23
Oct
2014

„ნაღმი“, ანუ Landmine Goes Click !

23 Oct 2014

23 ოქტომბერს საქართველოს კინოთეატრებში ფილმი „ნაღმი“ გამოვა. „Sarke Studio”-ს რიგით მე–3 ნამუშევარი ინგლისურენოვანია და მასში ქართველი და ამერიკელი მსახიობები მონაწილეობენ.

„ნაღმი“ არის . . .   

nagmi 10

ლევან ბახია ( ფილმის რეჟისორი და Sarke Studio”-ს დირექტორი): სტუდია „სარკე“ რომ რეკლამაზე მუშაობდა 1998 წელს, მაშინ მე–3 კურსზე ვიყავი. ეს ის ეპოქა იყო, როცა სარეკლამო კომპანია თავისი არსით იყო „ტიპი“, რომელიც ნეონებს ღუნავდა, „ბილბორდებს“ ათავსებდა. მაშინ ვთქვი, ეს არ არის სარეკლამო კომპანიის რეალური ფუნქცია და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. პირველები ვიყავით, ვინც GRP–სა და სტრატეგიაზე ლაპარაკი დავიწყეთ. მართლა მოვინდომეთ შეგვეცვალა ის მიდგომა, რაც მარკეტინგისა და რეკლამის მიმართ იყო საზოგადოებაში. გვინდოდა, ამ საქმეში რევოლუცია მოგვეხდინა და მიმაჩნია, რომ მაშინ ამას მივაღწიეთ. რამდენიმე ეტაპი გავიარეთ, სარეკლამო კომპანია შევქმენით, ჩამოვაყალიბეთ კონცეფციები, რომ მომსახურებას, კრეატივს და ა.შ. ყველაფერს ცალ–ცალკე თავისი ფასი აქვს. იგივე გავაკეთეთ, როცა საქმე სარეკლამო სტუდიაზე მიდგა. მანამდე არ იყო გადასაღები ტექნოლოგიები. ჩვენ ესეც „შემოვიტანეთ“. ახლა ზუსად იგივე დამოკიდებულება და სურვილები გვაქვს კინოს დარგთან მიმართებაში. პრინციპში, ახლოს მდგომი დარგია, წარმოებიდან გადავედით. ზუსტად იგივე სიცარიელეა აქ, როგორც 1998 წელს სარეკლამო სფეროში იყო. ახლა კინოინდუსტრიაში ხდება, რაც მაშინდელი „ნეონების გადაღუნვა” იყო სარეკლამო სფეროში. იმიტომ კი არა, რომ ცუდ ფილმებს იღებენ. პირიქით, ბოლო წელიწად–ნახევარს თუ გადავხედავთ, ძალიან საინტერესო „ქეისები“ გვაქვს. მე, პირადად, მიმაჩნია, რომ ჩვენი როლი, იმის გაკეთებაა, რაც ახლა არ ხდება. ის, რომ კინოცენტრიდან დაფინანსებას მიიღებენ, ფილმს გადაიღებენ, იმაზე არავინ ფიქრობს, ამ ფილმს რა ბედი ეწევა ბოლოს. საქართვლოში პროდიუსერის ინსტიტუტის პრობლემაა. რეჟისორები არიან, ოპერატორები არიან, ტალანტები არიან. სამწუხაროდ, ტალანტები, რომლებიც კარგი რეჟისორები არიან, ვერ არიან კარგი ბიზნესმენები. 2011 წელს 247 გრადუსი ფარენგეიტი გადავიღეთ. ყველა ბიზნეს პარამეტრით იყო ძალიან წარმატებული პროექტი, მაგრამ ყველას აქვს უფლება თქვას, რომ გაგვიმართლა. მეორედ ოსკაროსან რეჟისორთან მიშელ ჰასანავიჩუსისთან ვიმუშავეთ , აქ საქართველოში გადავიღეთ ფილმი, 9 თვის განმავლობაში 10 000–მდე ადამიანი დავასაქმეთ. გვინდა, ამ მესამე ფილმით უკვე დავამტკიცოთ და ვთქვათ, რომ კინოს გადაღებაში საშიში არაფერი არ არის. 2011 წელს, სანამ  კინოს გადაღებას დავიწყებდი, დიდი ხანი ვფიქრობდი. ერთმა მითხრა, მთავარია ნაბიჯის გადადგმა და გაბედვა, ეს არის კინოო. ვფიქრობ, კარგი რჩევა იყო. გავბედე და წარმატება მოგვიტანა. „ნაღმით“ მინდა ახალ და მომავალ თაობას ვუთხრა, რომ ეს შესაძლებელია. კინოში, სანამ ეს ფილმი დაიწყება, ეკრანზე უჩვენებენ რგოლს, მესიჯს, რომ „შენც შეგიძლია“. საქართველოშიც არის შესაძლებელი კარგი კინო შეიქმნას. არ ვამტკიცებთ იმას, რომ საუკეთესო ფილმი გადავიღეთ. ჩვენ ვცადეთ, ფული დავხარჯეთ და მოგებასაც მოვიტანთ. ამის გაკეთება შესაძლებელია. ჩვენ, როგორც კომპანია, მზად ვართ ნებისმიერ ადამიანს , ჩვენი ინტერესი გვექნება თუ არა, ეს გზა გავუხსნათ. ეს არის პირველი კუთხე, მთავარი. მეორე პარამეტრი კი,რომელიც უფრო მექანიკურ დონეზეა, მისი სიუჟეტია. ეს არის ფილმი უცხოელ ტურისტებზე, რომელთაგან ერთ–ერთი ლაშქრობისას ნაღმზე დაადგამს ფეხს და შემდგომში გადაეყრება მონადირეს კოტე თოლორდავას სახით, რომელმაც ძალიან საიტერესო პერსონაჟი შექმნა. იწყება კონფლიქტი, არის შურისძიება. ეს მხოლოდ შეფუთვაა იმ იდეის, რომელიც ამ ფილმის მიღმა დგას.Picture 7

“როგორც იქ კინოინდუსტრია ააყვავეს, იმას ვიზამ მე აქ ! …”

როცა „ნაღმი“ ამერიკაში, კინოგაქირავებიდან მოიტანს მოგებას და ის ფული საქართველოში შემოვა, აქვე დარჩება, ეს იქნება წარმატება. რადგან გაჩნდება სახსრები უკვე მომდევნო ფილმისთვის. მერე ინდუსტრია ნელ–ნელა განვითარდება და იქნება იდეა– კინო. მის შესაქმელად გაკეთდება ყველაფერი. ახალ ზელანდიაში „ჰობიტებისთვის“ შეიქმნა მთელი კონსტრუქციები და გადაიღეს 8 სერია. როგორც იქ კინოინდუსტრია ააყვავეს, იმას ვიზამ მე აქ. როგორ ? განვიხილოთ შარშანდელი წელი. იმის ხარჯზე, რომ მე, „სარკე“-მ 247 გრადუსი ფარენგეიტი გადავიღე და ჩამოვყალიბდი, როგორც ქართული კომერციული კინოკომპანია. ზუსტად წელიწადნახევრის შემდეგ მივაღწიე იმას, რომ საქართველოში განხორციელებული ყოფილიყო 28 მილიონ დოლარიანი პროექტი, მიშელ ჰასანავიჩუსის მიერ გადაღებულ ფილმს ვგულისხმობ. ახლაც ორ უზარმაზარ ამერიკულ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ საქართველოში გადაიღონ ფილმი. და ეს რომ მოხდება, ანუ ამერიკული კინოკომპანია აქ დაიწყებს მუშაობას, სერიოზული წინსვლა იქნება ჩვენი ინდუსტრიისთვის. როგორ ვაპირებ აქ, საქართველოში ახალი ზელანდიის პრეცედენტის შექმნას? ეს „ნაღმი“ ზუსტად არის იმის ნაწილი და ერთ–ერთი ნაბიჯი, რომლითაც მთავარ მიზანს მივაღწევთ.

იმისთვის რომ „ნაღმი“ იყოს ნაღმი . . . Picture 18

ერთია საქმე, რაც ჩვენ გავაკეთეთ და მეორეა, როგორ უნდა მივიტანოთ ეს მაყურებელთან და იმ ადამიანებთან, ვისაც გვინდა ვუთხრათ, რომ მთავარია გაბედო და ნაბიჯი გადადგა. ფილმის გადაღების პერიოდში ვდებდით ვიდეოებს, სადაც ასახული იყო სამუშაო პროცესი. ვთხოვდით სოციალურ ქსელში ხალხს, გაეზიარებინათ და გამოეთქვათ აზრი. ახლაც მთელი მარკეტინგი სოციალური მიმართულებით გვაქვს, ვთხოვთ ჩვენ უკვე შეძენილ „მეგობრებს“ თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვისაც „ნაღმი“ მოეწონება გაუწიონ მას რეკომენდაცია. ზოგადად, ბევრი შეუძლია ამ სოციალური კამპანიებს და მე მომწონს ძალიან. იმისათვის, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს დახმარება გვჭირდება.

„ბიზნესმენებს ეშინიათ ამ კინოინდუსტრიის“ . . .

ჩვენთან კინოინდუსტრიის წარმატებისთვის უნდა განვითარდეს კომერციული კინო. მის განვითარებს ხელს ისიც უშლის, რომ ბიზნესმენებს ეშინიათ ამ კინოინდუსტრიის, ვთქვათ, ბიზნესმენი ხარ და ვიღაც გეუბნება, მოდი, ფერმა გავაკეთოთ. ამ ეტაპზე იცით როგორი შეგრძნება აქვს ბიზნესმენს? შესაძლოა ამ საქმესთან შეხება არასოდეს ჰქონია, მაგრამ, რაღაცნაირად, ფიქრობს, რომ იცის, რა არის მოსალოდნელი. მეტ–ნაკელებად, გასაგებია ზოგადად დარგი და ამიტომ არ ეშინია ინვესტორს. როცა ეუბნები, რომ მოდი კინო გადავიღოთ, ეს „ფერმასავით“ არ ჟღერს. წარმოუდგენლად დიდი და რთულ მოვლენად ეჩვენებათ, თითქოს, ძალიან საშიშია. ზუსტად ამ ადგილას შემოვდივართ ჩვენ, ვცდილობთ ვიყოთ ნიმუშები და მაგალითები იმისა, ვინც გააბედინებთ, ჩადონ ამაში ფული. გვინდა, ბიზნესმენებს ვუთხრათ, რომ ცალკე არსებობს კინო, როგორც ბიზნეს მოდელი. შესაძლებელია, რომ კინოში 100 000 დოლარი ჩადო და 2 წლის მერე 200 000 დაიბრუნო. „ნაღმის“ ცენტრალური შემოსავალი იქნება, როცა ამერიკაში გავა ეს ფილმი და იქ ბილეთებში გადახდილი თანხა ქვეყანაში შემოვა, რომელიც უკან აღარ უნდა გავიდეს. ამერიკაში ფილმს ერთი კონკრეტული კომპანია იყიდის და გაუშვებს კინოში. იქ პრემიერა რამდენიმე თვეში იქნება. ამ ეტაპზე 3 სხვადასხვა კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება. წინასწარ მათზე ვერაფერს ვიტყვი.stat 5

თუ ჩვენი ქვეყანა კომერციულად წელში გაიმართა და ფეხზე წამოდგა, მერე კინოს ტალანტებს მიეცემათ საშუალება, ის გენეტიკური კოდი გააღვიძონ და შექმნან თანამედროვე კინოხელოვნება. . .

ყველამ ერთად ძალიან უნდა მოვინდომოთ. ჩვენ არაჩვეულებრივი წარსული გვაქვს. ის, რასაც ჰქვია ქართული კინო 90–იან წლებამდე. ახლა, როგორც კი ეს კინოინდუსტრიაში კომერციული მიმართულება ამუშავდება, ყველაფერი დალაგდება. ჩვენ გვგონია, რომ ქართული კინოს აღორძინება იმ ძველის დაბრუნებით უნდა დაიწყოს. ვარიანტი არ არსებობს იმის დაბრუნების. ის არის ჩვენ გენეტიკურ კოდში დარჩენილი „არტ“, უნიკალური მომენტები. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენი ქვეყანა კომერციულად წელში გაიმართა და ფეხზე წამოდგა, მერე კინოს ტალანტებს მიეცემათ საშუალება, ის გენეტიკური კოდი გააღვიძონ და შექმნან თანამედროვე კინოხელოვნება. მხოლოდ ამიტომ ვერ გავიდა მსოფლიო ასპარეზზე ქართული კინო, რომ არის კომერიციის ნაკლებობა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ჩაეყრება საფუძველი უნიკალურ კინო ხელოვნებას, რომელიც იქნება, ის რაც ადრე იყო, მაგრამ საერთაშორისო მაყურებლისთვისაც კარგი იქნება. გლობალური სამყაროს ნაწილი თუ არ გავხდით, მარტო ჩაკეტილ წრეში, მხოლოდ ჩვენთვის გადაღებული ჩვენი ფილმებით წინ ვერ წავალთ. ჩემი აზრით, კინო არის გართობის ობიექტი და მას თუ მაყურებელი არ ეყოლება და ფილმი თაროზე შემოიდო, რა „არტ“ ღირებულებებიც არ უნდა ჩადო მასში, უბრალოდ ვერავინ შეიტყობს ამის შესახებ. თუ კომერცია იქნება წამყვანი კინოინდუსტრიაში, ფილმში ასახულ ყველანაირ იდეას უფრო ბევრი ხალხი გაიგებს. თუ ინვესტორები დაინტერესდნენ კინოინდუსტრიით და თუ ჩამოყალიბდა პროდიუსერების ინსტიტუტი, რომელიც ასე აკლია ინდუსტრიას, ისინი გააერთიანებენ ტალანტებსა და რესურსებს და „დადებენ“ კომერციულ პროდუქტს თავისი მთავარი სათქმელით. ეს პროდიუსერები როგორები უნდა იყვნენ იცით? სამშენებლო დეველოპერული კომპანიების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ. ისინი ხომ ყიდულობენ მიწას, აშენებინებენ შემდეგ სახლს და ყიდიან. ისინი ხომ არჩევენ კარგ მიწას და არა ისეთს, სოფელში რომ არის , სუფთა ჰაერზე და თვითონ რომ სიამოვნებით იცხოვრებდნენ. ასეა კინოინდუსტრიაც. „მე სოფელში თავგადასავალი გადამხდა“ არავის აინტერესებს. აინტერესებთ ის, რაც გაიყიდება. მინდა, ეს „ტიპი“ შევქმნა, დაინერგოს აზროვნება, რომელიც დაკავშირებულია კომერციულ კინოსთან. მაგრამ არც ისეა, რომ კარგ კომერციულ კომპანიას შეეძლოს ნებისმიერი სიუჟეტი „გაყიდოს“ . შენ როდესაც პროდიუსერი ხარ და კომერციულად აზროვნებ, პირველი იწყება იდეით . როცა ვამბობ, რომ „ნაღმში“ ტიპმა დაადო ფეხი ნაღმს, რომელიც მოქმედებაში უნდა მოვიდეს და ვერ ინძრევა, ეს უკვე თავისთავად, მინიმუმ ნათელია. მოკლედ შეიძლება მოყვე, ორ წინადადებაში რაზეა ფილმი. კარგი კინო იწყება იდეით.  stat 3წინა ფილმი რა იყო? „ტიპები“ ჩაიკეტნენ საუნაში და იქ ვითარდება მოქმედება. მე იმას კი არ ვამბობ, ეს ყველაზე საინტერესოა, მაგრამ თუ 1% მაინც აინტერესებს, რა მოხდება, თუ ისინიც ჩაიკეტებიან საუნაში. როგორც მინიმუმ, ეს 1% 7 მილიარდის 1%–ია და ბევრად მაგარია, ვიდრე ფილმი, რომლის არსი იმდენად ძნელი მოსაყოლია, რომ ის რომ 10 % ენახა, შეიძლება მოწონებოდა და იმ 1% –ს საერთოდ არ მოეწონებოდა, მაგრამ უბრალოდ ვერ ნახავს ეს 10 %. ჩვენი თავი რომ გავიხსენოთ, ინტერნეტ პორტალზე ფილმს რომ ვეძებთ საყურებლად, რა არის მთავარი? რა სიუჟეტი აქვს, რაზეა ამბავი და როგორ მარტივად და მოკლედ შეიძლება ის იყოს გადმოცემული. მეორე არის მსახიობი. ვთქვათ, თამაშობს ბრედ პიტი. საკმარისია, მოკლედ გითხრა რამე ფილმზე, რომ უცბად დაგაინტერესო. ეს არის კომერციული ფილმის მთავარი საფუძველი, რაც მარკეტინგამდე დადის. მაშინ იქნება შენი პროექტი წარმატებული, როცა მაყურებელს შესთავაზებ „ფაზლს“, რომლის ამოხნსაც მხოლოდ ფილმის ნახვის შემდეგ იქნება შესაძლებელი

განხილვა