2
Nov
2017

ლადო მალაზონიამ პერსონალური ბრენდბუქი შექმნა

2 Nov 2017

„პერსონალურ ბრენდინგზე როცა დავიწყე ფიქრი, გადავწყვიტე, ის გამეკეთებინა, რაც მგონია, კარგად გამომდის – ბრენდის სტრატეგიული პლატფორმა – ბრენდბუქი. ოღონდ, უკვე საკუთარი თავისთვის. უცნაური რამე გამოვიდა. სლაიდ-სლაიდ შეგიძლიათ, გამიცნოთ“, – ლადო მალაზონია, სტრატეგი, რომელიც ამჟამად, ბერლინში ცხოვრობს და საქმიანობს.

ბრენდბუქი ეს არის ისტორია, რომელიც გვიყვება თქვენს ბრენდზე, შეიცავს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას მის შესახებ და იქმნება არათანმიმდევრულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში, თანხის, დროისა და შრომის დაზოგვის მიზნით. მარკეტერი ლადო მალაზონიას ესაუბრა:

M: პერსონალური ბრენდბუქის შემნისას, რა იყო თქვენი მიზანი?
ალბათ, სადღაც, გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ საჭიროა საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის დაგეგმვა, მიზნების დასახვა, იმაზე ფიქრი, რა გამომდის კარგად, რა – არა და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ყველაფერს ჩემი 5 წლიანი სტრატეგობის განმავლობაში სხვა ბრენდებისთვის ვაკეთებდი, გადავწყვიტე, მსგავსი სტრატეგიული პლატფორმა უკვე საკუთარი თავისთვისაც შემექმნა. ამ შემთხვევაში დამკვეთიც მე ვიყავი, შემსრულებელიც და სტარტაპიც. ჯერ არ ვიცი, გაამართლებს, თუ არა სტრატეგია, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო სავარჯიშო კი გამოვიდა.

M: საქართველოში რამდენად არის პერსონალური ბრენდბუქების პრაქტიკა და ამ გადაწყვეტილებაზე იქონია, თუ არა ბერლინში ცხოვრებამ გავლენა?
ბერლინში და ალბათ, სხვა დიდ ქალაქებში საჭირო კონტაქტების გარეშე ცხოვრება საკმაოდ ეფექტური reality check-ია. აცნობიერებ, რომ შენ ერთი ხარ, ისინი – ბევრნი. თითქმის ყველაფერში, საცხოვრებელი ადგილიდან და სამსახურიდან დაწყებული და ღამის კლუბების რიგებით დამთავრებული, მთელს მსოფლიოს ეჯიბრები. ასე რომ, ცდილობ, ყურადღება მიიქციო, რამით გამოგარჩიონ. ამ მოცემულობაში, ჩემთვის საკუთარი თავის პერსონალური ბრენდბუქით წარდგენა ყველაზე ბუნებრივი და საინტერესო გზა იყო, მაგრამ სხვა ქართული მაგალითების შესახებ არ მსმენია.

M: According to 10,000 hours rule, I should be pretty good at advertising by now“ – რას გულისხმობს 10,000 საათის წესი თქვენი ბრენდბუქის შესავალ ნაწილში?
ნიუ იორკერის ავტორის მალკოლმ გლედველის თეორიის მიხედვით, ერთი კონკრეტული უნარის უმაღლეს დონეზე დასაუფლებლად სწორედ ამდენი დროის – 10,000 საათის დათმობაა საჭირო. მაგრამ ეს წესი არა მგონია, ვრცელდებოდეს სარეკლამო ინდუსტრიაზე. წესებს კარგად უნდა იცნობდე და თან ყოველთვის უნდა სცადო მათი დარღვევა. ჩემს პერსონალურ ბრენდბუქში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კონცეფცია, ხუმრობა თუ სიტყვებით თამაში შეგხვდებათ, რომელსაც ალბათ, ჩემ გარდა, ბევრი ვერც ამოიცნობს, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ეს პრეზენტაცია, პირველ რიგში, ისევ ჩემთვისაა.M: რამდენად სასარგებლოა პერსონალური ბრენდის სახელმძღვანელო?
მგონი, ყველასთვის სასარგებლო უნდა იყოს საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრი და საკუთარი ბრენდის რაიმე ფორმით გამოკვეთა. ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმა ბრენდბუქი იყო, სხვებისათვის ეს შესაძლოა ბლოგი, პოსტერი, ვიდეო, თუ ჰეშტეგი აღმოჩნდეს. მაგალითად, მახსენდება გიორგი ავალიანი, რომელმაც გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად, ძალიან გამორჩეული და საინტერესო პერსონალური ბრენდი შეიქმნა.

M: ვინ იმუშავა ლადო მალაზონიას ბრენდბუქზე?
რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაგროვებდი ჩანაწერებს და ვასწორებდი ტექსტებს. მინდოდა მაქსიმალურად კომპაქტური და მარტივად საკითხავი ბრენდბუქი მიმეღო. ვიზუალურ მხარეზე კი ჩემმა მეგობარმა მატასი სულაკაურმა იზრუნა. დამიტოვა პრეზენტაცია და თვითონ უკვე რამდენიმე თვეა სუსხიან მოსკოვში, ლეო ბარნეტის სენიორ არტ-დირექტორად მუშაობს. თბილი მოკითხვა ბერლინიდან!

M: ამჟამად, რას საქმიანობთ?
ბერლინში წამოსვლა გარკვეული (თუ გაურკვეველი) დროით ჩემს საყვარელ ადამიანებთან და სამსახურთან, ვინდფორსთან დამშვიდობებას გულისხმობდა. თუმცა, აქ მუშაობის პარალელურად, ვცდილობ არც ქართულ ამბებს ჩამოვრჩე და თეთრი ხმაურის მოძრაობასთან ერთად ჩართული ვარ #დასრულდეს კამპანიის მსვლელობაში.

განხილვა