in

როგორი იქნება ლარის სიმბოლო?!

11111დაახლოებით, ერთ თვეში ქართულ ფულს საკუთარი ნიშანი ექნება. დროებითმა კომისიამ 321-დან 5 სიმბოლო უკვე შეარჩია. საბოლოო გამარჯვებული ნიმუშის გამოვლენამდე პროცესში საზოგადოებაც ჩაერთო.

BOG
BOG

17 მარტის ჩათვლით ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე მსურველებს საშუალება აქვთ შერჩეული 5 სიმბოლოდან მათთვის სასურველს მისცენ ხმა. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ თითო ხმის მიცემაა შესაძლებელი. ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ინტერაქტივის შედეგებს სარეკომენდაციო ხასიათი ექნება და გადაწყვეტილებას, საბოლოოდ, მაინც კომისია მიიღებს.

შერჩეული 5 სიმბოლოს გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოება აქტიურად განიხილავს ლარის ნიშნის შესაძლო ვერსიებს. ითქვა, ისიც, რომ ხმის მიცემის პროცედურა გამართულად არ მიმდინარეობს და რომ შესარჩევი კომისია ნაკლებად კომპეტენტური ადამიანებითაა დაკომპლექტებული.

ეროვნული ბანკის საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფენ და ამბობენ, რომ შერჩევის პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს. მათი თქმით, კომისიის წევრები ნებისმიერ დეტალზე გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენის შემდეგ ისაუბრებენ და ნებისმიერ შეკითხვას გასცემენ პასუხს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ლარის ცნობადობას საზოგადოებაში და შესაბამისად, დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე.

ლარის სიმბოლოს შემოღებას დადებითად აფასებს გრაფიკოს–დიზაინერი ბესო პოპიაშვილი და ამბობს, რომ ეროვნულ ვალუტას საკუთარი სიმბოლო აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, სავარაუდო ნიშნებს ცოტა დახვეწა სჭირდება. ამ 5 –დან შერჩეული აქვს მისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტიც.

“ეროვნულ ვალუტას უნდა ჰქონდეს სიმბოლო. ეს ერთგვარი ამბიციაა. გასაგებია, რომ უნდათ ევროპულს ჰგავდეს. ამ შერჩეულ ნიშნებს თუ დააკვირდებით და 90 გრადუსით შემოატრიალებთ, გავს „ევროს“ ნიშანს. მაგრამ, ჩემი აზრით, სრულად იდენტურიც არ უნდა იყოს. ზოგადად, მომწონს და კიდევ უფრო თუ დაიხვეწება, პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები. ვფიქრობ, ამ სიმბოლოებიდან ერთი, რომელიც ასომთავრულ “ა” ჰგავს, სხვებთან შედარებით, დახვეწილია. დანარჩენებს უფრო მეტად ეტყობა, რომ დიზაინერების ნამუშევარი არ არის. ფორმაზე რომ ვისაუბროთ, სამი მეოთხედი წრე რომ დარჩეს, ისიც კარგი იქნება“.

georgian-lari-symbol

შეგახსენებთ, ლარის სიმბოლოს შესარჩევი კონკურსი ეროვნულმა ბანკმა 2013 წლის 27 დეკემბერს გამოაცხადა. შესარჩევი დროებითი კომისიის შემადგენლობაში ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები (12 წევრი) შედიან.

DHL-მა საკუთარი რეკლამა კონკურენტებს ხელის გულზე ატარებინა

ძლიერი რეკლამა, გარყვნილი მზერის წინააღმდეგ!