13
Jan
2020

მუდმივად ახლის ძიებაში მყოფი მულტიდისციპლინარული ხელოვანი – ლადო ლომიტაშვილი #თაობა

13 Jan 2020

ლადო ლომიტაშვილი რამდენიმე სფეროში მოღვაწე თანამედროვე ხელოვანია, რომელსაც Project ArtBeat-ის წყალობით მივაგენი. ბევრ ორიგინალური შემოქმედების მქონე ხელოვანს შორის ლადოს ზედმეტად ინდივიდუალური, ბევრი მეტაფორის შემცველი და საინტერესო სტილით გამოვარჩევ. შემოქმედებაში, ვფიქრობ, გამბედაობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც ამ არტისტისთვის ნამდვილად დამახასიათებელია, რადგანაც ის არ უშინდება ხელოვნების რამდენიმე სფეროში ექსპერიმენტების ჩატარებას. ფაქტია, რომ წარმატებით გამოსდის კიდეც.. მისი შემოქმედების შესახებ #თაობა ლადოს გაესაუბრა:

M: ვინ არის ლადო ლომიტაშვილი? გაგვაცანი შენი თავი..

განათლებით არქიტექტორი ვარ. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ჩემი საქმიანობით ვიზუალურ ხელოვნებაში გააზრებული გადასვლაც დაახლოებით ამ პერიოდში მოხდა. მარტივად შემიძლია ხელოვანი დავირქვა, რადგან, ასე თუ ისე, აერთიანებს ყველა იმ მიმართულებას, რომლებშიც დღეს ვმუშაობ.

M: არქიტექტორი და მულტიდისციპლინარული არტისტი – ამგვარად ხარ დახასიათებული ვირტუალურ სივრცეში. მოგვიყევი, ზუსტად, რა მიმართულებებით მუშაობ დღეს..

როგორც წესი, არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებაში, ჩემი მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, დიდ საზღვარს არ ვქმნი. არქიტექტურა სივრცის სკანირებაში მეხმარება, ხოლო სახვითი ხელოვნება მასალის, ტექსტურის, ფორმისა და ფერის გააზრებაში. სწორედ ამიტომ, ამ ორის კომბინაცია ჩემთვის ხშირად ადგილ-სპეციფიკურ ნამუშევრით სრულდება, სადაც სივრცე და ფიზიკური ობიექტები ერთ მიზანს ემსახურებიან.

ვმუშაობ ასევე პროდუქტის დიზაინზე და ინტერიერზე, რაც თითქოს არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების შუაში დგას.

M: როგორ ფიქრობ, ხელოვნებასთან დაბადებიდანვე იყავი კავშირში, თუ იყო შენს ცხოვრებაში გარკვეული პერიოდი, როცა ამ სფეროსკენ რადიკალურად შებრუნდი?

ხელოვნებასთან კავშირი, ცხადია, ყველას დაბადებიდანვე გვაქვს, თუმცა სურვილი იმის, რომ აკეთო ხელოვნება, ეს ცხოვრების იმ პერიოდიდან მოდის, როცა ექსპრესიული იმპულსები მეტია, ვიდრე ემოცია. ჩემთვის რეფლექსია იყო, რომელმაც ავტომატურად დამაწყებინა ხელოვნების კეთება.

M: როგორი იყო შენი პირველი ნამუშევრები? რას ქმნიდი თავდაპირველად?

პირველი მედია ფოტოგრაფია იყო, რომელსაც დღესაც არ ვივიწყებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფიული გემოვნება და ზოგადად ფოტოგრაფიის აღქმა მას შემდეგ რადიკალურად შემეცვალა.

M: ყველაზე ხშირად, რა მასალას იყენებ შენს შემოქმედებაში?

ყველა მასალას თავისი მნიშვნელობა აქვს ნამუშევარში, ამიტომ ძნელია, დავასახელო გარკვეული მასალები, რომლებიც კონკრეტულად ჩემს ხელოვნებასთან ასოცირდება. თავიდან თითქოს უფრო რამდენიმე მასალისკენ მიმიწევდა გული, ფერებსაც შეზღუდულად ვიყენებდი. დღეს მუდმივად ახლის ძიებაში ვარ და უამრავ ექსპერიმენტს ვატარებ.

M: შეგიძლია, გამოყო ის მარტივი და რთული დეტალები, რაც შენი შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი?

მარტივი და რთული იმდენად პერსონალურია, რომ შემოქმედების ამ კრიტეტიუმში განხილვა კიდევ უფრო სუბიექტურია. ყველაფერი ალბათ იმის მიხედვით იწონება, თუ რამდენად ახდენს ხელოვნება კომუნიკაციას მნახველზე.

M: მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მიმართულებით მუშაობა თვითგამოხატვის ბევრნაირ საშუალებას იძლევა, ვფიქრობ, ამ მრავალმხრივ მუშაობას მაინც თავისი სირთულეები სდევს თან. შენ რას ფიქრობ ამის შესახებ?

ნამდვილად რთულია, სამ სფეროში თანაბრად ინფორმირებული იყო ისტორიით, იცოდე, რა ხდება თანამედროვეობაში და თან ქმნიდე საკუთარს, თუმცა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ერთ სფეროში ტრიალს უფრო დიდ სირთულედ აღვიქვამ.

M: შენთვის ყველაზე უფრო გამორჩეული პროექტების შესახებ გვიამბე.. ან სულაც წარმატებებზე, რომლებისთვისაც აქამდე მიგიღწევია..

ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი ყაზახეთში რეზიდენციის პროექტი, ალმატის ხელოვნების ცენტრის გამოფენა იყო, როცა მანახეს 800 კვადრატული ღია სივრცე და მითხრეს, რაც გინდა ის ქენიო. ასევე, შარშან პოლონეთის ნაციონალურ გალერეაში გამოფენა საკმაოდ გამომწვევი იყო და საინტერესო პროცესებით განვითარდა.

M: ამჟამად რაიმე კონკრეტულ პროექტზე ხომ არ მუშაობ?

მაქვს რამდენიმე საინტერესო მიმდინარე არქიტექტურული პროექტი და პარალელურად ვსწავლობ ეინდჰოვენის დიზაინის აკადემიის კონტექტუალური დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე, რაც იმაზე მეტად ინტენსიური აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდი.

M: როგორ ფიქრობ, როგორი ნიადაგია თბილისი და ზოგადად საქართველო შენი შემოქმედებისთვის?

ვფიქრობ, თბილისი საკმაოდ საინტერესო პერიოდშია ახლა. ზედმეტად ბევრი აქტივობაა ასეთი პატარა ქალაქისთვის. ჩემთვის სტიმულის მომცემი გარემოა და სწავლის შემდეგ აუცილებლად ვაპირებ დაბრუნებას.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა