სახელოსნოში არაერთი ღირებული ნაწარმოები შექმნილა, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ისტორიულ მოვლნებსა და კულტურას, ლამაზ, მნიშვნელოვან ადამიანებს. იმის მიუხედავად, რომ ლ. გუდიაშვილი გამორჩეული ნიჭის მხატავრი იყო, ის არასდროს აღიარებდა ამას და თავს დიდ და კარგ მხატვრად არ მიიჩნევდა, მაგრამ მის მიერ შექმნილი ნაწარმოებები საპირისპიროს ამტკიცებენ.

მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის “პრადოს” მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა.
ლადო გუდიაშვილი სსრკ-ს სახალხო მხატვარი, სოციალისტური შრომის გმირი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის პირველი ლაურეატი, და ლენინის ორი ორდენის მფლობელი იყო.

e183ace18398e18397e18394e1839ae18398-e183aee18394e1839ae18397e18390e18397e1839be18390e1839ce18394e18391e18398-e1839ae18390e18393

მას სიცოცხლის ბოლომდე ეჭირა ფუნჯი ხელში და მუშაობდა დაუღალავად. სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი იხსენებს:

„80-იან წლებში ხდება ეს, როდესაც ახალგაზრდა ვარ. ვიყურები აივნიდან იმიტომ, რომ შეუძლებელია ქუჩაში გავლა. ქაშუეთის ეკლესიიდან მოდის საზოგადოება, გადატენილია ქუჩა და მოასვენებენ ბატონ ლადოს. ხელით მიყავთ. ძალიან დიდი სიყვარულია ეს. არიან მხატვრები,რომლებიც დიდები არიან, საოცრად არიან, მაგრამ არის კიდევ სახალხო მხატვარი, გულის მხატვარი. ესეთი სიყვარულის ტალღა მოსდევდა მას. დიდი შლეიფი იყო მთელ რუსთაველზე. ეს ერთეულების ხვედრია, ჩემი აზრით, და აი, ასეთი იყო ბატონი ლადო თვითონ“.

ავტორი: მარიამ ნაცვლიშვილი

განხილვა