in

Lari Reader უსინათლოებისთვის – შშმ პირების მიერ შექმნილი კუპიურის ამომცნობი აპლიკაცია

„Lari Reader“ ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციაა, რომელიც პროექტის – ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის“ პრაქტიკულ ნაწილში შეიქმნა უსინათლოთათვის – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების მიერ, ტრენერების დახმარებით. პროგრამა მიზნად ისახავდა მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას სრულყოფილად და შშმ პირების სამომავლო დასაქმების ხელშეწყობას. საპილოტედ, ინკლუზიურ კლასში შერჩეული 10 შშმ პირიდან, კურსი დახურა 7-მა. პროგრამა მიმდინარეობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსიტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ხოლო პროექტი განახორციელა – UG Lemondo Trainings-მა. მარკეტერი ესაუბრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის კოორდინატორ ქრისტინა კაპანაძეს, UG Lemondo Trainings-ის ხელმძღვანელ გიორგი ყანჩაველსა და ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის“ მონაწილე შოთა ჩინჩალაძეს: 
M:
როგორ შეარჩიეთ პროექტის მონაწილეები და რატომ გადაწყვიტეთ მათთვის პროგრამირების შესწავლა?
ქრისტინა კაპანაძე: 
არაფორმალურ ჭრილში, გადავწყვიტეთ, რომ შშმ პირებისთვის მიგვეცა ის ცოდნა, რომელიც მათ, სამომავლოდ, დასაქმებაში შეუწყობდა ხელს. გამოვაცხადეთ ქოლი, ვინაიდან ჩვენ ვართ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალგაზრდული პოლიტიკის საფუძველზე, 14-დან 29 წლამდე  სეგმენტზე გავაკეთეთ აქცენტი, თუმცა გვყავდა 31 წლის მონაწილეც, რომელსაც ძალიან უნდოდა და რა თქმა უნდა, გამონაკლისი დავუშვით. ამ ეტაპზე, მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმე არის „მობაილ დეველოპმენტი“ და ეს თემა შშმ პირებისთვის მორგებული იყო, რადგან არის რამდენიმე კატეგორიის შეზღუდვის მქონე ადამიანი, რომელიც სახლიდან ვერ გამოდის, გადაადგილება უჭირს, ან არაადაპტირებულ გარემოში უწევს ყოფნა, ამიტომ, მათ მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ,  „ფრილანსერებად“ იმუშაონ, სახლიდან და ისე ააწყონ აპლიკაციები.

M: როგორ მუშაობს აპლიკაცია Lari Reader?
ქრისტინა კაპანაძე: რაც შეეხება უშალოდ აპლიკაციას, ეფლისგან ველოდებით საბოლოო დასტურს და ამის შემდეგ, Playstore-ისა და IOS-იდან შეეძლება უსინათლო ადამიანს, რომ გადმოწეროს ეს აპლიკაცია. ხმოვანი ბრძანებით, უკარნახებს ტელეფონს „ლარი რიდერს“, რომელსაც კამერის ეფექტი აქვს და კარგად გაშლილი კუპიურა უნდა დაანახოს. კამერა დააფიქსირებს ლარს და აუდიო გიდის გაახმოვანების საშუალებით, მომხმარებელი გაიგებს, რა ოდენობის კუპიურა აქვს.


M: გარდა უშუალოდ აპლიკაციაზე მუშაობისა, თუ აპირებთ პროგრამაში მონაწილე შშმ პირების დასაქმებას, რა გაგრძელება ექნება პროექტს?
ქრისტინა კაპანაძე: აპლიკაციის შექმნის დროს, ავიყვანეთ რამდენიმე შშმ პირი, რომლებმაც დაწერეს პროგრამა. პრაქტიკულ ნაწილში, შექმნეს აპლიკაცია და აპლიკაციის შექმნის დროს დასაქმდნენ. აპლიკაციის პრეზენტაციის დღეს, მინისტრმა გააჟღერა, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორ უწყებებთან, რომლებიც 3 ადამიანს წაიყვანენ ფასიან სტაჟირებაზე და მოწონების შემთხვევაში, ისინი დასაქმდებიან. გვინდა, მომდევნო რამდენიმე კვირაში მოხდეს ეს, რომ შეძლონ იმ ცოდნის გამოყენება, რაც ჩვენ მივეცით, ამ კურსის მეშვეობით. სავარაუდოდ, 3 ადამიანის სამსახურის საკითხი უკვე მოგვარებული გვაქვს, ვინც ყველაზე კარგად დაამთავრა კურსი და ცოდნა მიიღო.

გიორგი ყანჩაველი – UG Lemondo Trainings-ის ხელნძღვანელი: ჩვენ „პროგრამირების ინკლუზიური კურსის“ გადამზადების პროცესში ვიყავით ჩართული. იმის გამო, რომ ქართულ რეალობაში, უსინათლოებზე ადაპტირებული ტექნიკური აღჭურვილობა არ არსებობს, პროგრამაში მონაწილე ერთ უსინათლო მსურველს უარი ვუთხარით. ტრენინგის განმავლობაში შექმნილი აპლიკაცია დასახვეწია და ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გასაკეთებელი, რომელზეც მუშაობს ერთ-ერთი შშმ პირი კურსის წარმატებული კურსდამთავრებული – შოთა ჩინჩალაძე. აპლიკაცია ქაღალდის კუპიურაზე მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ  მონეტას, როგორც წესი, ისედაც ცნობენ ხოლმე უსინათლო ადამიანები.

შოთა ჩინჩალაძე – „პროგრამირების ინკლუზიური კურსის“ მონაწილე: არანაირი გამოცდილება არ მქონია პროგრამირების სფეროში. შევიტყვე, რომ ტარდებოდა ტრენინგები, გავიარე გასაუბრება და შედეგად, მოვხვდი ამ პროგრამაში. თავიდან მიდიოდა 4 თვიანი სწავლება, 3 თვე თეორია შევისწავლეთ, შემდეგ კი 1 თვიანი პრაქტიკული კურსი ჩაგვიტარდა. შემდეგ გვითხრეს, რომ დასაწერი იყო აპლიკაცია – „ლარი რიდერი“ და 2 კვირა მოვანდომეთ ამაზე მუშაობას. ამ მომენტში, ველოდებით ლარი რიდერის განახლებას იმიტომ, რომ ეს ვერსია, ჯერჯერობით,  არ არის სრულყოფილი.

7 ფერი, რომლის დიზაინში გამოყენების შემთხვევაშიც გიჩივლებენ

საქართველოს უნივერსიტეტი ინგლისურენოვან საზაფხულო სასერტიფიკატო კურსებს გთავაზობთ