3
Sep
2019

“გვინდა, სოხუმზე კალიფორნიაშიც იცოდნენ” – “ლაკოაჟის” სამოსი აფხაზური პრინტით

3 Sep 2019

Startauperi
Startauperi


ნიკა მიქავა

“ჩემი მშობლები სოხუმელები არიან და მეც ყოველთვის სოხუმელად ვაიდენტიფიცირებდი საკუთარ თავს. ჩემი იურიდიული მისამართიც ქალაქი სოხუმია, პაპასკირის 21” – ნიკა მიქავას არასდროს ჰქონია შანსი, ენახა აფხაზეთი. ის 1997 წელს, თბილისში დაიბადა, თუმცა არ ტოვებს სოხუმის დაბრუნების იმედი. აფხაზეთის ხედებითა და სიმბოლოებით დაპრინტული ტანსაცმლის ბრენდის შექმნაც იმ ადგილებზე მუდმივმა ფიქრმა მოიტანა. სტარტაპს აფხაზური ღვინის ჯიშის სახელი – “ლაკოაჟი” დაარქვა და საკუთარი რესურსებით შეუდგა საქმეს. “ლაკოაჟის” სამოსს ონლაინ მაღაზიის საშუალებით აწვდის მომხმარებელს. მისი ხედვა ოკეანის გადაღმა, კალიფორნიას სწვდება. უნდა, რომ აფხაზეთს პლანეტის მეორე მხარესაც იცნობდნენ. სანამ ტანსაცმლის ხაზზე იფიქრებდა, ამჟამად, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი ჯერ კომპიუტერული მეცნიერებებით დაინტერესდა, შემდეგ კი სოციალურ მეცნიერებებზე გადაერთო. სტარტაპზე მუშაობა რამდენიმე თვეა დაიწყო და როგორც თავად გვიამბო, პარალელურად, მუსიკალურ ფესტივალებთანაც თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტით. “ლაკოაჟის” ამბავი კი ასე იწყება:

“მტკვრის სანაპიროზე ველოსიპედით ვსეირნობდი, კალიფორნიის ბრენდირებული მაისური მეცვა და უცებ ძალიან მომინდა, რომ ჩემი ქალაქის, სოხუმის მაისურიც არსებულიყო და ოკეანის გადაღმა ჩემს ტოლ ადამიანს ისეთივე ‘’cool’’ შეგრძნებით ეტარებინა ის, როგორც მე იმ დროს კალიფორნიის მაისური. ჩემი მიზანია, ყველამ გაიგოს რომ სოხუმის საქართველოს ნაწილია და მასაც არანაკლები სანაპირო და ზღვა აქვს, ვიდრე კალიფორნიას ან ნებისმიერ ჩვენთვის ასე სასურველ ქალაქს. მსურს, ახალგაზრდებმა, რომლებსაც ეს ტკივილი არ შეხებიათ და მხოლოდ ცოდნის დონეზე გრძნობენ დანაკარგს, სიამაყით ატარონ აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი მაისურები. ჩემი მხრიდან ესაა მცდელობა რომ ყოველდღიურობაში გადმოვიტანო ტერიოტორიული მთლიანობის პრობლემა და არასდროს დავივიწყოთ რომ აფხაზეთი საქართველოა, და ღირს ბრძოლა ჩვენი ტერიტორიებისთვის.”

M: მოდის ინდუსტრიასთან თუ გქონია შეხება აქამდე?

2012 წლიდან, სოხუმის ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი, პროფესიონალურ კალათბურთს, შემდეგ ტრამვის გამო მომიწია უარის თქმა. სპორტში დიდი დოზითაა მოდა, სპორტული იქნება ეს თუ ქუჩის სტილი. კალათბურთელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩაცმას, აქედან გამომდინარე, მეც ყოველთის მაინტერესებდა მათი სტილი და აქტიურად ვადევნებდი თვალს როგორც ამერიკულ, ისე ევროპული მოდის ტენდენციებს.

M: დაპრინტული მაისურები ბაზარზე უხვადაა. “ლაკოაჟის” კონკურენტულ უპირატესობაზე რას გვეტყვი?

პირველ რიგში, ჩვენი უპირატესობა ჩვენი თემატიკაა. ჩვენ გვინდა, სხვა ქალაქებთან ერთად, აფხაზეთის ქალაქებით დაბრენდილი მაისურები გახდეს მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული და მოთხოვნადი. შემდეგი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენი პროდუქციის დამზადების ყველა ეტაპი არის უნიკალური პროდუქტის შექმნა, როგორც მაისურის თარგი, ასევე დიზაინი და პრინტის ხარისხი. ჩემი აზრით, ფასიც გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას.

კვირის განმავლობაში, რამდენიმე დიზაინს ვქმნით, რის შემდეგაც, ირჩევა საუკეთესოები. თითოეული დიზაინისთვის სპეციალურად იკერება მაისურების განსხვავებული მოდელები. შემდეგ უკვე იპრინტება მაღალი ხარისხით, ისე, რომ ფერები იყოს ნათელი და გასნხვავებული. მთელ ძალისხმევას ვდებთ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი შევქმნათ, როგორც ქართული, ისე უცხოური ბაზრისთვის.

M: ბიზნესი ვისთან ერთად დაიწყე? ასევე, საჭირო რესურსები როგორ მოიძიეთ?

ერთია, იდეის მოფიქრება და მეორე – განხორციელება. უამრავ დაბრკოლებას გადავაწყდი გზად, მაგრამ საბოლოოდ, მეგობართან გრაფიკოს დიზაინერ დავით სარალაშვილთან ერთად შევქმენი “ლაკოაჟი”, ის, რისი განვითარებაც ყოველდღე გვსურს. დილიდან საღამომდე იდეების მიმოცვლაში ვართ, ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი არის საწყისი და არ ვაპირებთ გაჩერებას, ყოველდღე მეტს ვითხოვთ, ყოველდღიური განვითარება და წინსვლა არის ჩვენი მიზანი.

მქონდა რამდენიმე მცდელობა ორგანიზაციებთან, რომ დამხმარებოდნენ ფინანსური ან ადამიანური რესურსებით. ვცადე, მომეპოვებინა გრანტი, მაგრამ როგორც ხდება, ბიუროკრატიამ გაწელა პროცესი და ამიტომ, გადავწყვიტე მხოლოდ ჩემი თავის იმედად ვყოფილიყავი საკუთარი რესურსები ჩამედო ბოლომდე ამ საქმეში.

M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად და როგორ გეგმავთ სამიზნე აუდიტორიის ათვისებას?

სიმართლე რომ გითხრათ სეგმენტზე და სამიზნე აუდიტორიაზე დიდ ხანს ვფიქრობდით, თუ კონკრეტულად ვისზე უნდა გაგვეთვალა ჩვენი პროდუქტი. იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთი აერთიანებს ყველა თაობის, ყველანაირი ხედვისა თუ ღირებულებების ადამიანს, ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია ისეთი იყოს, რომ ყველა გემოვნების ადამიანმა იპოვოს მისთვის სასურველი დიზაინი.

M: რა გამოწვეწვების წინაშე დგას ბიზნესი და როგორ ხედავთ “ლაკოაჟის” განვითარებას?

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი უდგას “ლაკოაჟს”, გამომდინარე იქიდან, რომ გზა, რომელიც ბრენდმა უნდა განვლოს საკმაოდ შრომატევადი და მასშტაბურია. “ლაკოაჟს” ვხედავ, როგორც Fast fashion ბრენდს, რომელიც ყოველ სეზონს ახალ-ახალი კოლექციებით ხვდება და პოზიციონირებს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზრებსა თუ ონლაინ მაღაზიებში.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა