in ,

”ყველაზე მთავარია მოქმედება! ”

ლადო კანდელაკი

პროფესიით საინჟინრო ტექნოლოგიების დოქტორი ლადო კანდელაკი საკუთარ ვებ პროექტებს შორის ყველაზე წარმატებულად Amindi.ge  -ს მიიჩნევს. თვლის, რომ მის სფეროში წარმატებისათვის საჭიროა ენერგია და ტვინი, სწორი მიმართულებით ხედვა და გამოცდილება. ზოგადად, პრობლემად კი , ბაზარზე პროფესიონალი კადრების დეფიციტს მიიჩნევს. ამჟამად საქართველოში ერთ-ერთი კლინიკის დირექტორია.

1368713_698181623543916_185054012_n” აქამდე ვმუშაობდი სახელმწიფო კანცელარიაში, შემდეგ გერმანულ-ქართულ ფარმაცევტულ კომპანიაში, შემდეგ ამერიკის საელჩო საქართველოში და ამავე დროს დავაფუძნე ვებ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანია.

2009-ში შვეიცარიიდან მივიღე შემოთავაზება, ეს იყო კომპანია, რომელიც საბანკო სექტორისთვის ტექნოლოგიებზე მუშაობდა. ვიყავი კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილებაში. მოკლე ვადაში საკმაოდ კარგი შედეგები ვანახე კომპანიას, მაგრამ დიდი ხნით ვერ დავრჩი ციურიხში, რადგან თბილისში ოჯახი და ბავშვები მელოდებოდნენ.

გვიამბეთ თქვენი პროექტების , მაგალითად :   Amindi.ge , Alldeals.ge , Tsamali.ge ან სხვა პროექტების შესახებ.

ჩემი პირველი წარმატებული პროექტი იყო Amindi.ge – ვნახე, რომ ქართულ ვებზე არ იყო ამინდის ვებ გვერდი. 2008 წელს ვიყიდე დომეინი Amindi.ge და გაუშვი პროექტი. 2 წელიწადში გახდა პოპულარული. თუმცა, ამისთვის ბევრი შრომაც დამჭირდა. შემდეგ გავაკეთე პროექტი Tsamali.ge – მედიკამენტების ანოტაციების საძიებო სისტემა. როდესაც ხალხი მიეჩვია და თავისი ადგილი დაიკავა ქართულ ვებში, კიდევ სხვა სერვისებიც დავამატე. მაგალითად, ექიმების და კლინიკების რეიტინგები.

ნებისმიერ ადამიანს (პაციენტს) შეუძლია ობიექტურად შეაფასოს ექიმი და კლინიკა. შემდეგ იყო ფასდაკლებების აგრეგატორი Alldeals.ge. აქ ყველა ფასდაკლება გვიდევს ერთ საიტზე. მაგალითად:  swoop.ge, mydeal.ge, the.ge, gosale.ge, hotdeals.ge, brao.ge, kop.ge, iafad.ge, etc... შესაბამისად, მომხმარებლისთვის ფასდაკლების მოძიება ხდება ძალიან მარტივი.

ვთვლი, რომ ძალიან სერიოზული პროექტია  price.ge – ფასების კატალოგი. მაგალითად გინდა იყიდო samsung -ის კონკრეტული ტელევიზორი ან iPhone 5S , შედიხარ საიტზე და ნახულობ სად რა ფასი აქვს ამ პროდუქტს. შესაბამისად, აღარ გჭირდება მისვლა 4 და 5 მაღაზიაში, რომ შეადარო ფასები და იყიდო იაფად. ამას აკეთებ 1 წამში.

2011-ში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტექნიკის მაღაზია მსუბუქად „დაგვემუქრა“ ჩვენი პროექტის გამო. დღემდე არ ერთვებიან პროექტში, მაღალი ფასების გამომჟღავნებას გაურბიან. პროექტში ჩართვა კი უფასოა… არა და , ეს პლატფორმა რეალურად გაყიდვებს ზრდის. ამერიკაში, რუსეთში, უკრაინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს მსგავსი პროექტები. აქვე გავაკეთეთ ერთი პატარა ღილაკი: „თქვი შენი ფასი“ – ანუ მაღაზიას ეუბნები იმ ფასს, რისი გადახდაც შეგიძლია. საკმაოდ კარგად მუშაობს!

ერთი კვირის წინ გაუშვით პროექტი bidz.ge – ინტერნეტ მაღაზია, სადაც ფასები ეცემა საათში ერთხელ და თუ facebook -ზე გააზიარებ კიდევ უფრო გიკლებს ფასს. ასეთი შოპინგი ჩემი მოგონილია. არ არსებობს მსოფლიოში, რომ facebook -ზე გაზიარებით რამეს ფასი აკლდებოდეს. ამით 2 რამეს ვიგებ, ბედნიერია მყიდველი და უფასო რეკლამა facebook -ზე.

ახლა რა პროექტზე მუშაობთ?

ახალ პროექტზე საბანკო/საფინანსო სფეროში. დიდი გამოხმაურება ექნება.

რომელ პროექტებს მიიჩნევთ თქვენი პროექტების კონკურენტად? რითი უწევს თქვენი „ნამუშევრები“ მათ კონკურენციას ?

მივესალმები კონკურენციას! მე ვარ ერთ – ერთი, ვინც ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამის ნათელი მაგალითია Price.ge  არავის არ უყურებ, როგორც მტერს ან კონკურენტს. მათ ნამუშევრებს ბევრი კუთხით უკეთებ ანალიზს და ვმოქმედებ შესაბამისად. არასოდეს არ ვცდილობ ვინმეს განადგურებას. პირიქით ვეჯიბრები უკეთესობისკენ სწრაფვაში….

მსგავსი პროექტების წარმატებისთვის რა არის საჭირო?

ენერგია და ტვინი. სწორი მიმართულებით ხედვა…. გამოცდილება…

როგორ  ჩნდება იდეები და როგორ იქმნება უკვე მზა პროდუქტი? ეს არის თქვენი ჰობი თუ ბიზნესი?

ბევრს ვმოგზაურობ და ვკითხულობ და რაც მთავარია, სულ ვფიქრობ განვითარებაზე. მუდმივად დინამიკაში ვარ. მაგალითად, მომივიდა თავში იდეა. მივდივარ და ვწერ ყველა დეტალს ფურცელზე, ვაკეთებ ჩონჩხს. შემდეგ ვითვლი, თუ რა რესურსი (ფინანსური და ადამიანური) დაჭირდება ამას, თუ კარგი მონაცემი მივიღე, იმ შემთხვევაში ვაკეთებ. არაფერს არ უყურებ რთულად. თუ შინაგანად გრძნობ და მართავ ენერგიებს, ყველაფერი გამოგივა. რაც მთავარია, ვიბრძვი ბოლომდე, ამ პროცესში ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი გხვდება. ვიმეორებ, ვიბრძვი ბოლომდე!

ადრე ერთ მსხვილ სარეკლამო კომპანიას მოუნდა ამინდის კონკურენტის გაკეთება. გამეცინა და შეხვედრაზევე უთხარი, რომ მათ გააჩნიათ დიდი ფინანსური რესურსი მაგრამ არ გააჩნიათ მთავარი. ამის თქმის შემდეგ გავჩუმდი! ბუნებრივია დიდი თვალებით და ინტერესით მკითხეს თუ რა იყო ეს მთავარი. პასუხი იყო ტვინი, ანუ გონებრივი რესურსი! გაგიკვირდებათ და მოეწონათ ჩემი პასუხი. საქმე, რომელსაც აკეთებ უნდა აკეთო სიყვარულით და ბოლომდე დაიხარჯო. ან საერთოდ არ უნდა აკეთო….

რისი ნაკლებობაა ჩვენთან  (ბაზარზე) , რაც ხელს უშლის თქვენს პროექტებს წარმატებაში?

ამ თემაზე ბევრია სალაპარაკო. ზოგადად პროფესიონალი კადრების დეფიციტია ბაზარზე. ასევე საქმეს ხშირად ართულებს ქვედა მენეჯმენტსა და ზედა რგოლებს შორის კომუნიკაცია. კადრებს ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება. სიზარმაცე, კომპანიებს უჭირთ სიახლეების მიღება და ამ სიახლეებზე მორგება.

თქვენი ყველაზე წარმატებული პროექტი? რატომ მიიჩნევთ ასე?

ამ ეტაპზე, მაინც, ალბათ, amindi.ge ბევრი ხალხი სარგებლობს და თან კარგ საქმეს აკეთებს….

ყველაზე წარუმატებელი პროექტი ? დღევანდელი გადასახედიდან , რა იყო ამის მიზეზი?

90-იან წლებში დავიწყე თბილისის ონლაინ მეგზურის კეთება. პროგრამისტი საქმეს სპეციალურად წელავდა, იდეა გაყიდა და იმალებოდა. არაფერი არ იმალება და ეს ამბავიც მალე ”გასკდა”. პროექტი ჩავარდა ადრეულ ეტაპზე. ამის მიზეზი იყო გამოუცდელობა ხალხთან ურთიერთობაში, თუმცა, ასეთმა ხალხმა მასწავლა ბევრი რამე. ასეთი ადამიანების კატეგორიას, ზოგადად, დიდი მომავალი არა აქვთ.

რა რჩევებს მისცემდით ამავე კუთხით მომუშავე ადამიანებს?

ყველაზე მთავარია მოქმედება! – საქმის სიყვარული, პუნქტუალურობა, იკითხეთ ბევრი, უარი სოციალურ ქსელებს. ბევრი დრო მიაქვს, რომელიც ისედაც ცოტაა. არაფერი არ უნდა დაგეზაროთ!

რას იტყვით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?

სამომავლო გეგმებიდან გამოვყოფდი: Executive MBA ამერიკაში/ევროპაში. საკუთარი Asset Management კომპანიის გაკეთება.

Fiat-მა მდინარე ჩიკაგო გადმოცურა

პროექტის FAITHLESS უკანასკნელი პერფომანსი SUMMER SET FEST 2013–ის დახურვაზე, თბილისში შედგება!!!