15
Nov
2019

5 გასაკვირი და 1 სამწუხარო ამბავი – ლადო მალაზონია ADC*E ფესტივალს აფასებს

15 Nov 2019

ლადო მალაზონია, JWT Metro-ს სტრატეგიული დაგეგმარების თავი და თავი წელს, ADC*E – ART DIRECTORS CLUB OF EUROPE-ის ჟიურის წევრი გახლდათ და სწორედ ამიტომ, შესაძლებლობა გვაქვს, მისი დახმარებით გაგიზიაროთ, რა ხდებოდა ბარსელონაში ADC*E-ს კულისებში.

5 გაკვირვება ჟიურის ოთახიდან:

📌 1. კომერციული მიზნისთვის შექმნილი ნამუშევარი უფრო ღირებულია – თუკი, ადრე იფიქრებდი, რომ საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებისათვის სოციალურ პრობლემასთან დაჯახება უტყუარი გზა იყო, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია უკვე იცვლება. კი, განსახილველად მიღებული ნამუშევრების დიდი უმრავლესობა სწორედ სოციალური თემატიკისა იყო, მაგრამ უამრავ სენსიტიურ საკითხსა და ჩაგრულ ჯგუფებს შორის ერთის გამორჩევა საკმაოდ რთულია. მით უმეტეს მაშინ, როცა კარგი, ტრადიციული რეკლამაც გხვდება – აი ის, ბიზნესის ამოცანებსაც რომ ასრულებს და სააგენტოსაც აბედნიერებს ხოლმე.

📌 2. სიმარტივე უპირველეს ყოვლისა – 200-მდე ნამუშევრის შესაფასებლად, სულ 1 დღეა გამოყოფილი. რაც არ უნდა გამოცდილი და კომპეტენტური ჟიური იყოს, სწრაფ ტემპში კონცენტრირების შენარჩუნება და დეტალებში ჩაღრმავება საკმაოდ რთული ამბავია. ასეთ გარემოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნამუშევრის აღწერამ კითხვები და ეჭვები არ დატოვოს. შესაბამისად, თუ ჟიური პირველად ხედავს ნამუშევარს – რაც უფრო „დაღეჭილს“ მიიღებს, მით უფრო მარტივად გადაამუშავებს.

📌 3. უშედეგობა უშედეგოა – საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოვლენისას, ერთ-ერთი მთავარი „მეტალის ფილტრი“ დასახული ამოცანების შესრულებაა. რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს კონცეფცია და მისი განხორცილება, გაზომვადი გავლენის დემონსტრირების გარეშე, ჟიურიში მაინც წინააღმდეგობას აწყდება. სხვადასხვაგვარი შედეგი შეიძლება ფასობდეს – ადამიანური ქცევის შეცვლა იქნება, თუ მედიაში განხილვის დომინაცია, მთავარია ეს აღწერაში ცხადად და დამაჯერებლად ჩანდეს.

📌 4. სუბიექტურ ფაქტორებს ვერ გამორიცხავ – ყველა ადამიანი ბუნებრივად მიკერძოებულია და როცა ამას ემატება სხვადასხვა ინდივიდუალური (მაგ: შენი ქვეყნის ნამუშევრების გულშემატკივრობა თუ სხვა ქვეყნის მტრობა) და კონტექსტური ფაქტორი (მაგ: ლანჩის დროს გადაცდა და განხილვა აღარ გინდა გაიწელოს…) მაშინ სრული სამართლიანობის მოლოდინი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს. შეიძლება შენი ნამუშევარი სადღაც დაიჩაგროს, მაგრამ იმავენაირად, სადღაც გაუმართლოს კიდევაც.

📌 5. ქართული ნამუშევრების წარმატებისათვის მნიშვნელოვანია მეტი ცნობადობა – ჟიურის ოთახში ნამუშევრის „ერთი ნახვით შეყვარება“ საკმაოდ იშვიათი ამბავია. დიდი უპირატესობა აქვთ იმ კამპანიებს, რომლებმაც უკვე შეძლეს სახელის მოხვეჭა ფართო გაშუქებისა და სოციალურ ქსელებში გავრცელების ხარჯზე. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს სამუშაო.

მოკლედ, სამწუხაროდ წელს, ქართული ნამუშევრები ისე არ დაფასდა, როგორც შეგვეფერება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ამბავს დიდხანს ასე არ დავტოვებთ! – ამბობს დასასრულ, ლადო მალაზონია.

განხილვა