15
Feb
2019

ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée, თბილისში

15 Feb 2019

თბილისში ფრანგული Ladurée გაისხნა. ეს საცხობი და ტკბილეულის მწარმოებელი სახლია, რომელიც, პირველად, დაახლოებით, 150 წლის წინ, პარიზში გამოჩნდა. ბრენდი, დღეს, მსოფლიოს 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

mBank QR
mBank QR

Ladurée-ს დაბადება

1862 წელს ლუი ერნესტ ლადუღემ პარიზში, Rue de Royale-ზე, პატარა საცხობი Ladurée გახსნა. იმავე წელს, ქალაქში ოპერის მშენებლობა დაიწყო, რამაც მიმდებარე ქუჩების, შენობებისა და დაწესებულებების განვითარება გამოიწვია. მათ შორის იყო Ladurée -ც. 1871 წელს, ხანძრის შემდეგ, საცხობი საკონდიტროდ გადაკეთდა. მისი ინტერიერის გაფორმება, იმ დროისათვის ცნობილ მხატვარს ჟიულ შერეს მიანდეს, რომლის ინსპირაციის წყაროც სიქსტეს კაპელასა და ოპერის თეატრის მხატვრობა გახდა. ამასობაში, პარიზმა ახალი იერსახე შეიძინა – ქალაქში, ერთი მეორეს მიყოლებით იხსნებოდა კაფე-ბარები, სადაც ძირითადად, საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. პარიზში შეიცვალა ცხოვრებაც. თუ მანამდე მხოლოდ მამაკაცები დადიოდნენ კაფეში, ქალებმაც ნელ – ნელა დაიწყეს სალონური შეკრებები, ოღონდ ეს იყო უფრო ლიტერატურული კაფეები. სწორედ ამიტომ, ლადუღეს მეუღლემ, ჟან სუშაღდიმ სტილების შერევა გადაწყვიტა –  პარიზული კაფესა და საკონდიტროს შერწყმით, ქალაქში პირველი ჩაის სალონი შექმნა. ასე დაიწყო  Ladurée-ს ახალი ცხოვრება.

საქართველოში ბრენდის პარტნიორი კომპანია „ველჰაუსია“. როგორც თავად ამბობენ, თბილისის Ladurée-ში ადგილობრივი და საერთაშორისო კულინარების გუნდი ერთად იმუშავებს და არჩევანიც დიდი იქნება – ტრადიციულ, ფერად მაკარონებთან და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად, სტუმრები ფრანგული სამზარეულოს სხვა კერძებსაც დააგემოვნებენ. მაკარონი ნუშის ორმხრივი გულსართიანი ნამცხვარია სხვადასხვა გემოთი და არომატით. ეს Ladurée-ს, ერთგვარი, სავიზიტო ბარათია.

თბილისში Ladurée-ს გახსნისთვის ბრენდის პრეზიდენტი დევიდ ჰოლდერი ჩამოვიდა. ამბობენ, რომ გრძელი თმით, როკ ენ როლის ბეჭდებით, ტანზე მომდგარი პიჯაკით, თეთრი პერანგითა და ყოველთვის ჰალსტუხის გარეშე,  დევიდი არაორდინალური პრეზიდენტია. მუდმივად მოგზაურობს, არის მეოცნებე და გახსნილი ადამიანი. მისთვის Ladurée სიამაყეა. ამბობს, რომ ბრენდის მთავარი ღირებულება ხარისხია.

დევიდ ჰოლდერი: Ladurée-ს მთავარი ფასეულობა ხარისხია

„ხარისხი ნიშნავს გუნდს. ყველაფერი იწყება და იქმნება ადამიანებთან ერთად. Ladurée-ს, მსოფლიო მასშტაბით, სწორედ ასეთი გუნდი ჰყავს. ისინი ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან. შემდეგი არის პროდუქციის, რეცეპტების, მომსახურების ხარისხი. Ladurée საოცნებო ბრენდია და როდესაც ოცნებაზე ვლაპარაკობთ, ამაში ყველაფერი იგულისხმება. ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობა ყველა ქვეყანაში, ბრენდის ნებისმიერ მაღაზიაში“.

მსოფლიოს მასშტაბით, Ladurée, მართლაც, მრავლადაა. თბილისის ფილიალი რიგით 106-ა. დევიდ ჰოლდერი ამბობს, რომ აქ სწორი პარტნიორი იპოვა და ამიტომ გადაწყვიტა ქართულ ბაზარზე შემოსვლა. როცა ასე არ ხდება, როგორც წესი, კონკრეტულ ბაზარზე უარს ამბობს.

„Ladurée-ს ადგილობრივი გუნდი ჩემი საყრდენია. პრინციპში ყოველთვის ასეა. მაგალითად, ნიუ-იორკში რომ მაღაზია გავხსენი, ჩემს დას ვუთხარი წასულიყო იქ შვილებთან, ქმართან ერთად და შეექმნა ისეთი ბრენდი, როგორიც უნდა იყოს Ladurée, როგორც ამ ოჯახს შეეფერება. მე არ ვიცნობ საქართველოს, ადგილობრივ ბაზარს, ლოკალური გუნდის გარეშე, ვერაფერს შევძლებ, ყველა ქვეყანა უნიკალურია, აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა და მართვა სჭირდება. ზოგჯერ, ისეც ხდება, თვითონ ქვეყანა ან ხალხი არ არის მზად Ladurée-სთვის. დიახ, ჩვენ გვაქვს საუკეთესო პროდუქცია, მაგრამ ადგილობრივებს უნდა აინტერესებდეთ ფრანგული ტკბილეული, უნდა მოსწონდეთ ფრანგული სამზარეულო, ფრანგული ცხოვრების სტილი. ეს მხოლოდ ძვირადღირებული ბრენდი არ არის, Ladurée ნამდვილად ცხოვრების სტილია“.

ამბობს, რომ ყველა Ladurée განსხვავდება ერთმანეთისგან. მთავარი სირთულეც და ხიბლიც სწორედ ამაშია.

„არ მინდა, რომ რაიმე გავიმეორო. არასწორია, როდესაც Ladurée-ს მსგავსი ბრენდი ყველგან ერთნაირია. აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ადგილობრივი კულტურა, ისტორია, ტრადიციები. ზოგი ქვეყანა ძალიან კლასიკურია, ზოგი -პირიქით. სწორედ ამის შესაბამისად ვაწყობთ იქ მაღაზიებს, კონკრეტულად მათთვის ვქმნით დიზაინს თუ პროდუქციას. ყველა Ladurée უნიკალურია. მათ შორის, ვერც თბილისისას შევადარებ სხვას. მაგალითად, პარიზის შემდეგ, პირველ Ladurée-ს რომ ვხსნიდი ჟენევაში, მეგონა, ყველაფერი ვიცოდი ამ ქალაქზე, მანამდე წლები ვცხოვრობდი იქ. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ შევცდი. ისინი არ ფიქრობდნენ პარიზელებივით, არ ჰქონდათ იგივე მოთხოვნები და ინტერესები. მე ვაკეთებ საუკეთესო ცომეულს, მაკარონს, კერძებს, საუკეთესოს რაც კი პარიზში მისწავლია. მაგრამ ეს ყველაფერი სხვა ქვეყანაში რომ მოაწონო ხალხს, სწორი გზით უნდა იარო, გაითვალისწინო ადგილობრივების სურვილები. იმედი მაქვს, Ladurée ძალიან წარმატებული იქნება თბილისში, ქართველი ხალხისთვის ცხოვრების სტილი გახდება“.

დევიდ ჰოლდერი ამბობს, რომ Ladurée ნამდვილად ცხოვრების სტილია და ყოველთვის ასე იყო – სალონური ტიპის შეხვედრებს მართავდნენ ქალები, ჰქონდათ სოციალური ცხოვრება.

„Ladurée-ს ახლაც ეს ფუნქცია აქვს. მთელს მსოფლიოში ჩვენთან დადიან ადამიანები, ვისაც ერთმანეთთან შეხვედრა, საუბარი და დროის გატარება სურს. ეს არ არის ბრენდი მხოლოდ მდიდრებისთვის. ყველას შეუძლია მოვიდეს და თუნდაც, 2 ევროდ, მიირთვას მაკარონი. Ladurée ღიაა წყვილების, ოჯახების, მეგობრებისა და ბავშვებისთვის. აქ უნდა მოვიდეს ყველა, ვისაც სურს, ფრანგული სამყარო აღმოაჩინოს. ყველა ვისაც, ფრანგული ცხოვრების სტილი აინტერესებს. რადგან Ladurée სწორედ ესაა. მასში ფრანგული სისხლი იგრძნობა“.

მისი აზრით, უცხოურ ბაზარზე თავი რომ დაიმკვიდრო, ლოკალურად ფიქრი უნდა შეძლო, გაიგო, ვინ იქნება მომხმარებელი და გაითვალისწინო თითოეული ჯგუფის ინტერესი.

„უნდა გაიგო, ვინ იქნებიან შენი სტუმრები, მომხმარებლები. შემდეგ კი უნდა იყო ძალიან რეაქტიული. თუ ხედავ, რომ მენიუ შესაცვლელია, რაიმე უნდა დაამატო ან – პირიქით, გააკეთე ეს ახლავე. ხანდახან, შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე, წარმატების გარანტია, საუკეთესო პარტნიორიც კი არ აღმოჩნდეს. ხშირად, ყველაფერი ქვეყნის სპეციფიკაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ძალიან სწრაფად უნდა მიაგნო იმ წერტილს, რაც ბრენდს და, ამ შემთხვევაში Ladurée-ს, კონკრეტულ სოციუმში მოუტანს წარმატებას“.

საქართველოში დიდი გეგმები აქვს. თუმცა, ჯერ პირველ ფილიალზეა კონცენტრირებული. ფიქრობს წარმოების გაფართოებაზე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისის Ladurée ადგილობრივებისთვის ცხოვრების სტილი გახდება.

დევიდ ჰოლდერი საუბარს იქ ამთავრებს, საიდანაც დავიწყეთ, საიდანაც დაიწყო Ladurée-მ.

„ ყოველ წელს, ჩემი გუნდის თითოეულ წევრს ამას ვეუბნები: არ დაივიწყოთ ჩვენი ისტორია, ის თუ საიდან მოვდივართ. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, გაამართლო, უდიდესი ფრანგული ბრენდის 150 წლიანი ისტორია.  ჩვენ მოვდივართ ტრადიციიდან, მე-19 საუკუნიდან. ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, რაც გვაქვს Ladurée-ს ოჯახია, მისი სისხლია. მინდა, ამით მთელი ჩემი გუნდი ამაყობდეს. ყოველ ჯერზე, როცა კლიენტს ემსახურები, მათაც უნდა დაანახო შენი ტრადიცია, წარსული. არასოდეს ვამბობ, რომ Ladurée უბრალოდ ტკბილეულის მაღაზიაა, რა თქმა უნდა, ის საუკეთესოა, მაგრამ ბრენდის მთავარი ღირებულება მისი ისტორიაა და ეს განაპირობებს ყველაფერს“.

კადრი ფილმიდან „მარი ანტუანეტი“ (2006წ)

P.S. ამერიკელი რეჟისორისა და სცენარისტის სოფია კოპოლას „მარი ანტუანეტის“ (2006) ინსპირაცია სწორედ რესტორანი Ladurée გახდა. ფილმის სხვადასხვა სცენა Ladurée-ს ტკბილეულითაა გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ ბრენდის მაკარონის ერთ-ერთი სახეობა მარი ანტუანეტის სახელს ატარებს.

[R]

განხილვა