უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო აქსელერატორი, 500 Global საქართველოში 500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებს და სტარტაპებს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. აღნიშვნას იმსახურებს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც – ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.
წელს 500 Georgia-მ 12 სტარტაპი შეარჩია და მარკეტერის მკითხველი მათ ნელ-ნელა სრულად ეცნობა. ამ სტატიაში სომხურ-ყირგიზური სტარტაპის La La-ს შესახებ გიამბობთ, რომელიც სულ ახალბედაა. ის ამა წლის თებერვალში დაფუძნდა და პირველი მომხმარებელი 6 თებერვალს ჰყავდა. La La-ს სამი დამფუძნებელი ჰყავს, რომლებსაც ძალიან უყვართ მუსიკა. ნიკა ვოლინეტსი ვოკალის მასწავლებელი იყო, რომელთანაც დიმა პუხოვი და ვსევოლოდ კანტორი პრაქტიკებს გადიოდნენ. მეცადინეობებისას ისინი მივიდნენ აზრამდე, რომ ვოკალის სავარჯიშოების ონლაინ კეთება გაცილებით მარტივია, ეს განსაკუთრებით მასწავლებელს უადვილებდა საქმეს. გამომდინარე იქიდან, რომ დიმა პროგრამული ინჟინერია, მათ გადაწყვიტეს, ერთობლივად დაეარსებინათ ციფრული პლატფორმა, რომელზეც ვოკალის გაკვეთილების გავლა იქნებოდა შესაძლებელი. ასე გაჩნდა meetlala.io.
თანადამფუძნებელი, დიმა პუხოვი მარკეტერთან საუბარში ყვება, რომ მისი პროგრამული ცოდნა დაეხმარათ, 2 დღეში პროტოტიპი უკვე მზად ჰქონოდათ. საუბრის დანარჩენ ნაწილს ინტერვიუს ფორმატში შემოგთავაზებთ.
M: დიმა, თქვენი აზრით, რით არის თქვენი პროდუქტი გამორჩეული?
პირველ რიგში, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენმა პლატფორმამ შეფერხებების გარეშე იმუშაოს, რაც ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ხშირად იწვევს შეფერხებას. ამას გარდა, იმის გამო, რომ ნიკა ვოკალის პროფესიონალი მასწავლებელია, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ კონტენტსაც. ჩვენ სპეციალურად ჩავწერეთ სავარჯიშოები, რომლებიც La La-ს ბიბლიოთეკაშია განთავსებული. ეს სავარჯიშოები მაქსიმალურად აკმაყოფილებს იმ ადამიანთა საჭიროებებს, რომლებსაც ვოკალის შესწავლა და მუსიკალური უნარების გაუმჯობესება უნდათ.
M: რატომ იღებთ მონაწილეობას 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში?
სიმართლე გითხრათ, ძალიან გვიყვარს 500 Global-ის გარემო. ეს ის ადგილია, რომლის დამფუძნებლებმაც, მენტორებმაც, მთელმა ჯგუფმა დაიჯერეს, რომ დიდი მომავლის შექმნა შესაძლებელია, ისინი მონაწილეებთან ერთად მიდიან რისკებზე, აქვთ ამბიციური ხედვები და სჯერათ, რომ მათი გადადგმული ნაბიჯები რეალური იქნება.
M: თქვენი აზრით, რის გამო მოხვდით ამ პროგრამაში და რას გააკეთებთ მისი დასრულების შემდეგ?
ვფიქრობ, დიდი როლი ითამაშა თავად ჩვენმა გუნდმა. ერთმანეთში ძალიან კარგად ვართ შეთანხმებულები და ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე, რა საქმესაც ხელი მოვკიდეთ, მასაც თავიდან ბოლომდე ვიცნობთ. როგორც უკვე იცით, მე პროგრამული ინჟინერი ვარ, ნიკა ვოკალის მასწავლებელი, ხოლო სევა მეწარმე და მარკეტერია.
ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანია ზრდა, ზრდა და კიდევ ერთხელ ზრდა! იმისთვის, რომ ახალი ბაზრები დავფაროთ, დიდი მუშაობა და ექსპერიმენტების ჩატარება გვჭირდება. გვსურს, რომ დიდი გავლენა მოვახდინოთ მუსიკალურ ინდუსტრიაზე და იმედია, ამ პროგრამაში მიღებული გამოცდილება ამაში დაგვეხმარება.