in

აიღე day-off, წამოდი გუდაურში! – 24 მარტს, „ლადოს თასის“ მე-15 შეჯიბრი და გასართობი ღონისძიება ჩატარდება

თუკი გული მთებისკენ მიგიწევთ, კარგი ამბავი გვაქვს – მხოლოდ ამ პარასკევს, 24 მარტს, გუდაურში „ლადოს თასი“ გაიმართება. სამთო-სათხილამურო ტურნირი სპორტული შეჯიბრის გარდა, გასართობ ნაწილსაც ითვალისწინებს, რომელსაც მუსიკალურად SALIO, Haverdi და OCD გაუძღვებიან. საუკეთესო დღეა day-off-ისთვის, ესაა სამთო სათხილამურო დღესასწაული, რომელიც ზამთრის სეზონის დახურვამდე, არ უნდა გამოტოვოთ.

„ლადოს თასისთვის“ 2023 საიუბილეო წელია. შეჯიბრი დაარსდა სპორტსკოლა „იკისკის“ მწვრთნელის, ლადო ბოლქვაძის საპატივცემულოდ, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. წლების განმავლობაში, ლადო ბავშვებს სამთო-სათხილამურო სპორტისადმი სიყვარულს უღვივებდა, სწორედ ამან შთააგონა მის მეგობრებს „ლადოს თასის“ ჩამოყალიბება და უკვე მე-15 წელია შეჯიბრი თავს უყრის ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან.

ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ყველა სპორტსკოლას, საქართველოს მასშტაბით. შეჯიბრი სამთო-სათხილამურო სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ნიჭიერი ახალგაზრდა მოთხილამურეების აღმოჩენასა და მათ სპორტსმენებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. რა ელით მონაწილეებსა და განტვირთვის მსურველებს „ლადოს თასზე“ და რა მასშტაბებზე ვითარდება ტურნირი, მისი თანადამფუძნებელი გიორგი გორდეზიანი გვესაუბრა.

M: წელს, „ლადოს თასისთვის“ განსაკუთრებული წელია. ტურნირი 15 წლის გახდა. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ ჩამოყალიბდა ის ამ სახით, როგორიცაა ახლა?

„ლადოს თასი“ სამოყვარულო ტურნირია. მისი დაარსების დროისთვის, 2009 წელს, ღონისძიებაში მონაწილეობა მხოლოდ ლადოს სამეგობრომ და სამთო-სათხილამურო სპორტის სანაცნობო წრემ მივიღეთ. ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ შეჯიბრისთვის ჩამოყალიბებული სახე მიგვეცა და ყოველწლიურ ტურნირად გვექცია. წლების განმავლობაში შევიმუშავეთ, ვისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი შეჯიბრი, რა კატეგორიები უნდა დაგვემატებინა, როგორი ყოფილიყო მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორია (7-13 წლამდე და 14-17 წლამდე). ასევე, გვაქვს მესამე, კონკურსგარეშე კატეგორია, რომელშიც მონაწილეობას იღებს „ლადოს თასის“ სამეგობრო წრე. ასე ჩამოყალიბდა „ლადოს თასი“ ბავშვთა და მოზარდთა პირველ ტრადიციულ ტურნირად, რასაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდით.

M: თქვენი შეფასებით, რა გავლენა იქონია ლადოს თასმა, ამ წლების მანძილზე, სპორტის განვითარებაზე?

ვფიქრობთ, რომ სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციაში პატარა წვლილი ჩვენც მიგვიძღვის, ვინაიდან შეჯიბრში, წლების განმავლობაში, 1000-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო და ბევრ ადამიანს შევაყვარეთ თხილამურზე სრიალი. „ლადოს თასის“ პირველი პატარა მონაწილეები, დღეს, უკვე საქართველოს ნაკრებში განაგრძობენ პროფესიონალურ კარიერას. ზოგი მათგანი ბაკურიანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც იყო ჩართული და დღეს, ჩვენი ტურნირის ორგანიზებაშიც გვეხმარებიან.

M: „ლადოს თასი“ ყოველთვის ბაკურიანში ტარდებოდა. როგორი იქნება წლევანდელი ღონისძიება გუდაურში?

გვინდოდა, „ლადოს თასი“ უფრო მეტი ყოფილიყო, ვიდრე სპორტული შეჯიბრი, ამიტომ ტურნირის გარდა, გასართობი ნაწილიც დავამატეთ, რათა მთლიანობაში, ეს ღონისძიება იყოს ერთი დიდი სპორტული დღესასწაული მისი მონაწილეებისა თუ დამსწრე საზოგადოებისთვის.

ბაკურიანში არსებული სპორტსკოლებისთვის ეს ტურნირი განსაკუთრებულად საყვარელია. წლების მანძილზე, „ლადოს თასს“ ყოველთვის ბაკურიანში ვატარებდით და შეჯიბრი ბაკურიანის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა, თუმცა არაპროგნოზირებადი ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, საიუბილეო მე-15 წელს, 24 მარტს, გუდაურში აღვნიშნავთ და ბაკურიანისა და მთელი საქართველოს სპორტსკოლებს ველით. სპეციალურად წლევანდელი წლისთვის, ცვლილება გვაქვს არასაკონკურსო ტურნირში, რომელშიც 18+ ასაკის მონაწილები არიან – ამ კატეგორიაში მონაწილეობა, ამჯერად, შეუძლია ყველას.

რაც შეეხება გასართობ ნაწილს, 24 მარტს, პარასკევს, ტურნირის მსვლელობისას სტუმრებს მუსიკალური ჰანგებით გაართობს OCD, შემდგომ დასკვნით ნაწილზე დაუკრავენ SALIO-ს ბენდი და Haverdi.

ყოველწლიურად, „ლადოს თასი“ სტუმრებს შეჯიბრის დასკვნით ნაწილზე, კონცერტების სახით გამორჩეულ სიურპრიზებს სთავაზობს, რისი ორგანიზებაც წარმოუდგენელია ტურნირის მხარდამჭერების გარეშე. განსაკუთრებულად მახარებს იმის აღნიშვნა, რომ „ლადოს თასს“ წელს ძალიან აქტიური მხარდამჭერი კომპანიები ჰყავს. ეს უპრეცედენტოა ჩვენი ტურნირისთვის, ვინაიდან ღონისძიების ჩატარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მათგან გვაქვს დიდი მხარდაჭერა, რომელმაც ტურნირის სულ სხვა დონეზე გადასვლას შეუწყო ხელი.

M: რა გეგმები გაქვთ „ლადოს თასის“ განვითარებასთან დაკავშირებით?

ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა, რამაც საერთაშორისო მასშტაბით გაზრდისკენ გვიბიძგა. ამ დროისათვის, ვართ მოლაპარაკების რეჟიმში ერთ-ერთ უცხოურ ტურნირთან. ეს გახლავთ საერთაშორისო ტურნირი მოზარდებისთვის. მათი მხრიდან დიდია დაინტერესება და თანამშრომლობის შემთხვევაში, „ლადოს თასის“ გამარჯვებულები იქაურ ტურნირზე გაემგზავრებიან მონაწილეობისთვის, ხოლო იქაური ტურნირის გამარჯვებულები კი აქ ჩამოვლენ, „ლადოს თასზე“. ამგვარად, ტურნირის ხარისხიც გაიზრდება და მასში მონაწილე მოთხილამურეების კვალიფიკაციაც ამაღლდება. ჩვენი მიზანია, „ლადოს თასი“ გასცდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და საერთაშორისო დონეზე დაიმკვიდროს შესაბამისი სახელი.

 

[R]

Popmart.ge – Making Science Sweeft-ის ახალი პროექტი და კიდევ ერთი e-commerce პლატფორმა ქართულ ბაზარზე

ინსტაგრამის საძიებო ველში რეკლამები გამოჩნდება — 2 ახალი ფუნქცია