წელს „შავი პარასკევი“ საქართველოში სულ სხვანაირი გამოდგა… მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მოლაპარაკების 4 წლით გადადება გახდა, ამიტომ ადამიანების გონებაც online შოპინგისკენ კი არა, ქვეყნის პოლიტიკური კურსისკენ არის მიმართული. მერამდენე დღეა რაც საქართველოს ქალაქები, ევროპული მომავლის მოთხოვნით, პროტესტის ხმაურმა მოიცვა. თუმცა E-commerce სექტორსაც სჭირდება გეგმა, რომელიც კრიზისის დაძლევაში დაეხმარება, რჩევებისთვის კი მარკეტერმა E-Commerce Association – Georgia-ს თავმჯდომარე ლადო კანდელაკს მიმართა:
„მე, როგორც „იქომერს ასოციაცია საქართველო“-ს თავმჯდომარეს, მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის გზა უცვლელად ევროპულია და ამ მიმართულებას ალტერნატივა არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში, ისედაც უამრავი პრობლემის და გამოწვევის ფონზე, გვიწევს გაურკვეველი და საეჭვო კურსის გაპროტესტება, რაც ჩვენს ევროპულ გზაზე დამატებით დაბრკოლებებს ქმნის. უნდა დავრჩეთ მტკიცედ ჩვენს წლების წინ არჩეულ მიზანთან, შევინარჩუნოთ პროგრესი და დავრჩეთ ევროპული ღირებულებების ერთგული“.
ინტერვიუში დეტალურად განვიხილავთ მსგავსი პოლიტიკური მოვლენების გავლენას E-commerce კომპანიებზე, იმას, თუ რა ხდება დღეს ქართულ E-commerce სექტორში და სად შეგვიძლია ვეძებოთ გამოსავალი…
M: ლადო, გაგვიზიარეთ, როგორ ზემოქმედებს პოლიტიკური მოვლენები E-commerce სექტორზე?
პოლიტიკური არასტაბილურობა პირდაპირ და არაპირდაპირ მოქმედებს იქომერს სექტორზე. პირველი, რასაც სექტორი აწყდება, არის მომხმარებელთა ემოციური კონცენტრაცია პოლიტიკური პროცესებისკენ, რაც ამცირებს მათ ჩართულობას, ყოველდღიურ რუტინასა და სამომხმარებლო ქცევას. ასეთ დროს ადამიანები ნაკლებად ხარჯავენ თანხას არასავალდებულო პროდუქტებზე, რადგან ემოციური დატვირთვა და განწყობა სრულად გადადის პოლიტიკურ მოვლენებზე.
მეორე, პოლიტიკური დაძაბულობა აფერხებს საერთაშორისო პარტნიორობას, რასაც მნიშვნელოვანუ გავლენა აქვს იმპორტისა და ექსპორტის პროცესებზე. ამასთან, ინვესტორებისთვის პოლიტიკური გარემო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ეს აფერხებს ახალი ინვესტიციების მოზიდვას სექტორში.
M: რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული იქომერს კომპანიები?
სამწუხაროდ, ქართული იქომერს კომპანიები არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას:
1. გადამხდელუნარიანობის შემცირება — პოლიტიკური არეულობის დროს მოსახლეობა ყურადღებას აქცევს აუცილებელ საჭიროებებს და ფინანსებს უფრო კონსერვატიულად ხარჯავს. არასავალდებულო პროდუქტებზე მოთხოვნა ხშირად იკლებს, რაც პირდაპირ მოქმედებს E-commerce სექტორზე.
2. გადაზიდვების შეფერხება — საპროტესტო აქციები ან გზების გადაკეტვა აფერხებს ლოჯისტიკის პროცესებს. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პროდუქციის სწრაფ მიწოდებაზეა ორიენტირებული.
3. მომხმარებელთა ემოციური განწყობა — პოლიტიკური კრიზისი ხშირად იწვევს მომხმარებლების ემოციურ სტრესს, რაც მათ ყოველდღიურ ქცევაზე აისახება. ადამიანები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ონლაინ შოპინგით, რადგან ყურადღება გადატანილია მიმდინარე მოვლენებზე.
4. საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის სირთულეები — პოლიტიკურ არასტაბილურობას გავლენა აქვს კომპანიების ურთიერთობებზე საერთაშორისო პარტნიორებთან. უცხოელი პარტნიორები შეიძლება, ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი თანამშრომლობით, თუ ქვეყანაში გარემო არასტაბილურია.
5. მარკეტინგული სირთულეები — პოლიტიკური მოვლენები ზემოქმედებს მარკეტინგის ეფექტურობაზე. რთულია მომხმარებლების დაინტერესება, როცა ყურადღება სოციალური და პოლიტიკური მოვლენებისკენ აქვთ გადატანილი. შედეგად, მარკეტინგული კამპანიები ხშირად წარუმატებელი ხდება.
6. ინვესტიციების შემცირება — პოლიტიკური არეულობის დროს ინვესტორები თავს იკავებენ ახალი პროექტების დაფინანსებისგან. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მცირე და საშუალო E-commerce კომპანიებისთვის, რომლებსაც დაფინანსება განვითარებისთვის სჭირდება.
7. გაძლიერებული კონკურენცია საერთაშორისო კომპანიებთან — პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ადგილობრივი კომპანიები კიდევ უფრო მეტად კარგავს პოზიციებს ბაზარზე, რადგან საერთაშორისო კომპანიები უკეთ მართავს რისკებს და მომხმარებლებისთვის უფრო მაცდურ შეთავაზებებს ქმნის.
ამ გამოწვევების დასაძლევად კომპანიამ უნდა გამოიყენოს უფრო მოქნილი სტრატეგიები, როგორებიცაა მომხმარებელთა ემოციურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული კომუნიკაცია, ფასდაკლებები ან სწრაფი და ხელმისაწვდომი მიწოდების შეთავაზება.
M: კომპანიებისთვის კრიზისი განსაკუთრებულად შავ პარასკევს დაიწყო… რომ გვითხრათ, როგორ იმოქმედა მიმდინარე მოვლენებმა აღნიშნულ პროცესზე?
მიმდინარე კრიზისის პირობებში შავი პარასკევის აქტივობა განსხვავებული სურათით წარსდგა. მიუხედავად პოლიტიკური არასტაბილურობისა, კომპანიებმა, რომლებმაც მოახერხა კრიზისულ პირობებთან ადაპტირება, მომხმარებლები კვლავ დააინტერესა ფასდაკლებებითა და აქციებით, განსაკუთრებით იმ კატეგორიებში, რომლებიც პირდაპირ პასუხობს ყოველდღიურ საჭიროებებს. თუმცა, უკეთესი ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო გაცილებით ძლიერი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას შექმნიდა, რაც კიდევ უფრო მაღალ გაყიდვებსა და მომხმარებელთა აქტიურობას მოიტანდა.
M: რა ტრენდები გამოიკვეთა კრიზისის დროს და რამდენად მომზადებულნი იყვნენ კომპანიები?
კრიზისის დროს იქომერს სექტორში რამდენიმე ტრენდი გამოიკვეთა, რომლებიც კომპანიების ადაპტაციისა და გადარჩენის სტრატეგიებზე მიუთითებს. ესენია: სწრაფი და მოქნილი მიწოდების სისტემები, ფასდაკლებებისა და აქციების გაძლიერება, ონლაინ გადახდების გამოყენების ზრდა და სხვა.
ზოგიერთმა კომპანიამ კრიზისს კარგად უპასუხა, ვინც დროულად გამოავლინა მოქნილობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ადაპტირდა და მომხმარებლის საჭიროებებსაც უპასუხა. ასევე, მეორე მხრივ, მრავალი კომპანია მზად არ აღმოჩნდა მსგავსი სიტუაციისთვის, განსაკუთრებით ის, ვისაც არ გააჩნდა კრიზისის მართვის სტრატეგია ან ფინანსური რეზერვი.
M: რა მდგომარეობაა რეკლამირების კუთხით ქართულ იქომერს სექტორში და რა არის გამოსავალი?
ბევრი კომპანია კრიზისის დროს ამცირებს სარეკლამო ბიუჯეტს, რაც უარყოფითად მოქმედებს ბრენდის ცნობადობაზე. გამოსავალი შეიძლება იყოს მეტი აქცენტი ციფრულ მარკეტინგზე, რადგან ის შედარებით დაბალბიუჯეტიანია და მიზნობრივ აუდიტორიაზე წვდომის საშუალებას იძლევა. ასევე, კომპანიებმა უნდა გააძლიეროს პარტნიორობა და კოლაბორაცია რესურსების უკეთესად სამართავად და პროცესების ოპტიმიზაციისთვის.
M: სამი რჩევა ქართული E-commerce კომპანიებისთვის:
1. კრიზისის მართვის გეგმის შემუშავება — კომპანიებმა უნდა შექმნან გეგმა, რომელიც მოიცავს ფინანსურ რეზერვებს, ლოჯისტიკის ალტერნატიულ გადაწყვეტილებებსა და მომხმარებელთან კომუნიკაციის სტრატეგიას.
2. მეტი ფოკუსი ლოკალურ ბაზარზე — უნდა გაზარდონ ადგილობრივი პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა.
3. ტექნოლოგიური ინვესტიცია — პლატფორმებისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება, ასევე ძალიან კარგი იქნება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია.
M: დაბოლოს, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ, როგორ უნდა გააგრძელოს იქომერს კომპანიამ დღეს საქმიანობა?
ქართული იქომერს კომპანია უნდა მოერგოს ახალ რეალობას, რაც გულისხმობს მეტი მოქნილობისა და ინოვაციის აუცილებლობას. ბაზრის მოთამაშეები, რომლებიც ფოკუსირდებიან მომხმარებელთა საჭიროებებზე და ეფექტურად გამოიყენებენ ტექნოლოგიებს, შეძლებენ, გაუმკლავდნენ კრიზისს და დარჩნენ კონკურენტუნარიანები.
ქართულმა იქომერს კომპანიამ უნდა დაინახოს კრიზისი, როგორც შესაძლებლობა ტრანსფორმაციისთვის.
აუცილებელია, რომ გაერთიანდნენ, გააზიარონ გამოცდილებები და ერთად იპოვონ გამოსავალი. რაც მთავარია, ინოვაცია და მომხმარებელზე ორიენტირება არის გზა, რომელიც სირთულეების დაძლევაში დაგვეხმარება.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი