“ერი, თუ საზოგადოება, მარტო იმას უნდა ეძახდეს “ჩვენგანს”, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვნის სიტყვით, თუ საქმით და ეს ღვაწლი გაბწყინებულია, შუქშესხმულია მადლითა; აქ სულერთია, თქმაა ეს ღვაწლი, თუ ქმნა, იმიტომ, რომ ზოგჯერ თქმა ქმნა არის”. ილია ჭავჭავაძე
“ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე” – ძირითადად, ასე მოიხსენიებს საბჭოთა მედია კაცს, რომელსაც დღეს ჩვენ ნამდვილ მეწარმეს და “ანტრეპრენუარს” უნდა ვეძახდეთ.
ქართული ბიზნეს ისტორია შეიძლება არ არის ძალიან მდიდარი, მაგრამ არის მასში რაღაც განსაკუთრებული, რასაც დაფასება და მოფრთხილება სჭირდება. სამწუხაროდ, დღესდღეობით, ძალიან დაბალია ცნობადობა ადამიანებისა, რომლებიც ამ ისტორიას ქმნიდნენ, მარკეტერი იწყებს სტატიების სერიას, რომელიც გაგაცნობთ ქართული მეწარმეობის ისტორიას [მზად ვართ თანამშრომლობისთვის].
დღევანდელი ჩვენი გმირი მიტროფანე ლაღიძეა, ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა და სასმელ წყლებში გადატრიალება მოახდინა. კაცმა, რომელსაც სიცოცხლეშივე მოძრავ და ინიციატივიან ადამიანად იხსენიებდნენ. ქვეყნის განვითარებაში მან ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამ სტატიაში მის ისტორიას გაგიზიარებთ, რომელიც ალექსანდრე სიგუამ საკუთარ წიგნში კარგად აღწერა.
მიტროფანე ლაღიძის სახელი ფართოდ იყო ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამეთ რუსეთსა და ევროპაში. მას ეს სახელი და პატივისცემა ადვილად არ მოუპოვებია. ამ შედეგში მისი ნიჭი, შრომა და ადამიანური კეთილშობილებაა ჩაქსოვილი. საინტერესოა, როგორ შეძლო ღარიბი აზნაურის შვილმა, რომელსაც, როგორც თვითონ წერს, უბეში მხოლოდ საშუალო განათლების ატესტატი ედო, შეექმნა ხილეულის ისეთი წყლები, თავისი სურნელებით, გემოთი და არომატით, განცვიფრებაში რომ მოჰყავდა არა მარტო საქართველო, არამედ მთელი საბჭოთა კავშირი და ევროპა.
გზა აფთიაქის რიგითი თანამშრომლობიდან წარმოების უფროსამდე
მიტროფანე ერმალოს ძე ლაღიძე დაიბადა 1869 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ჭოლევში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. 14 წლის იყო, როცა ქუთაისში ჩამოიყვანეს და მუშაობა დაიწყო კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის აფთიაქში. ცეზარ ივანოვსკი წარმოშობით პოლონელი იყო, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე საქართველოში გადმოასახლეს. ფარმაციის მაგისტრი ივანოვსკი ჩინებულად ფლობდა თავის პროფესიას, ეს კი საკუთარ მოწაფეებსაც ჩაუნერგა.
აფთიაქის გარდა, ივანოვსკის ქუთაისში ჰქონდა ლიმონათის წარმოება, სადაც მიტროფანეც მუშაობდა. წარმოების პატრონი მიტროფანეს დიდი ყუდაღებითა და სიყვარულით ეპყრობოდა, როგორც შრომისმოყვარე და პატიოსან ახალგაზრდას. მიტროფანემ აქ შესანიშნავად შეისწავლა ხილეული წყლების – უალკოჰოლო სასმელების წარმოების მეთოდი და ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ წარმოებას თვითონ ჩაუდგა სათავეში.
შრომისმოყვარე და ინიციატივიანმა მიტროფანემ 1900 წელს ქუთაისის ლიმონათის წარმოების ბაზაზე შექმნა ხილეული სასმელების წარმოების ამხანაგობა – მთელ დასავლეთ საქართველოში გაითქვა სახელი. ჩაგელიშვილი მიტროფანე ლაღიძის მიერ დამზადებულ უალკოჰოლო სასმელებზე წერდა: “მიტროფანე ლაღიძის მიერ დამზადებული სასმელები თავიდანვე უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მან პირველმა შემოიღო სასმელების ე.წ.“გაკეთილშობილების” მეთოდი, რაც იმით გამოიხატება, რომ ხილის წვენებთან ერთად, სასმელს სათანადო ესენციაც ემატება. ეს უკანასნკელი დიდად აუმჯობესებს სასმელების არომატს. მიტროფანე ლაღიძემ პირველმა გადაჭრა ვენაში უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად ნატურალური წვენების გამოყენების საკითხი. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ნედლეულის ხარისხს და სასმელების წარმოების ტექნოლოგიის მკაცრად დაცვას. სასმელების ქარხნების ყველა იმდროინდელი მესაკუთრეთაგან განსხვავებით მიტროფანე უფრო მეტად დაინტერესებული იყო ქართული სასმელების სახელით, ვიდრე ამხანაგობის მოგებით. სწორედ ამის გამო გაითქვა სახელი მისმა სასმელებმა, როგორც საქართველოში, ის მის გარეთ. ქართული უალკოჰოლო სასმელების მაღალი ღირსება, რა თქმა უნდა, მხედვლობიდან არ გამოპარვია მაშინდელ საქართველოს, რუსეთისა და უცხოეთის საზოგადოებას. 1903 წელს პეტერბურგისა და ვენაში სასმელთა საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა უალკოჰოლო სასმელებმა ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
1906 წელს ლაღიძემ თბილისში დაარსა ლიმონათის ქარხანა. 1910 წლისათვის თბილისში არსებობდა ხილის წყლების 3 ქარხანა – ლაღიძის, ზემელის და მამულოვისა. მათ შორის, საუკეთესო ხარისხის ლიმონათს უშვებდა ლაღიძის ქარხანა, რომლის პროდუქცია საქართველოს საზღვრებს გარეთაც იგზავნებოდა, მაგალითად, თბილისში მყოფი ირანელი ვაჭრები, როგორც განსაკუთრებულ საჩუქარს, ირანის დიდებულებსა და წარჩინებულ პირებს “ფეშქაშად” უგზავნიდნენ ლაღიძის მიერ დამზადებულ წყლებს. [პ. ჩაგელიშვილი].
საინტერესოა, რომ ამ ახლად შექმნილ ლაღიძის წყლებს იმასაც უმადლოდნენ, რომ მსგავსი უალკოჰოლო სასმელები არყის მოხმარებას ამცირებდნენ. აი რას წერს ჩაგელიშვილი:
“უალკოჰოლო სასმელები, როგორც კვების პროდუქტი, გამაგრილებელი და წყურვილის დამაკმაყოფილებელი საშუალება, ფართოდ მოიხმარება წლის ყველა დროში. უალკოჰოლო სასმელები თანდათან ამცირებენ არყის მოხმარებას და სულ უფრო ფართო ადგილს იკავებს მშრომელთა კვების რაციონში. საბჭოთა კავშირში სჯეროდათ რომ ლაღიძის წყლების პოპულარიზაციით შესაძლოა არყის მოხმარება შეემცირებინათ.”
1902 წელს მიტროფანე ლაღიძე გაემგზავრა საზღვარგარეთ – გერმანიასა და საფრანგეთში. პარიზში გაეცნო და შეისწავლა ხილეული წყლების წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც შემდეგ დიდი ცოდნითა და ეფექტიანობით გამოიყენა თავის წარმოებაში.
მიტროფანე ლაღიძე მოძრავი და ინიციატივიანი კაცი იყო.
ქუთაისის ბანკის მმართველის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის კირილე ლორთქიფანიძის დახმარებითა და ხელშეწყობით საფრანგეთიდან სათანადო კომპანიებისგან მიიღო საკმაო კრედიტი ელექტროსადგურისთვის საჭირო დანადგარების შესაძენად. ეს ფრიად დიდმნიშვნელოვანი წამოწყება იყო, პირველად ქუთაისში 1904 წელს განხორციელდა და აშენდა ელექტროსადგური, რომელმაც პირველად ქუთაისს მისცა ელექტროგანათება. ამ ისტორიული ფაქტით ხალხი დიდად კმაყოფილი და აღფრთოვანებული დარჩა. ამის შესახებ 1904 წელს გაზეთი ,,ივერია,, წერდა: ,,ბატონ მ. ლაღიძის ქარხანამ კარგი საქმე გააკეთა, ჯერ იყო და ქუთაისის თეატრი გაანათა ელექტრონით და ახლა კი ქალაქის ქუჩებსაც ანათებს. ეს აგერ ერთი კვირაა, რაც მთავარი ქუჩა სობორისა და ბულვარის გარშემო ელექტრონის ფარნებითაა განათებული.”
ხელოვნური ყინული
შემდეგ, მიტროფანე ლაღიძემ საფრანგეთიდან მიიღო მაცივარ-დანადგარები ხელოვნური ყინულის მისაღებად, რომელიც დაამონტაჟა ელექტროსადგურის მახლობლად კვების საჭიროებისთვის. ეს იყო დიდი სიმძლავრის ქარხანა, რომლის მიერ გამოშვებული პროდუქციით, ქუთაისის გარდა, ამარაგებდა აგრეთვე ფოთის ნავსადგურის სამაცივრო მეურნეობასაც.
ცნობილმა პოეტმა კოლაუ ნადირაძემ დაწერა პატარა მოგონება მიტროფანე ლაღიძის შესახებ, აი, რას წერს იგი:
,,ლაღიძე იყო ენერგიული, ნიჭიერი და უაღრესად პატიოსანი ადამიანი. მან უნარიანად მოჰკიდა ხელი უალკოჰოლო სასმელი წყლების დამზადებას და დიდი სახელიც მოიხვეჭა.
ქუთაისის მთელი საზოგადოება, დიდი და პატარა იკრიბებოდა და სიამოვნებით მიირთმევდა უკვე სახელგანთქმულ ,,ლაღიძის წყალს,, , რომელიც იყიდებოდა ქუთაისის ცნობილ ბულვართან ახლოს.
გარდა ამ ხელოვნურ-ხილეული წყლებისა, მიტროფანე ლაღიძემ ქუთაისში ააშენა ელექტროსადგური, რომელიც მთელ ქალაქს ანათებდა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ქუთაისში პირველად ყინულის კეთება დაიწყო ლაღიძის წყალთა ქარხანაში, მანამდე ქალაქ ქუთაისის მოსახლეობა სარგებლობდა ზამთრის პერიოდში მომარაგებული თოვლით, რომელსაც სპეციალურად აგროვებდნენ და ინახავდნენ განსაკუთრებულ ფარდულებში. იქ თოვლს ზევიდან აყრიდნენ ნახერხს და აფარებდნენ ჭილოფებს. ეს საშუალება ძლიერ ანელებდა და აძნელებდა თოვლის დნობის პროცესს“.
უფრო ადრე, 1902 წელს, აი, რას მოუთხრობს გაზეთი ,,ივერია“ თავის მკითხველს: ,,არქიელის გორაზე გაცხარებული მუშაობაა წყლის მილის უმთავრეს აუზის გასაკეთებლად. მუშები მახლობელ სოფლებიდან ხარ-ურმებით ეზიდებოდნენ ვინ სილას, ვინ კირს, წყალს, ცემენტს, ხე-ტყესა და სხვას. ქუთათურებს ახლა კი იმედი მოგვეცა, რომ ახლო მომავალში რიონის სილა-წყალი ბროლივით ანკარა წყალზე შეგვეცვლება, სწორედ ისე, როგორც კოკოჩევ-ხაინდრავა და აბზიანიძის მტვერნარევი ყინული მიტროფანე ლაღიძის ბროლივით სუფთა ყინულზე შეგვეცვალა 29 ივლისს და ამ გვარიან სიცხეში ყელს იმით ვიგრილებთ ქუთათურები. სადილობის დროს, ღვინოს უმისოდ არ გეახლებით, შუადღესა და საღამოობით კი მიტროფანესვე ხელოვნურ გემრიელ წყლებს ამავე ყინულით გაციებულს მივირთმევთ, ამნაირად, ქუთაისიდან სააგარაკოდ გახვეწილი კი აქვთ შემოსანატრი ჩვენ აქ დარჩენლთათვის და უეჭველია მალე გამოეშურებიან აქეთკენ“.
ხალხის სიხარულს და აღფრთოვანება აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ისინი, როგორც ,,ივერია“ იტყობინებოდა დღედაღამ მუშაობდნენ, რათა მოსახლეობას რიონის ამღვრეული და სილანარევი წყლის მაგივრად სუფთა და ანკარა წყარო მიეღო. ეს დიდი დამსახურება იყო მიტროფანე ლაღიძისა.
“ლაღიძის წყლები”
პირველად, მიტროფანე ლაღიძემ ძალიან ფართოდ გამოიყენა ხილეული წყლების უალკოჰოლო სასმელის დასაყენებლად საქართველოში არსებული ადგილობრივი ხილ-კენკრის ნედლეული. ამასთან, ის ზედმიწევნით ფრთხილად ეკიდებოდა ხილის ნედლეულის შერჩევას მიკრორაიონების მიხედვით. ასე, მაგალითად, ჟოლოს სიროფს ამზადებდა მხოლოდ ბორჯომის ხეობაში, უმთავრესად კი ბაკურიანში გავრცელებულ ხილ-კენკრით, რომელიც ძალიან სურნელოვანი და გემრიელი იყო, თუმცა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოტანილი ნედლეული უფრო იაფი ჯდებოდა.
ამბობენ, მიტროფანე ლაღიძეს წყლის დაყენების რაღაც საიდუმლოება ჰქონდაო, მაგრამ მას, როგორც ცნობილია, წყლის დაყენების არავითარი საიდუმლოება არ გააჩნდა, გარდა ბუნებრივი დეგუსტაციური ნიჭისა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა საქმისადმი.
ერთხელ, ბატონმა აკაკი შანიძემ მოყვა – მიტროფანეს შევეკითხე, თუ როგორ აყენებდა ასეთ სურნელოვან და სასიამოვნო სასმელ წყალს. მან მიპასუხა – ბატონო აკაკი, მე არაფერს ვუმატებ ის სურნელოვან ხილს, რაც ჩვენს მრავალფეროვან ბუნებას ასე უხვად მოუციაო.
მიტროფანე ლაღიძის რეცეპტებით გამოშვებულმა ხილეულის უალკოჰოლო ნატურალურმა სასმელმა წყალმა ძალიან ადრე მიიქცია ფართო საზოგადოების ყურადღება. მას ყველა ჟურნალ-გაზეთი გამოეხმაურა. აი, რას წერდა 1900 წელს გაზ. ,,კვალი’’ (N:17): ,,ქალაქის ბაღის პირდაპირ, თუმანიშვილის ახალ შენობაში ბატონმა მიტროფანე ლაღიძემ გახსნა მადნეულისა (იგულისხმება მინერალური წყლების) და ხელოვნურად შემზადებული წყლების ქარხანა. ეს ახლად დაარსებული ქარხანა თავისი სიფაქიზით და კარგი სურნელოვანი წყლებით განირჩევა სხვა ქარხნებისგან.“
საერთაშორისო აღიარება
მიტროფანე ლაღიძემ უალკოჰოლო სასმელების დამზადების საკითხი საქარველოში მეცნიერულ დონემდე აიყვანა და ამით ავტორიტეტი შეუქმნა მის ფართოდ გამოყენება მოხმარებას, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. ერთ-ერთ წერილში ის წერს:
,,1900 წლიდან საქართველოში მე შემოვიღე საუკეთესო ნატურალური წყლების, წვენებისა და სიროფების დამზადების ახალი მეთოდები, წესები და რეცეპტურები, რომლის წესით დამზადებული წყლები, ხარისხის მხრივ, მოწონებულ და ღირსეულად შეფასებულ იქნა ფართო საზოგადოების მიერ. ამ რეცეპტურით დამზადებული წყლები, როგორც გემოთი, ისე სურნელოვნებით საამურია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა იმიტომ, რომ ჩემი მეთოდით დამზადებულ სასმელებში არ იხმარება არავითარი სინტეტიური ესენციები და ქიმიკატები. აღნიშნული სასმელები არაერთხელ გავგზავნე სხვადასხვა გამოფენაზე, როგორც რუსეთში, აგრეთვე საზღვარგარეთაც და ყველგან ჩემი რეცეპტით დამზადებული სასმელები მოწონებული იქნა. მაგალითად, 1913 წელს, პეტერბურგის ჰიგიენურ გამოფენაზე მაღალი და განსხვავებული ხარისხის ხილეული სასმელების დამზადებისთვის დიდი ოქროს მედალი მივიღე. აგრეთვე, სხვადასხვა გამოფენაზე მივიღე პატარა ოქროსა და ვერცხლის მედლები ხილეულის წყლების საუკეთესო ღირსებისა და ხარისხისთვის.“
მიტროფანე ლაღიძე მიიწვიეს მოსკოვში. იქ მას საუბარი ჰქონდა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელებთან. მას დაავალეს მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში გაეხსნა უალკოჰოლო ხილეული წყლების საფირმო დარბაზები. მიტროფანე ლაღიძემ კიევში წაიკითხა რამდენიმე მოხსენება, ლიმონათის ქარხნის მუშებს გააცნო თავისი რეცეპტურით დამზადებული სურნელოვანი წყლების დამზადების წესები.“
,,ეს ჩემი გაუმჯობესებული რეცეპტურა, – წერს ლაღიძე – აგრეთვე გადავეცი მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის უალკოჰოლო წყლების ქარხანებს, სადაც 1934 წელს მიმიწვიეს საკონსულტაციოდ. ჩემი მეთოდით დამზადებული უალკოჰოლო სასმელი წყლები, მოსკოვის მიერ დამტკიცებულ რეცეპტურასთან შედარებით, გაცილებით უკეთესი ხარისხის სასმელ წყალს იძლეოდა. მის დასამზადებლად აგრეთვე, ბევრად ნაკლები ძვირფასი დეფიციტური მასალები იხარჯება, ვიდრე მოსკოვის მიერ დამტკიცებული რეცეპტურით. ამასთან, ეკონომიას აძლევს სახელმწიფოს.”
მიტროფანე ლაღიძის სურნელოვანი წყლებით, მისი დაყენების მაღალი ტექნოლოგიით მრავალი ქვეყანა დაინტერესდა და არაერთხელ მიუღია მოწვევა ირანიდან, ეგვიპტიდან, და სხვა ქვეყნებიდან, რათა ამ ქვეყნებში გაეხსნა თავისი წარმოება. ამისთვის უცხოელი საქმოსნები მეტად ხელსაყრელ პირობებს პირდებოდნენ მიტროფანეს – კაპიტალურ დაბანდებას თვითონ კისრულობდნენ და შემოსავლის ნახევარს მას აძლევდნენ. მაგრამ არცერთი ქვეყნის საქმოსანთა წინადადადება მას არ მიუღია (დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, ჩვენ ვერ მოვიძიეთ ინფორმაცია, კონკრეტულად, რა მიზეზით ამბობდა უარს ის ასეთ შესაძლებლობებზე).
საბჭოთა კავშირის ბაზრის დაპყრობა
1952 წელს გაზეთ ,,კომუნისტის“ მოსკოველი კორესპონდენტი წერდა : ,,საქართველოს ლუდ-ლიმონათის ტრესტი გამოსაშვებად ამზადებს ახალ სასმელს ,,ლიმონათს“ მ. ლაღიძის რეცეპტის მიხედვით. ეს ახალი მასობრივი სასმელი დაიკავებს საბჭოთა კავშირის უალკოჰოლო სასმელების სამრეწველო პროდუქციათა 40 პროცენტს.
მ.ლაღიძე დანიშნულია სსრ კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროს ,,გლავფრუქტვოდის“ მთავარ კონსულტანტად. მას დავალებული აქვს თვალყური ადევნოს მთელს ჩვენს ქვეყანაში უალკოჰოლო სასმელების ხარისხის გაუმჯობესებას.“
ეს იყო უდიდესი ნდობა, პატივისცემა და აღიარება, რომელიც მიტროფანე ლაღიძის კეთილშობილურმა შრომამ, პროფესიულმა ოსტატობამ და გამოცდილებამ დაიმსახურა.
წყლის როლი ტურიზმში:
რა როლი უჭირავს დღეს ლაღიძის წყალს ტურიზმის განვითარებაში? უმნიშვნელო, თითქმის არანაირი. იყო დრო, როდესაც ლაღიძის წყლის გასასინჯად ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობდა თბილისს. დღეს კი ეს შესაძლებლობა, სათანადოდ ათვისებული არ არის.
იუმორისტული ჟურნალი ,,ტარტაროზი“ წერდა
,,უკვე დაიწყო სიცხე, დგება ბუღი და ალი,
რა გვეშველება, თუ კი არ ვსვით ლაღიძის წყალი“.
ჩანაწერი გრძელდება:
“დარბაზში ნახავთ არამარტო ჩვენი ქვეყნის შორეული კუთხეებიდან, არამედ ტურისტული საგზურებით ჩამოსულ უცხოელებსაც, რომლებიც სურნელოვანი ხილეულის წყალს დინჯად, აუჩქარებლად ნელ-ნელა სვამენ, დეგუსტატორივით სიამოვნებით აჭაშნიკებენ ლიმონსა თუ მანდარინს, ასკილისა თუ ჟოლოს წვენს, ამ შვებისმომგვრელ გამაგრილებელ სასმელს. თუ ავადმყოფი აბესალომი განკურნებისათვის უკვდავების წყაროს ალგეთში ეძებდა, ასეთი წყარო ჩვენ თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საოპერო თეატრის გვერდითა გვაქვს, რომელსაც ეძახიან მიტროფანე ლაღიძის ხილეულის სურნელოვან უალკოჰოლო სასმელს.”
საგამომცემლო ამხანაგობა
მიტროფანე ლაღიძე მრავალი დიდად მნიშვნელოვანი ეროვნული საქმის ხელმძღვანელი და წამომწყები იყო. გარდა იმისა, რომ იგი, როგორც თავად წერს, ავტორია და შემქმნელი მანამდე ჩვენთვის უცნობი ხილეული წყლების რეცეპტისა, ისე ეკონომიკურადაც ხელს უწყობდა და ეხმარებოდა ქართველ მწერლებს, მსახიობებს და ხელოვნების სხვა მოღვაწეებს.
ლაღიძემ ქუთაისში დააარსა საგამომცემლო ამხანაგობა, სადაც ბეჭდავდა ქართველი მწერლების თხზულებებს და ავრცელებდა ხალხში. ამით ის ხელს უწყობდა ჩვენი მწერლობის პოპულარობას ფართო მასებში.
მიტროფანე ლაღიძე ახალგაზრდობიდანვე ეძებდა სამოღვაწეო კუთხეს, სადაც მას მეტი შესაძლებლობა, მეტი გაქანება მიეცემოდა, რომ ერში, თავის ხალხში სახელი და დიდება დაემკვიდრებინა. ამიტომ ის პირველად ხელს ჰკიდებს ისეთ დიდ კულტურულ საქმეს, როგორიც წიგნების გამოცემაა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მეტად ეროვნულ საქმეში. ის ხალხში აღვივებს წიგნისადმი ინტერესსა და სიყვარულს. ძველად, წიგნის გამოცემის საქმე მეტად რთული იყო და მძიმე, არამარტო ეკონომიკური უსახსრობის გამო, არამედ იმის გამოც, რომ მეფის ცენზურა ყოველგვარ პროგრესულ და მოწინავე აზრს სასტიკად სდევნიდა და ავიწროებდა. ვინ იცის, რამდენი დაბეჭდილი და აკინძული ჯერ კიდევ საღებავშეუმშრალი წიგნი მეფის ცენზურას აუკრძალავს, მოუსპია და გაუნადგურებია, ისე, რომ ფართო მკითხველს მისი არსებობა არც კი გაუგია. ასეთი სასტიკი ცენზურის პირობებში, ქართული კულტურისა და წიგნის მოყვარულნი დიდი გარჯითა და წვალებით მაინც ახერხებდნენ წიგნის გამოცემას. ისინი არ უშინდებოდნენ მოსალოდნელ საფრთხეს და რაინდულად განაგრძობდნენ წიგნების გამოცემას.
1898 წელს, მიტროფანე ლაღიძემ გამოსცა ქართველების პოემების კრებული, ილია ჭავჭავაძის ,,აჩრდილი“, აკაკი წერეთლის ,,მომაკვდავის ჩვენება“, ვახტანგ ორბელიანის ,,იმედი“ და სხვა. აკაკი წერეთლის სალიტერატურო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით, მან 1908 წელს ქუთაისში გამოსცა აკაკის საიუბილეო კრებული, ,,წმინდა ნინო და ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“. წიგნს ყდაზე აწერია: ,,მთელი ამ გამოცემის შემოსავალს, ნიშნად ღრმა პატივისცემისა, ვუძღვნი დიდებულ იუბილარს აკაკის 50 წლის მოღვაწეობის სახსოვრად“.
მეამბოხე, რევოლუციონერი და უფლებადამცველი!
1904 წელს მიტროფანე ლაღიძემ საშა წულუკიძის, მიხა ცხაკაიას და ივანე გომართელის წინადადებით, თავის ქარხანაში შემოიღო რვასაათიანი სამუშაო დღე, რაც იმ დროისთვის მეტად იშვიათი მოვლენა იყო. 1890 წლიდან 1917 წლამდე მიტროფანე აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში და თავდადებით, დაუზარლად ეხმარებოდა გამოჩენილ რევოლუციონერებს. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 1897 წელს მიხა ცხაკაიამ მოაწყო საზღვარგარეთიდან ქუთაისში არალეგალური ლიტერატურის გამოგზავნა, რომელსაც მიტროფანე პირადად ღებულობდა იმ მისამართით, რომელიც მან ცხაკაიას ადრე მისცა. შემდეგ, საზღვარგარეთიდან და რუსეთიდან მიღებულ არალეგალურ ლიტერატურას იგი უშიშრად ავრცელებდა ქუთაისში, თბილისში, ჭიათურასა და ბათუმში. არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისა და გაფიცვის მოწყობისთვის, როგორც ეს საარქივო დოკუმენტებიდან ჩანს, მეფის მთავრობამ იგი სამჯერ დააპატიმრა და ქუთაისის ციხეში ჩასვა. მას მისჯილი ჰქონდა გადასახლება. როგორც ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, მიშა ცხაკაიასა და საშა წულუკიძის დავალებით, იგი ქუთაისში აწყობდა მუშების, ნოქრებისა და მოწაფეების საიდუმლო კრებებს, სადაც გამოდიოდნენ მიხა ცხაკაია, საშა წულუკიძე, ალიოშა ჯაფარიძე და სხვები.
1903 წელს, საშა წულუკიძის დავალებით, მიტროფანე ლაღიძე ქუთაისში მონაწილეობდა მაღაზიების, ქარხნის მუშების, სასწავლებლებისა და სახელოსნოების მუშა-ახლაგაზრდობის მიერ მოწყობილ საპროტესტო სამდღიან დემონსტრაციაში. იგი აქტიურად მონაწილეობდა აგრეთვე ქუთაისის ციხის გვირაბის გაყვანასა და ციხიდან რევოლუციონერების გაქცევაში. გაქცეულთაგან 8 კაცი მიტროფანემ გაგზავნა სოფელ გოდოგანში და იქ ჰყავდა დამალული.
ეს წლები დასავლეთ საქართველოს ცხოვრებაში მეტად მძიმე იყო. იმხანად, საქართველოში რევოლუციის წინააღმდეგ ამოქმედდა მეფის ადმინისტრაციის მთელი აპარატი, რომელსაც მეთაურობდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი, თავისი მხეცური სისასტიკთ ცნობილი ალიხანოვ-ავრსკი, სწორედ ის ალიხანოვი, რომელმაც გადაწვა და გაანადგურა დასავლეთ საქართველოს მრავალი სოფელი და ქალაქი. მაგრამ რევოლუციონერებს ფარხმალი მაინც არ დაუყრიათ და განაგრძობდნენ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლებში მიტროფანე ლაღიძეც აქტიურობდა.
,,ამ მოწინავე ადამიანების გვერდით, – წერს აკადემიკოსი კ. ერისთავი, – არ შემიძლია არ დავასახელო მიტროფანე ლაღიძე, ცნობილი ლაღიძის წყლების ავტორი. ეს ხალხი, მთელ ქართულ ინტელიგენციასთან ერთად, დიდ დახმარებას უწევდა ყოველ პროგრესულ წამოწყებას, როგორც თავისი ცოდნით, ასევე მატერიალურადაც.“
ილია ჭავჭავაძის თანამედროვე მწერალი და კრიტიკოსი ილია ბახტაძე 1957 წელს გაზეთ ,,ახალგაზრდა კომუნისტში,, წერდა: ,,მახსოვს, 1906 წელს, როდესაც ქუთაისში გუბერნატორობიდან გადააყენეს ვლადიმერ სტაროსელსკი, რომელსაც ცოლად ჰყავდა ილია ჭავჭავაძის ცოლის ოლღა გურამიშვილის და, ხოლო გუბერნატორად მხეცი ალიხანოვ-ავარსკი დანიშნეს, დააპატიმრა უალკოჰოლო წყლების ცნობილი ოსტატი მიტროფანე ლაღიძე და გაძლიერებული ძებნა დაუწყეს მის ძმას მიხაკოსაც.
მიტროფანე ლაღიძის დაპატიმრებამ ქუთაისში საგრძნობლად შეაფერხა მისი ლიმონათის ქარხნის მუშაობა, რომელიც საუკეთესო გემოსა და სურნელების უალკოჰოლო წყლებს ამზადებდა. ამან ბევრი ჩვენი საზოგადო მოღვაწე დააღონა. დიდად განიცადა მიტროფანე ლაღიძის დაპატიმრება აკაკი წერეთელმა, რომელიც დაახლოებული იყო მიტროფანეს ოჯახთან. მას არა მარტო როგორც უალკოჰოლო წყლების გამოჩენილ ოსტატს, არამედ როგორც ყოველგვარი კულტურლი საქმიანობის აქტიურ ხელშემწყობსა და დამხმარეს, ისე იცნობდნენ. იგი ქუთაისში ეწეოდა ქართული წიგნების გამოცემას, მას საკუთარ ბიბლიოთეკაში ახლაც დაცული აქვს 90-იან და შემდეგ წლებში მის მიერ გამოცემული აკაკი წერეთლის, პარმენ თვალჭრელიძის (ციხელის) ლექსების კრებული და სხვა ავტორების ნაწერები, აქტიური წევრი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, დრამატული საზოგადოებისა და ზოგჯერ ფულითაც ეხმარებოდა ჩვენს მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც მეფის მთავრობის დროს ხშირად დიდ ნივთიერ გაჭირვებას განიცდიდნენ.
ქუთაისში ვიყავი, როდესაც მიტროფანე ლაღიძეს მეფის მთავრობამ ადმინისტრაციული წესით ციმბირში გადასახლება გადაუწყვიტა. გადასახლებიდან რომ დაეხსნათ, მახსოვს, მაშინ ქუთაისში ბევრი გავლენიანი პირი დატრიალდა, მაგრამ ამაოდ. როდესაც ლაღიძის მეუღლემ, რომელიც საზოგადობრივ საქმიანობაში არ ჩამორჩებოდა ქმარს, დაინახა, საქმე ცუდად იყო, თბილისს მიაშუარა, პირადად ინახულა ილია ჭავჭავაძე, უამბო თავისი უბედურება და სთხოვა, მისი ქმარი როგორმე გადასახლებიდან დაეხსნა, ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებდა, უკიდურეს შემთხვევაში, ,,ეტაპით“ ციმბირში გაგზავნაზე მაინც აეცილებინა. ილია ჭავჭავაძემ, რომელიც პატივსა სცემდა მიტროფანე ლაღიძეს, როგორც უალკოჰოლო წყლების საუკეთესო ოსტატს და საქართველოში კულტურული საქმიანობის ერთ-ერთ ხელშემწყობს, როგორც იქნა, მოახერხა მისი განთავისუფლება.
მას შემდეგ არ გასულა დიდი დრო და მიტროფანემ, აკაკი წერეთლის რჩევითა და ილია ჭავჭავაძის დახმარებით, 1906 წლის ბოლო თვეებში თბილისში გახსნა უალკოჰოლო სასმელების ქარხანა. წყლების გასაყიდად გოლოვინის პროსპექტზე (ამჟამინდელი რუსთაველი) მოაწყო მაღაზია. მან წყლების ფირმის ქართული წარწერა ზემოთ გააკეთა, ხოლო რუსული ქვემოთ, რაც მეფის მთავრობის დროს აკრძალული იყო. მახსოვს, მიტროფანე ლაღიძის მეფის მოხელეებმა ეს დიდ დანაშაულად ჩაუთვალეს და დაპატიმრება მოუნდომეს, მაგრამ იგი კვლავ ილიამ გადაარჩინა.
როგორც წესი, ყველას, ვინც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა, დიდი იქნებოდა ის, თუ პატარა, ყოველთვის ხელს უწყობდა ილია და ის დახმარებაც, რომელიც მან 1906 წელს ორჯერ აღმოუჩინა მიტროფანე ლაღიძეს, ნამდვილად მამულიშვილური დახმარების განსახიერება იყო.
1930 წელს მიტროფანე ლაღიძე აფხაზეთში ცნობილმა რევოლუციონერმა ნესტორ ლაკობამ მიიწვია სამუშაოდ. იგი გაემგზავრა სოხუმში, სადაც მისი ხელმძღვანელობით აშენდა ხილეული წყლების ქარხანა. აქ მუშაობდა მისი ცოლის ძმა ნ. ვახანია და მიტროფანეს შვილი, ცნობილი პროფესორი რამაზ ლაღიძე. ლაღიძის წყლებმა ფართო პოპულარობა მოიპოვა არა მარტო სოხუმელ, არამდე უცხოელ ტურისტთა შორისაც.
ოჯახი:
მიტროფანე ლაღიძეს მუდამ გვერდში ედგა შრომისმოყვარე, გამჭრიახი და ნაზი ბუნების მქონე მეუღლე ოლიმპიდა ანდრიას ასული ვახანია. ის დაიბადა 1883 წელს ზუგდიდში დეკანოზ ანდრია ვახანიას ოჯახში. ანდრია ითვლებოდა პლატონ იოსელიანის ნიჭიერ მოწაფედ. ოლიმპიდა სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ თავისი ცხოვრება დაუკავშირა მიტროფანე ლაღიძეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი შვილის დედა იყო, მაინც დიდ დახმარებას უწევდა მეუღლეს, მის მიერ წამოწყებული საქმის გაძღოლაში. ოლიმპიდა კარგად ერკვეოდა ხილეული წყლების დამზადების ტექნოლოგიაში, ჰქონდა ჩინებული გემოვნება, ხელმძღვანელობდა მიტროფანეს დაწყებულ მრავალ სამეურნეო საქმეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
მშობლები:
მამამისი საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო. მან კარგად იცოდა რუსული ენა და მასთან, როგორც გონება მახვილ და გამჭრიახი გონების კაცთან, ქუთაისის ახლომახლო სოფლებიდან რჩევა -დარიგებისათვის დადიოდნენ (როგორც, ჩანს იგი დღეს ჩვენ რომ მენეჯმენტ კონსულტანტს ვეძახით სწორედ ასეთი კონსულტანტი იყო, მაგრამ იმ დროს ეს პროფესია არ არსებობდა)
დედა მიტროფანესი – გულჩინა უგრეხელიძე უაღრესად დინჯი, ენაწყლიანი და შესანიშნავი მოსაუბრე.
აალებული ქარხანა და მეგობრები
ქართულ ინტელიგენციას მიტროფანე ლაღიძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდა, მაგრამ ვალერიან გუნიას, ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს სულ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ მიტროფანესთან.
1921 წელს მიტროფანე ლაღიძის წყლების ქარხანას, რუსთაველის პროსპექტზე ცეცხლი მოედო. ქარხანა ქვედა სართულზე იყო განლაგებული,ზემო სართული კი რომელიღაც დაწესებულებას ეკავა, და, აი, ამ შენობის ზედა ნაწილს რაღაც ბოროტმოქმედების კვალის დასაფარად ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლში გაეხვია ლაღიძის ქარხანაც. სასწრაფოდ სახანძრო რაზმი გამოიძახეს. ამ დროს დარეკეს ოპერა იწვისო და ეს სახანძრო რაზმი იქ გაგზავნეს, ვითომდა ცეცხლის ჩასაქრობად. ოპერას კი ცეცხლი არ გასჩენია. ეს იყო ბოროტმოქმედთა ხრიკები.
მიტროფანე ლაღიძის წყლების ქარხანაში ცეცხლის გაჩენის ამბავი მთელს თბილისს მოედო. აქვე გაჩნდნენ თბილისის მთელი ინტელიგენცია, მიტროფანეს მეგობარ-ნაცნობები, მათ შორის ვალერიან გუნია, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვები.
მეხანძრეთა გარეშე დარჩენილ ცეცხლს შეუტიეს – უნდოდათ გაეჩერებინათ მიტროფანე ლაღიძის ქარხანა, ეს ოთხეული რამდენიმე საათს ცეცხლს უშიშრად ებრძოდა, განსაკუთრებით კი პაოლო, იგი შენობის ხან ერთ კუთხეში ეკვეთებოდა ცეცხლს და ხან მეორეში. ამ დროს მან შენიშნა, რომ ფილოსოფიურად დაფიქრებული ნელი ნაბიჯით, აუღელვებლად მოდიოდა მიტროფანე.
– შენ, ჰეი, ბატონო მიტროფანე, როგორ დინჯად მოდიხარ, ხომ ხედავ ქარხანა იწვის, – ხმამაღლა უთხრა თურმე კვამლით მთლად გაშავებულმა პაოლომ. მიტროფანე კი მაინც დინჯად და აუჩქარებლად მოდიოდა.
შემდეგ ხშირად ამ ამბავს პოეტი სიცილით იგონებდა ხოლმე და ამბობდა: “რა კაცია ეს მიტროფანე, როგორი დინჯი და აუღელვებელი! ჩვენ ყველანი გამურულები ვიყავით, კვამლით, ის კი აუფორიაქებელი იყო. თუმცაღა, – იგონებს პოეტი, – მის მშვიდ და წყნარ სახეს სევდა და დარდი გადაკვროდა მომხდარი შემთხვევის გამო.”
,,შეხვედრები დიდ პოეტთან’’ – მიტროფანე ლაღიძის ჩანაწერები
ჩვენი ძვირფასი და საყვარელი მგოსნის აკაკის ერთ-ერთ დიდ სურვილს შეადგენდა ის, დაარსებულიყო რაიმე ორგანიზაცია, რომელიც მთელ საქართველოში შეაგროვებდა ძვირფას განძს, საუნჯეს – სხვადასხვა კუთხეში და სოფლებში გადარჩენილ ხალხურ თქმულებებს, ანდაზებს, ზეპირ-გამოცემებს, ლექსებს, ზღაპრებს, მესტვირულ და საერთოდ ხალხურ პოეზიას, ხალხური მკურნალობის სხვადასხვა ბალახეულობით და სხვა ამისთანები, რაც თურმე ძველად ერთობ დიდ და კარგს შედეგს იძლეოდა ამა თუ იმ ავადმყოფების განსაკუთრებულად, როგორიც იყო ჭრილობებისთვის უებარი წამალი ბალახი, ავი ზნისა და ბნედის სამკურნალო ბალახები. წინათ თურმე ბევრი გვყოლია ნამდვილი და მართალი ექიმბაშები, რომელნიც მართლა დიდ სამსახურს უწევდნენ ხალხს ბუნებრივი წამლობით. მისივე გადმოცემით, ძველ საქართველოში დიდად გავრცელებული ყოფილა უტყუარი და ნამდვილი მკურნალობა სიმღერით, გალობით, ნანინით, ჩონგურით, რითაც ამისი სპეციალური მცოდნე პირები კურნავდნენ თურმე მრავალნაირ ავადმყოფს. საერთოდ, პოეტი ვერ მოესწრო მის სიცოცხლეში შეექმნა მისთვის სასურველ ფორმებში ისეთი ორგანიზაცია, რომელიც შეძლებდა ამ ძვირფასი საერო განძის, საუნჯის შეკრებასა და გადამუშავებას, რასაც აკაკი მეტად დიდ მნიშვნელობას აძლევდა. ნაწილობრი
ვ მას ჰყავდა ამისთვის რამდენიმე პირი დაგზავნილი სოფლად, რომელნიც აგროვებდნენ აღნიშნულ მასალებს და აკაკი შესწორებულს ბეჭდავდა თავის ჟურნალ-კრებულში დროგამოშვებით.
აკაკის მე ვიცნობდი, დაახლოებით, 1892 წლიდან. იგი მეტისმეტად უახლოვდებოდა და ემეგობრებოდა დაბალი წრის ღარიბ ხალხს, გლეხებს, მუშებს – ნოქრებს, როდესაც მე მას გავეცანი და დავუახლოვდი, ახალგაზრდა ვიყავი და ვმსახურობდი ერთ პატარა წყლის ქარხანაში, მისი ზეგავლენით დავიწყე ქართული წიგნების გავრცელება სოფლად და ქალაქად, რკინიგზაზე. ვღებულობდი ხელმოწერას ჟურნალ ,,კვალზე“ და აკაკის ყოველთვიურ კრებულზე. შემდეგ მას მივაყოლე იმ დროს აკრძალული წიგნები, ჟურნალები და სხვადასხვა ფურცლები, რის გამო 1905 წელს დამიჭირეს და გადასახლებას მიპირებდნენ.
1895 წელს, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა ათიოდე კაცის ხელის მოწერით აკაკის დაახლოებით შემდეგი შინაარსის წერილი მივწერეთ: ჩვენ თქვენი ნაწერების და მოწოდების საშუალებით გაგებული გვაქვს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს დღევანდელი გაჭირვება და მის გასანთავისუფლებლად მზად ვართ პირველ თქვენ მოწოდებისთანავე თავი მოვუყაროთ ასობით ჩვენ ამხანაგს და ვიბრძოლოთ ისე, როგორც იბრძოდნენ ჩვენი ძველი გმირები სამშობლოსათვის და რომელთა გმირობა და თავგანწირვა თქვენ გაქვთ მრავლად აღწერილი. ამის მნიშვნელობა ჩვენ შეგნებული გვაქვს. აკაკიმ ეს ჩვენ ყმაწვილურ ოცნებას მიაწერა და იმავ დროს გვითხრა, რომ იმგვარ ბრძოლებზე ჩვენს დროში და პირობებში მხოლოდ ბავშვებს თუ შეუძლიათ იფიქრონ, თორემ სერიოზულად მაგისთანა რამეებზე ფიქრი ჭკუასმყოფელ ადამიანებს არ შეუძლიათო. დღეს ჩვენი მხრივ დიდი გმირობა და ვაჟკაცობა ის იქნება თუ შევინარჩუნებთ ჩვენ ფიზიკურ არსებობას, ქართულ ენას და მამაპაპათაგან ნაანდერძევ კარგ ადათებს – გაჭირვებულის მოძმის დახმარებას და შველას. მზად უნდა ვიყოთ და ცოცხალი დავხვდეთ იმ ბედნიერ დღესა და დროს, როდესაც ბრძოლა მართლა შესაძლებელი გახდება. ასეთი დრო კი აუცილებლად დადგება მხოლოდ მაშინ, როცა მთელი დაჩაგრული ერები გამოიღვიძებენ. მაგარმ მე მაინც მახარებს თქვენი ყმაწვილური გატაცებაო.
*
ერთხელ, რამდენიმე ახალგაზრდა ქალ-ვაჟი სოსიკო მერკვილაძის ძმასთან ვიყავით შეკრებილი. შინაურული საღამო იყო. აკაკიმ წაგვაკითხა თავისი ახლად დაწერილი პოემა ,,ნათელა“ ჩვენ ყველანი აღტაცებაში მოვედით, პოეტს ვთხოვე მოეცა ნება ამ ნაწარმოების გამოცემისა. აკაკიმ გაიღიმა, თუ მეტყვი, რა მოგეწონა ამ პოემაში, გამოცემის ნება დაგრთავთო. მე ვუთხარი, ცოტნეს თავგანწირვა, ნათელას ინიციატივა, ხოლო რაც შეეხება ის შავბნელი დრო, რომელიც თქვენ პოემაში გაქვთ აღწერილი, ჩვენ დროს არის-მეთქი. აკაკი წამოდგა, მოვიდა ჩემთან, ხელი ჩამომართვა, გადამკოცნა და მითხრა: თანახმა ვარ გამოსცე ჩემი ,,ნათელა“, ოღონდ წიგნს ძვირი ფასი არ დაადოთო.
შემდეგ გამოვეცი ,,თამარ მეფე“, ,,გამზრდელი“. გამზრდელის ამბავი აკაკის უამბო ჯანსუღ დადეშქელიანმა. ეს ნამდვილი ამბავია.
კარგი მოსაუბრე.
კიდევ ერთი საინტერესო მოგონება, რომელიც ეხება აკაკი წერეთელსა და მიტროფანე ლაღიძის ურთიერთობას და რომელიც 1977 წლის 4 აგვისტოს გაზეთ ,,თბილისში“ გამოაქვეყნა ნ.კავლელიშვილმა.
,, – რუსთაველის თეატრის წინ, იქ, სადაც ახლა ოფიცერთა სახლია, – გვითხრა ერთხელ ალ. ახმეტელმა, ხესთან იდგა გამოჩენილი ქართველი მსახიობი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე ვალერიან გუნია, ხელში ჟურნალი ეჭირა და ათვალიერებდა, ვუთხარი, ბატონო ვალერიან, გეტყობათ ეს ადგილი ძალიან მოგწონთ მეთქი:
– მართალია, მომიგო მან, მიყვარს და მცირე ხნით რომ არ შევჩერდე, არ შემიძლიანო.
– როდესაც პერიოდულ გამოცემას ,,თეატრს“ ვრედაქტორობდი, – განაგრძო გუნიამ, – აი, იქ, – გაიშვირა ხელი ფოსტა-ტელეგრაფის შენობისკენ, – ერთ ხესთან ხშირად მინახავს აკაკი წერეთელი. როდესაც ერთხელ კიდევ ვნახე, ცნობილ მეცენატს, უალკოჰოლო სასმელების სპეციალისტს მიტროფანე ლაღიძეს ესაუბრებოდა. ვერ მოვითმინე, მივედი და მეც თქვენსავით შევეკითხე, დღეს უკვე მესამედ გხედავთ ამ ადგილზე, ბატონო აკაკი, ალბათ მოგწონთ-მეთქი.
-კი! – გაიღიმა აკაკიმ, – ამ პატარა თუთის ხეს, ისე ვერ ჩავუვლი, რომ არ შევხედო და არ შევჩერდე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი კარგი მოსაუბრე შემხვდებაო – მითხრა დიდმა პოეტმა და მიტროფანეზე მიმითითა.’’
აკაკი წერეთელი და მიტროფანე ლაღიძეს შორის ქუთაისში დაწყებული გულითადი მეგობრობა თბილისშიც გაგრძელდა. 1906 წლიდან, მას შემდეგ რაც მიტროფანემ თავისი წარმოება თბილისში გახსნა, დიდი პოეტი აქაც ხშირად ნახულობდა მას და მეგობრული საუბარი ჰქონდა ხოლმე, პოეტი თავისებური გადაკვრითა და ხუმრობით ეტყოდა მიტროფანეს, შენი რეცეპტით გამოშვებულმა ხილის ნატურალურმა უალკოჰოლო სასმელმა წყალმა ქუთაისურ ამბოხს აჯობა და ერთი შეეჯიბრე კახურ დიდებულ ამბოხსაცო.
1990 წელს გამოცემული წიგნი, რომელიც მიტროფანეს გზის თქვენამდე მოტანაში დაგვეხმარა ასე “იმედიანად” სრულდება:
“მიტროფანე ლაღიძის სახელი, მისი ესოდენ დიდი პოპულარობა ქართველი ხალხის მეხსიერებას ზღაპარივით გაჰყვება მანამდე, სანამ საქართველოში არ გამოილევა ის სურნელოვანი ხილის წყლები, რომელსაც განცვიფრებაში მოჰყავს არა მარტო ქართველი არამედ უცხოელიც.
ამიტომ იქნებ აუცილებელი იყოს, რომ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე სახლს, სადაც მიტროფანე ლაღიძის სახელით ცნობილი ხილეულის წყლები იყიდება, ამ უანგარო მოღვაწის პატივსაცემად მემორიალური დაფა გაეკრას.”
დღეს-დღეობით კი რუსთაველზე ლაღიძის წყალს ვერ დალევთ, ვერც მის მემორიალურ დაფას იპოვით სადმე. ოფიციალურად წყალი მხოლოდ ორ წერტილში, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში და აღმაშენებლის 35-ში იყიდება. რამოდენიმე ფილიალი დაიხურა. ბრენდი არ ვითარდება და სამწუხაროდ სულ უფრო ცოტა ადამიანი იცნობს კაცს, რომელმაც შექმნა ქვეყნის ბიზნეს ისტორია.