in

„ლაღიძის წყლების“ რებრენდინგი — საუკუნოვანი ისტორიის ხელახლა დაბადება

„ლაღიძის წყლების“ ხსენებისას, პირველი, რა ასოციაციაც მოდის, წარსული და ის სასიამოვნო მოგონებებია, გადმოცემით რომ ვიცით უფროსი თაობებისგან. არაერთხელ გაგვიგია, როგორ იკრიბებოდნენ სტუდენტები, გამოჩენილი ადამიანები ამ სივრცეში და როგორ იქმნიდნენ განსაკუთრებულ მომენტებს. მერე ბევრი რამ შეიცვალა — თითქოს, ოდნავ უკან მოვიტოვეთ ეს საკულტო ბრენდი; ერთ დროს ყველაზე პოპულარული ადგილი კი ბევრისთვის მხოლოდ წარსულის გასახსენებელ სივრცედ იქცა. თუმცა, თანამედროვე სამყაროს კონკურენტულ ბაზარზე, სადაც უამრავი ახალი საკვები ობიექტი არსებობს, „ლაღიძის წყლების“ გამორჩეული, საუკუნოვანი წარსული კვლავ უნიკალურია. ამიტომაც, ფუნდამენტური ცვლილებების შემდეგ, რომელიც ბრენდმა გაიარა, რებრენდინგის დროც დადგა.

BOG
BOG

ვიზუალურ საკომუნიკაციო იდენტობაზე დავით კუპატაძის სტუდიამ იმუშავა, კრეატიულ სააგენტო Creative Culture-სთან კოლობორაციით. ამომავალი წერტილი კი იმ სიდიადისა და ხასიათის გაცოცხლება იყო, რომელსაც „ლაღიძის წყლები“ ერთ დროს ატარებდა. „ამ პროექტში მიზნად დავისახეთ ლაღიძის მემკვიდრეობის განახლება და გაცოცხლება ისეთი ფორმით, რომ მისი დაბრუნება შესამჩნევი, ხოლო ისტორიული მემკვიდრეობა შენარჩუნებული ყოფილიყო. ასევე, გვსურდა წართმეული, ვანდალურად დამახინჯებული და წლების მანძილზე ნაწვალები ბრენდის იდენტობის დაბრუნება ისე, რომ მაქსიმალურად  ეფექტიანი ყოფილიყო მარკეტინგისთვის და ავთენტური, ნაცნობი ხალხისთვის“, — აღნიშნავს დავით კუპატაძე, პროექტის არტ დირექტორი.

შედეგად, განახლებული ვიზუალური იდენტობა, პირველ რიგში, თავისი სინთეზურობით გამოირჩევა — ასეთი სრული ჩამონათვალი იმ შემადგენელი ელემენტებისა, რაც ახლანდელ დოკუმენტშია, არასდროს ჰქონია ბრენდს; მანამდე ეს ელემენტები ყოველთვის მიმოფანტული და არათანმიმდევრული იყო. საბოლოოდ, ყველაფერს ავთენტური, ისტორიულად სწორი და თანმიმდევრული სახე მისცეს. ასე ჩამოყალიბდა გამართული ბრენდსისტემა, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც, ბრენდის იდენტობა ასე მარტივად ვეღარ დაირღვევა.

„„ლაღიძის წყლები“ ხალხს ახსოვს კონკრეტული მახასიათებლებით. ამიტომაც, თანამედროვე ვიზუალური იდენტობის წარმოჩენა ისე, რომ მემკვიდრეობა შენარჩუნდეს, გამოწვევებითაა სავსე. აქ არ შეიძლება თამაში და ზედმეტი მოძრაობები, ამ ამბავს გააჩნია თავისი უხილავი სიმძიმე რომლის არ გათვალისწინება შეიძლება წინ დახვდეს ბრენდს. იმედია, ბრენდის განვითარების სტრატეგიას ბოლომდე დავემთხვიეთ. ამას წლები აჩვენებს“,ამბობს დავით კუპატაძე, არტ დირექტორი.

ემბლემა — მიტროფანე ლაღიძის დედა

ემბლემის თვალსაზრისით, ისტორიული ასპექტი გაითვალისწინეს და მიტროფანეს დედის სახე „გააცოცხლეს“. საბჭოთა კავშირის პერიოდში მისი გამოსახვის ფორმა ბევრჯერ შეიცვალა და ბოლოს სრულად დაკარგა კავშირი რეალურ სახესთან. ეს სპეციალურად — ხდებოდა ბრენდის გასტანდარტება და მიზანმიმართული გაქრობა. ხშირად იმასაც არ აწერდნენ, რომ ლაღიძის ლიმონათთან გვქონდა საქმე. პროექტზე მომუშავე მხატვრებისა და დიზაინერების გუნდმა კი, ისტორიული მოკვლევისა და უამრავი ჩანახატის შემდეგ, „მიაგნო“ ამ ავთენტურ სახეს და მისი თანამედროვე, მინიმალისტური ინტერპრეტაცია შეიმუშავეს.

ტიპოგრაფია

პროექტის ფარგლებში, დიდი ძალები მიიმართა უნიკალურ ტიპოგრაფიაზეც, რომელიც მხოლოდ ლაღიძის ბრენდისთვის იქნება დამახასიათებელი. თავად წარწერა „ლაღიძემაც“ განიცადა ცვლილება. ასევე, გუნდმა იმუშავა 3 კორპორატიულ შრიფტზე, რომლებსაც შეფუთვაზე თუ სხვა ციფრულ და ბეჭდურ კომუნიკაციაში გამოიყენებს ბრენდი.

მაგალითად, ნიკა ხიპაშვილის მიერ შექმნილი ერთ-ერთი შრიფტის დასახელებაა „საამური“ — ის მომრგვალებული და ქართული ფორმებით გამოირჩევა… ხატოვნად თუ ვიტყვით, საკითხავადაც რომ საამურია და ვიზუალურადაც ესთეტიკური.

„ლაღიძის ბრენდისთვის შექმნილი შრიფტები უფრო მომრგვალებული, სუფთა და მინიმალისტური გახდა, შენარჩუნდა მისი ხასიათი, თუმცა თითოეულმა ასომ უფრო თანამედროვე იერსახე შეიძინა“,განმარტავს ნიკა ხიპაშვილი.

ილუსტრაციებით გაცოცხლებული ხასიათი

დიზაინსისტემაში შემავალი ელემენტების სიას მიეკუთვნება ილუსტრაციებიც, რომლებიც სპეციალურად ლაღიძის ბრენდისთვის შეიქმნა და გამოხატავს მიტროფანე ლაღიძის „რეპერტუარში“ შემავალი გემოების პალიტრას. თითოეული მათგანი იმ გამორჩეულ არომატებსა და დასამახსოვრებელ გემოებს ასახავს ვიზუალურად, რომლებიც ყოველთვის ბრენდის ნიშა იყო.

საბოლოოდ, ეს ილუსტრაციები თავს იყრის ეტიკეტებზე — ზოგადად, ეტიკეტების დიზაინი ლაღიძის შემთხვევაში ყოველთვის საკულტო და გამორჩეული იყო. მხოლოდ მასზე თუ შენიშნავდით წარწერებს „ერიდეთ სიყალბეს“ ან „მოითხოვეთ ყველგან“; ამას ერთოდა პატარა მონეტების გამოსახულებაც, რომლითაც მიტროფანე ლაღიძე დააჯილდოვეს თავისი გამორჩეული გემოს ლიმონათებისთვის.

„თითოეულ ილუსტრაციას თავისი ხასიათი და ფორმა აქვს — ლაღიძის ბრენდისთვის მინდოდა, შემექმნა ნახატები, რომლებიც ერთი სტილის ქვეშ გაერთიანდებოდა, თუმცა თავიანთი მახასიათებლებით ერთმანეთისგან გამორჩეული იქნებოდა. ასევე, შეიქმნა 50-მდე უნიკალური ფათერნი“,ნიკა ვახტანგიშვილი, მხატვარი.

საგულისხმოა, რომ პროექტის მთავარი გამოწვევა „ლაღიძის წყლების“ წარსულიდან ყველა ისტორიული ელემენტის შეგროვების აუცილებლობაში მდგომარეობდა. ერთი მხრივ, სრული სურათი უნდა მიეღოთ; მეორე მხრივ კი, ყველაფერი თანამედროვეობაში ეთარგმნათ — ძველის შენარჩუნებითა და ახალი იერსახით.

„„ლაღიძის წყლებისთვის“ ახალი სიცოცხლის შთაბერვა დროში მოგზაურობას ჰგავდა — პროფესიონალებთან ერთად მუშაობა საუკუნოვან ბრენდზე, რომელზეც თაობები იზრდებოდნენ, ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო პროცესი იყო“, — ამბობს სერგი დევრისაშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რომ ლაღიძის წყლის წარწერამ იცვალა ფერი და კომუნიკაციაში იქნება გამოყენებული მხოლოდ გვარით! ლაღიძე ეს ის მემკვიდრეობა და გვარია, რომელმაც შექმნა ისტორია — ამიტომ, ზედმეტია ყველა წარწერა, რომელიც ახდენს მის იდენტიფიცირებას“,დავით კუპატაძე.


მთლიანობაში, ამ რებრენდინგთან ერთად, ისტორიული და ერთ-ერთი საკულტო ბრენდი ხელახლა იბადება და ახალ, თანამედროვე გზას იწყებს!

სრული პროექტის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

ავტორი: ქეთია ბელქანია

#პორტფოლიო – 10 მნიშვნელოვანი პროექტი სააგენტო ჯეპრას ნამუშევრებიდან

„ნარჩენებად დაშლილი ავტომობილი“ — Volkswagen-ის კამპანია