ქალ მეღვინეთა მარშრუტის კვალდაკვალ, თქვენ იმოგზაურებთ იმ მარნებში, სადაც ქალებმა საკუთარი მეურნეობები მოაწყვეს. ისინი ვიზიტორებს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ რეგიონში ქართული სტუმარმასპინძლობის ისტორიას წერდა.
ქალ მეღვინეებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა, თავად გახსნა საკუთარი ღვინის საწარმო, ვენახს უვლის და დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინის წარმოების პროცესს ასრულებს. დღეს მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.
ქალ მეღვინეთა მარშრუტი ახმეტის მუნიციპალიტეტში, „ლაგვანის მარანში“ გრძელდება. სახელწოდება „ლაგვანი“ სულხან–საბას ლექსიკონში დიდი ზომის ქვევრს ნიშნავს. აქ მოსახვედრად უნდა გადავინაცვლოთ ახმეტის ცენტრში, სადაც წლის ნებისმიერ დროს შეძლებთ ჩასვლას და საგზაო მანიშნებლების გარეშეც მარტივად გაიგნებთ გზას.
„ლაგვანის მარანზე“ ხშირად ამბობენ – „სტუმრად მოვედით და სახლში აღმოვჩნდითო“. აქ სანათა წიწუაშვილი გაგიმასპინძლდებათ და საკუთარი ბიომეღვინეობის შექმნის ამბავსაც გიამბობთ. „ლაგვანის მარანს“ დაფუძნების შთამაგონებელი ისტორია აქვს – მეღვინეობის დაწყება სანათას მამის უკანასკნელმა სურვილმა გადააწყვეტინა და მარანიც სწორედ მისი გეგმის მიხედვით ააშენა.
პირველ შთაბეჭდილებას მარნის ბაღი შეგიქმნით. ეზოში გამოსვლისას, ღვინის არომატთან ერთად, მყისვე იგრძნობთ კახური შოთისა და მწვადის სურნელს – აქ თონე, ფურნე, შუაცეცხლი და გრილია განთავსებული.
მარანში მასტერკლასები იწყება ჩურჩხელის ამოვლებით, რომელსაც წასვლისას უკვე გამშრალს გააყოლებთ ხელს. ხინკალი აქ ეზოს შუაცეცხლზე იხარშება, ხოლო თუშური კოტორი სიპ ქვაზე ცხვება. აქ ქართლ–კახეთისთვის დამახასიათებელ კერძებსაც გაეცნობით.
„ლაგვანის მარანში“ გასინჯავთ ქვევრის რამდენიმე სახეობის ღვინოს: რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს, საფერავს, ხიხვს, ორბელურს, მცვივანსა და ცქრიალას.
დარჩენას თუ გადაწყვეტთ, სანათას მეზობლები ამ სერვისსაც შემოგთავაზებენ.
„ლაგვანის მარნიდან“ სულ რამდენიმე წუთის სავალ გზაზეა კვეტერის ციხე. ეს გზა კახეთის ულამაზეს ადგილებს გაცნობთ. ღვინის მარშრუტის დასრულება შეგიძლიათ გომბორის ან თიანეთის გზით, სადაც გამორჩეული შთაბეჭდილებების შემდეგ ულამაზესი პეიზაჟებით დატკბებით.