3
Dec
2019

ლადო მალაზონიას გზა ბავშვობიდან სტრატეგობამდე

3 Dec 2019

სტრატეგი – ეს ის სტატუსია, რომლითაც დღევანდელი ლადო მალაზონიას დახასიათება შეგვიძლია. თუ უფრო მეტ კონკრეტიკას მოგვთხოვთ, მაშინ გეტყვით, რომ ლადო საკუთარ საქმიანობაზე შეყვარებული სტრატეგია. მუდმივი ძიების რეჟიმშია – შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ამას აკეთებს. ინტერესის სფერო ბევრი აქვს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, სტრატეგობა დიდ შრომასა და დროის რესურსს საჭიროებს, ამიტომაც, ძირითადად, ამ საქმიანობაზეა ორიენტირებული.

ეს ადამიანი ბევრი წლის განმავლობაში მოგროვებული ცოდნის გაზიარებასაც ახერხებს – ის დღეს საკომუნიკაციო სკოლაში ასწავლის და დიდი სურვილი აქვს, რომ ხალხი ამ პროფესიით დააინტერესოს. ლადო მალაზონია Spotlight 2019-ის სპიკერია, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 დეკემბერს აუდიტორიის წინაშე ერთიანობის ჭრილში ისაუბრებს. მანამდე კი, ლადოს საკუთარი ცხოვრების შესახებ გავესაუბრეთ:

ლადო მალაზონია

ლადო მალაზონია არის სტრატეგი. ასე დალაგდა ჩემს ცხოვრებაში – თავიდან ოჯახისთვის და ახლობლებისთვის უბრალოდ ლადო ვიყავი, სკოლაში – მალაზონია. დღეს ლადო მალაზონია სადაც ჩანს და სადაც ცხადდება, სტატუსად მოჰყვება სტრატეგი და უკვე ჩემი თავი ამ სტატუსის გარეშე აღარც წარმომიდგენია.

ბავშვობა

ბავშვობის ფოტოებს რომ ვათვალიერებ ხოლმე, ერთი ასეთი ფოტო მხვდება – 10 წლის ვარ, აკვა პარკში ვზივარ და ინგლისური გაზეთი მიჭირავს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული ბავშვი ვიყავი. როგორც მახსოვს, პოლიტიკოსობა მინდოდა, ბევრს ვკითხულობდი ამ სფეროს შესახებ. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოში პოლიტიკოსობა არც ისე საინტერესო საქმიანობა იქნებოდა.

კითხვა მიყვარდა ძალიან – სულ ვკითხულობდი წიგნებს, გაზეთებს, რაც ინტერნეტი გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, იქ არსებულ ინფორმაციებსაც დავეწაფე. მიყვარდა თამაშიც, თუმცა, ძირითადად, მარტო ვთამაშობდი. დიდად სოციალური ბავშვი არ ვიყავი, ვთამაშობდი კომპიუტერულ თამაშებს, მარტო ვაწყობდი ლეგოებს..

იმის შესახებ, თუ ვინ ვიქნებოდი მომავალში, კონკრეტული წარმოდგენები არასდროს მქონია. თუმცა, საოცნებო სამსახურად Google-ს მოვიაზრებდი. უფრო იმიტომ ვოცნებობდი გუგლზე, რომ ყოველთვის მიყვარდა რაღაცების “სერჩვა”. მერე უკვე დავასკვენი, რომ ძებნა და კვლევა ყველაზე ახლოსაა ჩემთან და ჩავაბარე სოციოლოგიაზე. ეს პროფესია ერთგვარად ამ ყველაფერს მპირდებოდა.

განათლება

ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი განათლებაა: წიგნები და სტატიები, რომლებიც წამიკითხავს, ფილმები, რომლებიც მინახავს და ყველაფერი, რაც ჩემით მაქვს მოძიებული.

ზოგადად კი, კარგად ვსწავლობდი სკოლაში. ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ ილიას უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს შორის მეორე ადგილზე მოვხვდი ჩემი შედეგებით. სოციოლოგიის ფაკულტეტზე არსებობდა ერთი ამგვარი კურსი: დიადი წიგნები, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და კარგი წიგნების კითხვა მიწევდა.

თუმცა, მაინც ყოველთვის თვითგანათლებისკენ ვიყავი გადახრილი და ამის უფრო მჯეროდა.

სამსახური

მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა უკვე მუშაობა დავიწყე სარეკლამო სააგენტოში და აქედან იწყება ჩემი განათლება სარეკლამო სფეროში. აქ ხომ თითოეული პროექტი შესაძლებლობაა, კონკრეტულ ინდუსტრიას და კატეგორიას ჩაუღრმავდე და ბევრი ისწავლო.

ერთი სიტყვით, მუშაობა დავიწყე სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ში, რომელთანაც ნიკუშა ანთაძემ დამაკავშირა თავდაპირველად. ჩემი პოზიცია იყო ციფრული კოპირაიტერი – მანამდე ბლოგებს ვწერდი და მაშინ, როცა “ციფრული” ბუნდოვანი სიტყვა იყო, მე ასე თუ ისე, მქონდა ამაზე წარმოდგენა.

სააგენტოში რომ მივედი, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი დამხვდა, რომლებმაც შემაყვარეს ეს სფერო. განსაკუთრებით, გამოვყოფდი ვატო ქავთარაძეს, რომელმაც ერთ დღეს მითხრა, რომ მე შეიძლებოდა გავმხდარიყავი სტრატეგი. სწორედ ამის მერე ვარ ამ საქმიანობით შეპყრობილი და მასზე მიჯაჭვული.

Windfor’s-ში 5 წელი ვიმუშავე. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ მოვიგეთ, მივაღწიეთ, გავაკეთეთ.. სარეკლამო სააგენტოში ერთი ამგვარი ინსაითია, რომ ვერასდროს იქნები ბოლომდე ბედნიერი, თუ კანის ლომს არ მოიგებ. ჩვენ ეს პრიზი (ვერცხლის ლომი) მოვიგეთ კამპაანიით “Dinner with Georgia” და ეს ჩვენთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტი. ამ პრიზმა მომცა მოტივაცია და თავდაჯერება იმისთვის, რომ არ გავჩერებულიყავი და მივედი ემოციურად რთულ გადაწყვეტილებამდე – დავტოვე ვინდფორსი.

ბერლინი

ყველანაირი გარანტიის გარეშე, კომფორტის ზონიდან გასასვლელად, ახალ გამოწვევებთან შესაჭიდებლად და თავგადასავლების საძიებლად წავედი ბერლინში. ამ ქალაქში ვიცხოვრე ის პერიოდი, რა პერიოდიც ვიზით მქონდა ნებადართული, ანუ 3 თვე. ამ 3 თვის განმავლობაში მიზნად დავისახე, რომ ბევრი უნდა მეფიქრა და გადამეფასებინა საკუთარი ცხოვრება, ჩემი პროფესია, უკეთ გამეგო, რა მინდოდა, რა მაინტერესებდა და ასევე, უნდა მეცადა, დავკავშირებოდი სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს.

საბოლოოდ გამოვიდა ის, რომ პიროვნულად ძალიან გავიზარდე. ჩემთვის ეს პერიოდი ნამდვილად ღირებული იყო. შევეჩეხე გარკვეულ შეზღუდვებს და მივხვდი, რომ იქ მართლა ვერ დავფუძნდებოდი, შედეგად, დავბრუნდი საქართველოში.

ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ძალიან ვაფასებ.

შემდეგ..

დაბრუნებისთანავე მივხვდი – ეს სამი თვე არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ საკუთარი თავის გადაფასება დამესრულებინა და ამიტომაც დავიწყე მუშაობა ყავის აკადემიაში მარკეტინგის მიმართულებით. 6 თვის განმავლობაში სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლის თვალით ვაკვირდებოდი კლიენტს, ე.ი კომპანიას, რომელსაც საკუთარი ბიზნესის აწყობა და განვითარება სურდა. მეორე მხრივ, ეს საქმიანობა იყო ერთგვარი ჰობი და ამ პერიოდში ვეცნობოდი, თუ როგორ შეიძლება გემრიელი ყავის კეთება.

JWT Metro 

გამოხდა ხანი და დავრწმუნდი, რომ სარეკლამო სფეროს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და ჩემი წარსული სტრატეგობა უნდა დამებრუნებინა. გადავწყვიტე, გამეგრძელებინა მუშაობა JWT Metro-ში ორი მიზეზის გამო: 1. ძალიან საინტერესო ადამიანები მუშაობენ აქ და მინდოდა, მათთან ერთადაც მეცადა ბედი ამ ინდუსტრიაში და 2. JWT Metro ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო სააგენტოა, სადაც 60-იან წლებში სტრატეგიის განყოფილება გაჩნდა. ძალიან ბევრი ცოდნა და სახელმძღვანელოა დაგროვილი ამ სააგენტოში, რომლებიც განსაზღვრავენ ზოგადად ამ დარგს. და სწორედ იმიტომ, რომ ამ ცოდნის ათვისება მინდოდა, JWT-ში დავფუძნდი.

სტრატეგის უნარები

კარგი სტრატეგობისთვის აუცილებელია ცნობისმოყვარეობა – უნდა გაინტერესებდეს ყველაფერი, ეძებდე ღირებულს.. ამისთვის ასევე გჭირდება ემპათიაც, რადგან სტრატეგიის როლი მომხმარებლების ინტერესების/სურვილების დაცვა და მათთვის რელევანტური ნამუშევრების შეთავაზებაა. იუმორის გრძნობა – იმისთვის, რომ პრობლემებს სიღრმეებში ჩაწვდე. და ასევე, მნიშვნელოვანია აზარტულობა – ეს საკმაოდ კონკურენტული გარემოა და აქ გამოწვევებს ისე უნდა შეხედო, როგორც თამაშს, რომელსაც აქვს თავისი წესები და რომელშიც უნდა გაიმარჯვო. ეს საქმიანობა ერთგვარი სპორტია.

რა ხდება ახლა?

ამჟამად, როგორც აღვნიშნე, ვარ სტრატეგიის ხელმძღვანელი JWT-ში და ჩვეულებრივად მივყვები ყოველდღიურ პროექტებს/საქმიანობას. ამასთან ერთად, დღემდე ვცდილობ, გავერკვიო, რას ნიშნავს ეს პროფესია და როგორი უნდა იყოს კარგი სტრატეგი. უფრო და უფრო მეტად მიჩნდება მოტივაცია და სურვილი, რომ ამ დარგში სხვებიც გავარკვიო და ახალგაზრდა, თუნდაც არაახალგაზრდა სტრატეგები გაჩნდნენ ამ ქვეყანაში. ამიტომაც, ვასწავლი საკომუნიკაციო სკოლაში, მანამდე კი ჯიპაში ვასწავლიდი. ერთგვარ მიზნად მაქვს, ბევრ ადამიანს გავუჩინო სტრატეგიით დაინტერესების სურვილი.

რითი ამაყობ?

ვფიქრობ, დღემდე კანის ლომებზე მოპოვებული ჯილდო ყველაზე საამაყოა. თუმცა, დიდი დოზით ალბათ არაფრით ვამაყობ – უფრო მეტად ვცდილობ, ჩემი საქმე შევასრულო, კონკრეტულ მომენტში გადავჭრა ამოცანები და მერე უკვე სხვა გამოწვევაზე მუშაობას შევუდგე. მაინც მგონია, რომ ჯერ წინაა ის, რითიც ვიამაყებ. ამჟამად სიამაყისთვის არ მცალია.

ჰობი

ჩემთვის განტვირთვის უებარი და უტყუარი საშუალება არის ფეხბურთი – ნებისმიერი ფორმით. ფეხბურთი მამშვიდებს. მიყვარს სამაგიდო, ინტელექტუალური თამაშები.. თეორიულად შეიძლება, წარმოვიდგინოთ, რომ ბევრი ჰობი მაქვს, მაგალითად: კულინარია, მოგზაურობა.. თუმცა, მათთვის დრო აღარ მრჩება.

ავტობიოგრაფია, როგორც..

ქაოტური. თუმცა, თითქოს გამიზნულად, გეგმაზომიერად ქაოტურია. ქაოსი/უწესრიგობა/გაურკვევლობა ყველაზე მეტად არ მიყვარს, თუმცა, სამაგიეროდ ამ ქაოსში აზრის პოვნა მიყვარს, რის მერეც ეს ქაოსი ლაგდება. ამიტომ, ერთი მხრივ, ქაოსს გავურბივარ, თუმცა, რეალურად – არსადაც არ გავურბივარ, რადგანაც მე ეს მჭირდება. მჭირდება პრობლემები, რომლებიც უნდა გადავწყვიტო, ეს პრობლემები კი, ძირითადად, ბიზნესების და ბრენდების პრობლემებია..

რატომ ეს საქმე?

ეს საქმე იმიტომ, რომ არაფერში გზღუდავს. ნებისმიერ სფეროსთან შეიძლება, გქონდეს შეხება და მასზე გავლენის მოხდენის საშუალება. ძალიან ბანალურად კი ჟღერს, მაგრამ სამყაროს ოდნავი გაკეთილშობილება შეიძლება ამ საქმიანობით.

საით?

ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობა არის დაგეგმვა და პრობლემების გადაჭრა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საკუთარ თავზე/გეგმებზე ეს საერთოდ არ ვრცელდება.. ძალიან არ მიყვარს, სიტყვა კარიერა და ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი ცხოვრებისთვის კარიერული პერსპექტივით არ შემეხედა. შესაბამისად, არც ვგეგმავ და არც ვიცი, რა მოხდება. მაქვს გარკვეული კრიტერიუმები/მოთხოვნები, რომ რასაც ვაკეთებ იყოს კმაყოფილების მომტანი და თავს ცოცხლად/ტონუსში ვგრძნობდე. და მინდა, რომ ყოველთვის მქონდეს მაქსიმალური მოქნილობა – როცა რაღაც სიტუაცია აღარ დამაკმაყოფილებს, უბრალოდ შევცვალო..

ერთიანობა

ერთიანობა ძალიან რთული მგონია. ჩემი აზრით, ესაა განსხვავებულობების მიღება და კავშირების პოვნის ხელოვნება. ესაა ადამიანების, კონცეფციების და ბევრი სხვა ობიექტის ერთმანეთთან შევკავშირება.

ასევე ვფიქრობ – ერთიანობა იმისთვისაა საჭირო, რომ შედეგს უკეთ მივაღწიოთ.

და რატომ ასეთი ლაკონიურობა?

დიახ, ლაკონიური ვარ და მეუბნებიან, რომ ვარ, მაგრამ ეგეც ჩემს პროფესიასთანაა დაკავშირებული. სტრატეგი უნდა იყოს ლაკონიური, უნდა იყოს ეკონომიური და სიტყვები ისე მოიხმაროს, რომ სათქმელი მინიმალური რესურსით თქვას. “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” – სწორედ ესაა ჩემი ყოველდღიური გამოწვევა სამსახურში, რაც მერე უკვე ცხოვრებაშიც გადმოდის..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა