18
Apr
2017

ლაშა ბაკურაძე – #პირველისამსახური

18 Apr 2017

18 წლის ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტიდან გაგვიშვეს ერთთვიან პრაქტიკაზე სხვადასხვა სადაზღევო კომპანიებში, მე ალდაგი ბისიაი შემხვდა. კადრების განყოფილების უფროსთან გასაუბრების შემდეგ, გვითხრეს, რომ იწყებდნენ ახალ პროექტს სადაზღვევო აგენტების სახით და თუ ჩვენი სურვილი იქნებოდა, სტაჟირების მაგივრად, სადაზღვევო აგენტად დავიწყებდი მუშაობას, რასაც ბუნებრივია, დავთანხმდი. მაშინ ამ პოზიციას სხვა სახელი ერქვა, ალდაგი ბისიაიმ თავის გაყიდვების თანამშრომლებს მენეჯერების ან კონსულტანტების მაგივრად, აგენტები დაარქვა. პირველ ეტაპზე, ეს სახელი კლიენტებს ცუდად ხვდებოდათ ყურში, თუმცა, დღეს სადაზღვევოს ყველა თანამშრომელს აგენტს ეძახიან. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მე და ჩემი 10 კოლეგა პირველი სადაზღვევო აგენტები ვართ საქართველოში. მას შემდეგ განვითარდა ეს პროფესია და ახლა დაახლოებით 1500 აგენტია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში.

9 თვე ვიმუშავე აგენტის პოზიციაზე. ბენზინგასამართ სადგურებსა და რუსთავის ავტობაზრობაზე მიწევდა მუშაობა და ხალხისთვის ავტოდაზღვევის შეთავაზება. 9 თვის შემდეგ დამაწინაურეს და მას შემდეგ 3-ჯერ დავწინაურდი ამავე კომპანიაში.

ახლა 25 წლის ვარ, ხოლო ამ ამბიდან 7 წელია გასული. ვარ სადაზღვევო საბროკერო კომპანია “ვაისის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ჩვენ შევქმენით კომპანია, რომელიც ყველა სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის რეალიზებას ეწევა და არა კონკრეტულად ერთის. ამასთან, ვმუშაობთ სადაზღვევო ბროკერის ინსტიტუტის დანერგვაზე საქართველოში.

განხილვა