in

რატომ უნდა იყოს კონტენტი მოკლე და ლაკონიური

წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ მარტივი კერძის მომზადებას მაკარონით, არ იცით რეცეპტი და გიწევს უზარმაზარი ტექსტის წაკითხვა ინგრედიენტებისა თუ მომზადების წესის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, ტექსტი იქნება თუ ვიდეო, ხანგრძლივობა და მოცულობა ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს. 

მარკეტერებს რატომღაც უყვართ გრძელი კონტენტის შექმნა, თუმცა თანამედროვე კონტენტის წესები საპირისპიროს გვიმტკიცებს. ამიტომ, მართალია, სიტყვის დაგრძელება უფრო იოლია, ვიდრე დამოკლება, მაგრამ ამ სტატიაში უნდა გესაუბროთ იმაზე, რატომ არის მოცულობის შემცირება უკეთესი აზრი.

რეცეპტებით დავიწყეთ და მადა რომ არ გავიფუჭოთ, ისევ კულინარიის მაგალითზე გავაგრძელოთ საუბარი – პირობითად, თქვენ ეძებთ თინუსის სალათის რეცეპტს და გახსენით სტატია, რომელიც მას გპირდებათ. ხშირად ქოფირაითერები თვლიან, რომ უზარმაზარი ტექსტი უნდა შემოგვთავაზონ იმის შესახებ, თუ რატომაა სასარგებლო თინუსი, რომელი ჯგუფის თევზებს განეკუთვნება, რომელ წყლებში ბინადრობს და ა.შ. არადა, თქვენ გშიათ და სწრაფი რეცეპტი გჭირდებათ. ხომ ჯობდა, მხოლოდ მომზადების წესი ყოფილიყო? 

დიდი ალბათობით, თქვენ ან გადასქროლავთ, ან საერთოდ დატოვებთ ამ ბმულს. ანალოგიურად მოიქცევა თქვენი მომხმარებელი, თუ გრძელი ტექსტის კითხვას აიძულებთ. გგონიათ, თქვენი ტექსტი რეცეპტზე უკეთესი იქნება და ამიტომ წაიკითხავენ? ასე არაა.

გრძელი კონტენტი უფრო ჭკვიანურს უდრის? არა!

ერთი მიზეზი, რატომაც ზოგიერთი მარკეტერი გრძელი კონტენტის მოყვარულია, გავრცელებული აზრია – თითქოს რაც უფრო მეტია გაკეთებული, უფრო ხარისხიანია. სინამდვილეში, ხშირად პირიქითაა – რაც მეტი ტექსტია, მით მეტი შეცდომაა გაპარული. 

ამიტომ, როგორც აინშტაინმა ერთხელ თქვა: „თუ მარტივად ახსნა არ შეგიძლია, ესე იგი საკმარისად კარგად შენ თვითონ არ გესმის“.

გადახედეთ ძიების მიზანს

იმისათვის, რომ მკითხველს ზუსტად ის მიაწოდოთ, რაც მას სჭირდება, უნდა იცოდეთ, რატომ ეძებენ ისინი ამ თემას. მოიკვლიეთ, თუ რა აინტერესებთ თქვენს მომხმარებლებს და მიხვდებით, როგორი კონტენტი უფრო უნდა მიაწოდოთ მათ. როდესაც გეცოდინებათ მათი ძიების ძირითადი მიზნები, შეძლებთ, რომ ის დაყოთ პატარა პუნქტებად და შესაბამისი კონტენტი შეუქმნათ. რის შედეგადაც გექნებათ არა ყოვლისმომცველი ბლოგი განუსაზღვრელი დასასრულით, არამედ კონკრეტული შინაარსი.

იყავით მაქსიმალურად მკაფიო და სრულყოფილი

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ბევრი მარკეტერი უშვებს, არის თემასთან დაკავშირებული ყველაფრის სტატიაში ჩატენვა. ნახეთ საუკეთესო მაგალითები და ეცადეთ, თქვენც შექმნათ მსგავსი კონტენტი. მკითხველს საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია უნდა მისცეთ, მაგრამ ისე, რომ კიდევ უფრო მეტის გაგება მოუნდეს თქვენ შესახებ. 

იფიქრეთ შრეებზე და არა სიგრძეზე

ყველა მკითხველს არ სურს ერთი და იგივე დონის სიღრმისეული გამოცდილების მიღება. მაშ რატომ უნდა აიძულოთ ყველას ერთი და იგივე გამოცდილება გაიაროს? დაყავით კონტენტი შრეებად:

  • მოკლე ფორმა: თიზერები ან შეჯამებები;
  • საშუალო ფორმა: კონტენტი, რომელიც პირდაპირ არსში ჩადის: სახელმძღვანელოები, გზამკვლევები, რეკომენდაციები და სხვა…
  • გრძელი ფორმა: ღრმა ჩაღრმავება მათთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება ეს.

იმისთვის, რომ ეს სტატიაც არ გამოვიდეს ძალიან ვრცელი და წინააღმდეგობაში არ მოვხვდეთ საკუთარ ნათქვამთან, ბევრს აღარ გავაგრძელებთ. თანაც, მთავარი სათქმელი უკვე მოწოდებულია – კონტენტის გრძელი ფორმატი არ არის სტრატეგიული სვლა. სტრატეგია არის იმის ცოდნა, რა სჭირდება თქვენს აუდიტორიას; სტრატეგიაა უნარი, სწრაფად მიაწოდოთ მას ინფორმაცია; სტრატეგიაა ისიც, რომ თუ მაინცდამაინც გრძელი ან ხანგრძლივი შინაარსის განთავსებას აპირებთ, იცოდეთ, რატომ და როგორ აკეთებთ ამას.

Valentino ყოველდღიურ მომენტებს ზეიმობს — The Poetics of Everyday

10 მილიონი დოლარი The Ordinary-მ ინსტალაციად აქცია