საკუთარი ისტორიის წერა ზოგჯერ სხვების შთამაგონებელი ამბებით იწყება. წლების წინ, 13 წლის ლაშა გოგოლაშვილი Marketer.ge-ს სტატიებს ეცნობოდა და უცხოურ ბაზარზე მომუშავე ქართველების წარმატებით აღფრთოვანებული, საკუთარ თავს პირობას აძლევდა, რომ ერთ დღესაც მათ მსგავსად მიაღწევდა დიდ მიზანს.
„იმ პერიოდში ბევრი არაფერი ვიცოდი, არც ინგლისური. Marketer.ge ბიზნესისა და ტექნოლოგიური სიახლეების გასაცნობად ჩემი მთავარი წყარო იყო. მარკეტინგის სამყაროსთან პირველი გადაკვეთაც სწორედ მისი წყალობით შედგა. ყველაზე მეტად ის სტატიები მიყვარდა, რომლებიც უცხოეთში მოღვაწე ქართველი ახალგაზრდების წარმატებაზე გვიყვებოდა. მაშინ კონკრეტული სამომავლო გეგმები არ მქონია, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცოდი – ერთ დღეს მეც მათ რიგებს შევუერთდებოდი,“ – გვიამბობს ლაშა გოგოლაშვილი.
დღეს, ეს დაპირება უკვე რეალობაა. 21 წლის ასაკში საქართველოში სტაბილური სამსახური მიატოვა და ევროპის კონკურენტულ ბაზარზე ნულიდან შეუდგა რთულ კარიერულ გზას. ამ დროისთვის, ლაშა გოგოლაშვილი ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სამოგზაურო პლატფორმის – Omio-ს B2B Growth მიმართულებას ხელმძღვანელობს და ისეთი ღონისძიების თანაორგანიზატორია, როგორიც Microsoft-თან ასოცირებული M365 Summit-ია.
M: ევროპის კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრება არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული – რა იყო ყველაზე დიდი შიში ან სტერეოტიპი, რომელიც ამ გზაზე დაამსხვრიე?
გერმანულ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი, ამიტომ გერმანიაში ცხოვრების გაგრძელება მოვლენების ლოგიკური, თუმცა საკმაოდ რთული განვითარება იყო. თავდაპირველად ვცადე, მარკეტინგის მიმართულებით საქართველოში დავსაქმებულიყავი, მაგრამ ჩვენი პატარა ბაზარი დამწყებებს დიდ გასაქანს არ აძლევს. ამიტომ, 21 წლის ასაკში მივატოვე სტაბილური სამსახური, სანაცნობო წრე, მთელი ჩემი ცხოვრება ერთ ჩემოდანში ჩავატიე და გერმანიისკენ ავიღე გეზი.
ყველაზე დიდი დაბრკოლება უამრავი უარის მოსმენა აღმოჩნდა – მხოლოდ იმის გამო, რომ უცხოელი ვიყავი. როდესაც ახალ ქვეყანაში იწყებ ფეხის მოკიდებას, შენი წინა გამოცდილება, ფაქტობრივად, ნულდება. იმაზე მეტი უარის მიღება გიწევს, ვიდრე წარმოიდგენდი. ამასთან, ყველაზე რთული საკუთარი ეგოს გვერდზე გადადებაა. მნიშვნელობა არ აქვს, აქამდე რა გიკეთებია ან რამდენად კარგად იცნობ ადგილობრივ კულტურასა და ენას – შენ მაინც უცხო ხარ და საკუთარი თავის დამტკიცება ორმაგად გჭირდება. თუმცა, ასეთ დროს ყოველთვის საბოლოო მიზანზე ვკონცენტრირდებოდი და ყოფით დაბრკოლებებს არ ვაძლევდი უფლებას, ჩემთვის მოტივაცია დაეკარგათ.
M: როგორ გეხმარება ფსიქოლოგიის ცოდნა მარკეტინგული პრობლემის გადაჭრაში?
ერთი კონკრეტული მაგალითის გამოყოფა გამიჭირდება, რადგან ფსიქოლოგიის ცოდნას საქმეში ყოველდღიურად ვიყენებ. მიმაჩნია, რომ კარგ და საშუალო დონის მარკეტერს ერთმანეთისგან ემპათია და საკუთარი თავის სხვის ადგილას წარმოდგენის უნარი განასხვავებს. კამპანიების დაგეგმვისას, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე, კონტექსტის გააზრება და სამიზნე აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია. უნდა შეგეძლოს შენი და პოტენციური მომხმარებლის ინტერესების გამიჯვნა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მომხმარებლისთვის იქნება ღირებული. ფსიქოლოგია სწორედ ამისთვის გამზადებს – გაძლევს უნარს, სამყარო სხვისი გადმოსახედიდან აღიქვა.
M: პარალელურად, იყავი Microsoft-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენციის – M365 Summit-ის ორგანიზატორი. გვიამბე ამ გამოცდილებაზე.
ეს იყო უაღრესად საინტერესო გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საერთო ინტერესების მქონე ადამიანები ჯერ ონლაინ სივრცეში გააერთიანო, რამდენიმე წელიწადში კი ეკრანებს მოსწყვიტო და ერთ დიდ ფიზიკურ სივრცეში მოუყარო თავი. ღონისძიების ისტორია ექვსი წლის წინ დაიწყო და მისი მიზანი Microsoft-ის ენთუზიასტების გაერთიანება და მათთვის უფასო, ონლაინ ინფორმაციის მიწოდება იყო.
დროთა განმავლობაში იზრდებოდა როგორც საზოგადოება, ისე ნდობა ბრენდის მიმართ, და 2024 წელს ეს ხალხი პირველად შეიკრიბა გერმანიის ქალაქ მაინცში. ერთ დროს მინი ონლაინ ღონისძიება, რომელიც დამფუძნებლის სარდაფიდან იმართებოდა, Microsoft-ის გარშემო არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გერმანულენოვან ივენთად იქცა, რომლის საორგანიზაციო გუნდის წევრი მეც ვიყავი. ამ პროცესმა ბევრი რამ მასწავლა როგორც ციფრულ, ისე ტრადიციულ მარკეტინგში და დამანახა, რომ მოთმინებით, გუნდური მუშაობითა და რესურსების სწორი გადანაწილებით ნებისმიერი იდეის განხორციელებაა შესაძლებელი.
M: ახლახან ცნობილ სამოგზაურო აპლიკაცია Omio-ს შეუერთდი. რას გულისხმობს შენი ახალი პოზიცია და რა მიზნები გაქვს B2B Growth-ის მიმართულებით?
ჩემი ახალი პოზიცია Omio-ს ახალ პროდუქტს – Omio Business-ს უკავშირდება. ის დიდი ბრიტანეთის მცირე და საშუალო ბიზნესებს მივლინებების დაგეგმვაში ეხმარება და საშუალებას აძლევს, ყველანაირი სახის ტრანსპორტი და სასტუმრო ერთი პლატფორმიდან, რამდენიმე კლიკით დაჯავშნონ. ვხელმძღვანელობ B2B მომხმარებლების მოზიდვასა და ჩვენი პლატფორმის პოპულარიზაციას.
პროდუქტი ახალი ჩაშვებულია და მასზე მუშაობა საინტერესო გამოწვევაა: Omio საკმაოდ ცნობილი ბრენდია ინდივიდუალურ მოგზაურებში, თუმცა კორპორაციულ სამყაროში ჯერ კიდევ უცნობია. შესაბამისად, ის გამოცდილება, რაც კომპანიამ წლების განმავლობაში დააგროვა, B2B მარკეტინგში პირდაპირ ვერ გადმოვა. ჩემი მთავარი მისიაა, მომხმარებელთა ბაზის შენება ფაქტობრივად ნულიდან დავიწყო და შევქმნა მოგზაურობის დაგეგმვის მარტივი გამოცდილება – ჯერ დიდი ბრიტანეთის, ეტაპობრივად კი მთელი ევროპის კომპანიებისთვის.
M: განვლილი გზისა და ახალი გამოწვევების ფონზე, გაიხსენე მომენტი, როცა მიხვდი, რომ „გამოგივიდა“. სად იყავი, რას აკეთებდი და როგორი იყო ეს ემოცია?
ასეთი მომენტი არაერთხელ მქონია – როდესაც გერმანიის სახელმწიფო აკრედიტაციის გამოცდაში მაქსიმალური ქულა ავიღე; როცა ჩემი კომპანიის პროდუქტმა დიდი აღიარება მოიპოვა, ან ახლა, როდესაც 500-კაციან კომპანიაში ისეთი პოზიცია დავიკავე, რომელიც აქამდე არ არსებობდა და სრულიად ახალი პროდუქტის სწორ აუდიტორიამდე მიტანა მე მომანდეს.
ასეთი მომენტები ყოველთვის მოულოდნელად მოდის და დიდი შვების მომგვრელია. მარკეტინგშიც და ცხოვრებაშიც, შეგიძლია მიზნები დაისახო და გეგმა შეადგინო, მაგრამ წინასწარ ვერ გეცოდინება, რომელი გზა მიგიყვანს მიზნამდე. ამ პროცესს თან ახლავს ბევრი ცდა და მარცხი, თუმცა საბოლოოდ მოდის სიამაყისა და აღიარების შეგრძნება, რაც გარწმუნებს, რომ შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალოდ გამოცდაში უმაღლესი ქულის აღება ან ბაზრის თამაშის წესების შეცვლა. უბრალოდ ვაკეთებდი იმას, რასაც სწორად ვთვლიდი და ამან სწორ შედეგამდე მიმიყვანა.
M: რა არის ის მთავარი შინაგანი ძალა, რამაც აქამდე მოგიყვანა და როგორია განცდა, როცა ახლა თავად ხარ სხვებისთვის მოტივაციის წყარო?
ჩემი შინაგანი ძალა ალბათ ის შემართებაა, რომელიც დანებების საშუალებას არ მაძლევს, და იმის მიღება, რომ მიზნამდე მისასვლელი გზა ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის. ამიტომ, მუდმივად დიდ, მთავარ მიზანზე ვარ ორიენტირებული და მჯერა, რომ იქამდე მისასვლელ გზას აუცილებლად გავიკვალავ.
ის ფაქტი, რომ ახლა შესაძლოა მე ვიყო ვინმესთვის მოტივაცია, თავად მაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო წინ წავიდე. მჯერა, რომ დაგროვილი გამოცდილება აუცილებლად უნდა გავუზიაროთ სხვებს. ძალიან მახარებს, როცა რჩევისთვის მომმართავენ და ადამიანების განვითარებაში მცირედი წვლილი მეც შემაქვს. იმედი მაქვს, ამ პლატფორმის მეშვეობით ჩემი გამოცდილების გაზიარებას კიდევ უფრო დიდი აუდიტორიისთვის შევძლებ.
M: წარმოიდგინე, რომ ისევ 13 წლის ხარ და ამ ინტერვიუს კითხულობ. რას ეტყოდი საკუთარ თავს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დიდ საერთაშორისო კარიერაზე ოცნებობენ?
13 წლის ლაშას და ზოგადად, ახალგაზრდებს ვეტყოდი: ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი უნიკალური გზა გვაქვს. თუ სწორედ ამ გზაზე ვიქნებით ფოკუსირებულნი, არა მხოლოდ საერთაშორისო კარიერას, არამედ ყველაფერს მივაღწევთ, რაზეც ვოცნებობთ.












