პროფესიის არჩევა იმ დროს მომიწია, როდესაც საქართველოში აბსოლუტური უპერსპექტივობა სუფევდა. ძალიან მიყვარდა ხატვა და სამხატვრო ლიცეუმში ვსწავლობდი, ხოლო როცა უნივერსიტეტში ჩაბარების დრო დადგა, არქიტექტურა ავირჩიე. საკმაოდ რთული დროის მიუხედავად, მაინც ვსწავლობდით ლექტორების თუ უფროსი თაობის ხათრითა და რიდით. იმ პერიოდში, მოგეხსენებათ, ქვეყანაში არქიტექტურის კუთხით აქტიურად არაფერი ხდებოდა და არც მე მყავდნენ არქიტექტორები ოჯახში, ამ სფეროში გარანტირებულად რომ მქონოდა პერსპექტივა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერც წარმომედგინა, სად ვიმუშავებდი, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი – ეს საქმე სიყვარულით ავირჩიე. მხარი დამიჭირა ოჯახმაც – მითხრეს, მოვიდოდა დრო, როცა ქვეყანას ჩემი სპეციალობის ადამიანებიც დასჭირდებოდა, ექიმებისა და ეკონომისტების გვერდით.
ასეც მოხდა. 2000-იანი წლების დასაწყისში, კომპიუტერით ხაზვა გახდა შესაძლებელი. ჩემი მეგობრისგან გავიგე კომპანია „არქიტრავის“ ვაკანსიაზე, გავიარე გასაუბრება, შევასრულე სატესტო დავალებები, ვაჩვენე ჩემი გაკეთებული მაკეტები და სწორედ ასე მოვხვდი პირველ სამსახურში, არქიტექტორად და ფასადის დიზაინერად. ბაზარზე კონკურენცია თითქმის არ იყო, ამიტომ ბევრი საინტერესო და იმ დროისათვის დიდი პროექტი ავიღეთ საკუთარ თავზე და შევქმენით საკმაოდ მასშტაბური პორტფელიც – ცნობილი ბრენდების საავტომობილო სალონები, ბიზნესცენტრები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. 2009 წლიდან, როცა ქვეყანაში სამშენებლო სექტორი გააქტიურდა, უკვე ბათუმში გადმოვედით და ჩემთვის ერთ-ერთ პირველ დიდ პროექტზე, სასტუმრო „კემპინსკიზე“ ვიმუშავე. წლების განმავლობაში, ბათუმის სამშენებლო პროექტებში ძალიან აქტიურად ჩავები.
„ალიანს ჯგუფში“ 2016 წლიდან ვმუშაობ, სადაც თავდაპირველად, გეგმარებითი ნაწილი, სამშენებლო ნახაზების მომზადება და ფასადის სამუშაოები მებარა. ამ დროის განმავლობაში, ვმუშაობდი არაერთ სანიმუშო პროექტზე, როგორიც „ალიანს ფრივილიჯი“ და „ალიანს პალასია“, ხოლო ამჟამად, რეგიონის ყველაზე მასშტაბურ პროექტ „ალიანს ცენტროპოლისში“ ვარ ჩართული.
როგორც არქიტექტორი, ფასადის სამუშაოებს ვაკეთებ. ჩემი მიზანია ნახაზი პროექტით გათვალისწინებულ პარამეტრებსა თუ ნორმებს ზედმიწევნითი სიზუსტით მოვარგო. ამას წინასწარ შერჩევა და დაგეგმვა სჭირდება. ძირითადი გუნდი, რომელთანაც ვმუშაობ, შიდა თუ გარე სივრცეებს ქმნის და საერთო ტერიტორიას აგეგმარებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ალიანს ჯგუფი“ განვითარებისკენ მომართული კომპანიაა, სადაც სამუშაო პროცესში უდიდესი შემოქმედებითი თავისუფლება გვეძლევა. კომპანიამ მომცა დიდი მასშტაბის პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ჩვენ გვაქვს ქართული რეალობისთვის განსაკუთრებული პროექტები, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
„ალიანსის“ მიერ განხორციელებულ პროექტებს თუ გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში. სხვა უამრავი კომპანიისგან განსხვავებით, საქმეს სრულად ჩვენ ვუძღვებით. ეს კი ნიშნავს, რომ აქ იზრდება სპეციალისტების ახალი თაობა, რომელიც თავისი თვალით ხედავს და სწავლობს, როგორ ხორციელდება რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, საერთაშორისო გამოცდილებასა და სტანდარტებზე დაყრდნობით. როდესაც წარსულს გადავავლებ ხოლმე თვალს, მახსენდება, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, საქართველოში ასეთი პროექტები თუ აშენდებოდა. დასრულებული შენობის შემყურე სიხარულითა და სიამაყით ვივსები, რადგანაც მეც ამ საქმის თანამონაწილე ვარ.
ლადო ლომსაძე – „ალიანს ჯგუფის“ ფასადის უფროსი არქიტექტორი












