in

„მთავარია, ადამიანს მივცე პროფესია, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის“ – ლაშა ქარელი, ბაუმერის აკადემიის ლექტორი

თანამედროვე შრომის ბაზარზე, სადაც კვალიფიციური ტექნიკური ტალანტების დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, კომპანია „ბაუმერმა“ გამოსავალი საკუთარი საგანმანათლებლო სივრცის შექმნაში იპოვა. თუმცა, ნებისმიერი აკადემიის წარმატებას, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის გარდა, ის ადამიანები განსაზღვრავენ, ვინც ცოდნას გამოცდილებად გარდაქმნიან. სწორედ ასეთი ფიგურაა ლაშა ქარელი – „ბაუმერის აკადემიის“ HVAC/R მიმართულების ლექტორი და ინჟინერი, რომელმაც გლობალური ბრენდების სტანდარტები ქართულ რეალობას მოარგო.

ლაშამ ზუსტად იცის, რა სჭირდება დამწყებ სპეციალისტს იმისთვის, რომ ფეხზე მყარად დადგეს. მან შეძლო და ნულიდან შექმნა სასწავლო პროგრამა, რომელიც სტუდენტს მოაზროვნე პროფესიონალად აყალიბებს. როგორ იქმნებოდა სასწავლო კურსი და რა ფილოსოფია დგას „ბაუმერის“ საგანმანათლებლო მიდგომის უკან, ლაშა ქარელი თავის ისტორიას გვიზიარებს.

სულ ძიების პროცესში ვარ. ბავშვობიდან ინტროვერტი ვიყავი, სხვებთან თამაშს, მარტო ყოფნა და კუბიკებით რაღაც ახლის აწყობა მერჩივნა. მუდმივად თან მდევდა ცნობისმოყვარეობა – მინდოდა გამეგო, რა როგორ მუშაობდა. ჩემს უბანში ავტოსახელოსნოები იყო, ამიტომ პატარა ლაშას თითქმის სულ ტაოტით დასვრილი მაისური ეცვა, ჯიბეებში კი „ბოლტ-გაიკა“ ეყარა. დედაჩემი შეწუხებული მყავდა, რადგან სულ სადღაც მივძვრებოდი, სულ რაღაცას ვიკვლევდი.

ჩემი ერთ-ერთი მთავარი გასართობი წიგნები იყო. ერთხელაც, ერთ განსაკუთრებულ წიგნს გადავაწყდი: შიგნით თვითმფრინავების ფერადი ნახატები, ფოტოები და დეტალური ნახაზები იყო მოცემული. გვერდით კი შემქმნელის სახელი და გვარი ეწერა. იმ დღეს მივხვდი, რომ პილოტობა კი არა, იმ ინჟინრის ადგილას ყოფნა მინდოდა, ვინც ამ რთულ მექანიზმებს ქმნიდა. მქონდა ოცნება, საკუთარი ხელსაწყოები მქონოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მამას რამდენიმე ინსტრუმენტი გავუფუჭე, მათზე წვდომა შემეზღუდა.

დაკვირვებული თვალი მაქვს და სივრცეს კარგად აღვიქვამ, ამიტომ გეომეტრია და ხაზვა ყოველთვის მარტივად გამომდიოდა. ძილის წინ ამოცანებზე ვფიქრობდი და დილით პასუხი უკვე მზად მქონდა. თუმცა, როცა აბიტურიენტი გავხდი, არჩევანი ბიზნესის ადმინისტრირებაზე შევაჩერე. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მომავლის შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებდი.

სტუდენტობისას გგონია, რომ დიპლომს აიღებ თუ არა, მთებს გადადგამ. მართლაც, უნივერსიტეტი წარჩინებით, 3.91 GPA-ით დავამთავრე, თუმცა რეალობა სხვაგვარია. წელიწად-ნახევარი ბუღალტრული პროგრამის პროგრამისტად ვიმუშავე. შემდეგ კი, საოჯახო სასტუმროს მართვაში ვიღებდი მონაწილეობას. სწორედ იქ, პრაქტიკულ საქმიანობაში აღმოვაჩინე, რომ ტექნიკური საქმეები – შეკეთება, მწყობრში მოყვანა – ყველაზე უკეთ გამომდიოდა.

გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა ძმის რჩევით, ჰაერის კონდიცირების შესწავლა გადავწყვიტე. ონლაინ ვიპოვე კოლეჯი და დავრეგისტრირდი. სწორედ აქ გამომადგა ჩემი წითელი დიპლომი პირველად. 9 თვეში ნამდვილი პროფესია შევიძინე. არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როცა ზუსტად იცი, რა უნდა აკეთო და მზად ხარ, ამ საქმეს მიუძღვნა ცხოვრება.

მალევე მე და ჩემმა მეგობარმა კონდიცირების მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. ისე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, რომ კომპანიაში ყველა სხვა ბრიგადა ჩავანაცვლეთ. ჩვენ არ გვეშინოდა გამოწვევების, ვასრულებდით ყველაზე რთულ, „შეუსრულებელ“ საქმეებს. მუდმივად ვყიდულობდი ახალ ხელსაწყოებს, რადგან მჯეროდა, რომ ახალი ინსტრუმენტი ახალი შესაძლებლობაა.

თუმცა, პრაქტიკა თეორიის გარეშე არასრულია. კვალიფიკაციის ასამაღლებლად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე ჩავაბარე, თბოაირმომარაგება-ვენტილაციის მიმართულებით. დღეს ამაყად ვამბობ, რომ ინჟინერი ვარ, რადგან ჩემი ყოველი გადაწყვეტილება არა ვარაუდს, არამედ ზუსტ გაზომვებს ეფუძნება.

პედაგოგიკური საქმიანობა მოულოდნელად დაიწყო – კოლეჯის მასწავლებელმა შემომთავაზა ლექტორობა. მალევე მივიღე მიწვევა ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის აკადემიიდანაც. შემდეგ კი „ბაუმერიდან“ დამიკავშირდნენ.

შეხვედრაზე პირდაპირ ობიექტიდან, სამუშაო ფორმითა და ხელსაწყოებით მივედი. საერთო ენა მალევე გამოვნახეთ. ორივე მხარე ვხედავდით, რომ ქვეყანაში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია. „ბაუმერში“ ჩემი მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია მსოფლიო წამყვანი ისეთი ბრენდები იყო, როგორიცაა იაპონური Daikin, დანიური Danfoss და სხვები. ბედნიერებაა, როცა წვდომა გაქვს მსოფლიოში საუკეთესო ბრენდების მასალებზე, რომლის ბაზაზეც ქართულ რეალობასთან ადაპტირებული პროგრამა შევქმენით.

აკადემიის დაარსებისას მხოლოდ იდეა, მონდომება და სუფთა ფურცელი გვქონდა. ერთი თვის განმავლობაში, დღე და ღამე ლიტერატურას ვამუშავებდი. პირველი პრეზენტაციები ჩვენსავე თანამშრომლებს ჩავუტარეთ. ვიყავით თურქეთში, სადაც დავათვალიერეთ Daikin-ის რეგიონში უმსხვილესი ქარხანა და ასევე მათი აკადემია.

შემდეგ დაიწყო რთული, მაგრამ საინტერესო ეტაპი: საერთაშორისო გამოცდილების, საქართველოს სტანდარტების, საუკეთესო ლიტერატურის ანალიზის შედეგად შედგა კურსი, რომელიც სფეროს ექსპერებთან ორთვიანი მუშაობის შედეგად წერტილ მძიმით გავასწორეთ. ჩვენმა პროგრამამ დააკმაყოფილა გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნები და გახდა პირველი პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულს შეუძლია მაცივარაგენტების მომსახურების სალიცენზიო გამოცდაზე გასვლა. პარალელურად, ვირჩევდი ხელსაწყოებს, ცალკე გამოწვევაა იყო პიონერი და გატესტო ის, რაც ჯერ სხვას არ გამოუცდია. ბიუროკრატიული ბარიერებისა და ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, 2024 წლის შემოდგომაზე პროგრამამ საბოლოოდ მივიღო აკრედიტაცია  და დღეს უკვე ამ პროგრამის არაერთი კურსდამთავრებული გვყავს.

ერთია, გეგმავდე და მეორე – აკეთებდე იმას, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ხშირად ტერმინებიც კი მოსაგონებელი და დასანერგი ხდებოდა. ჩემი მიზანია, სტუდენტს ავუხსნა ისე, როგორც მე მინდოდა, რომ ჩემთვის ესწავლებინათ: მარტივი, ცხოვრებისეული მაგალითებით და არასტანდარტული შედარებებით.

განსაკუთრებით ვაფასებ კომპანიის მიერ გამოხატულ ნდობას ამ ინიციატივის მიმართ — ის მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს და ამავდროულად წინასწარ გარანტირებულ შედეგს არ გულისხმობს. ეს თამამი ნაბიჯია, რომელიც საერთო კეთილდღეობას ემსახურება, რადგან კვალიფიციური კადრების გადამზადებით ვეხმარებით ბიზნესს საკუთარი ხარისხის გაუმჯობესებაში.

ჩემი ტრენინგი ყოველთვის ერთი ფრაზით იწყება: „ჩვენ, პირველ რიგში, კოლეგები ვართ“. ჩემთან შეცდომები „მოსულა“, რადგან სწორედ შეცდომების ანალიზი აყალიბებს პროფესიონალურ აზროვნებას.

დრომ შედეგები მოიტანა – კომპანიაში გვყავს კვალიფიციური  თანამშრომლები, რომლებიც ნულიდან მოვამზადეთ.  სულ ახლახანს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამატებითი სადემონსტრაციო სივრცე გავხსენით, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ განვითარების შესაძლებლობა. ამ სივრცეში ერთამენთს ხვდებიან ჩვენი პარტნიორები, სტუდენტები, თანამშრომლები, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების – დაიკინის, დანფოსის, ჰაიერის მწარმოებლები. აქ ისინი ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, გამოცდილებას, საინტერესო ქეისებს, ამყარებენ ახალ კავშირებს.

დღეს, როცა უკვე არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს, ამაზე საუბარი უფრო მარტივია. თუმცა მხოლოდ ჩემს გუნდს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი ის რთული გზა, რაც ერთად გამოვიარეთ. მჯერა ჩემი თანამშრომლების და დარწმუნებული ვარ – ერთად ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდებით.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მივაღწიე მიზანს – შევისწავლე ყველა არსებული მეთოდი და შევქმენი პროგრამა, რომელიც წამყვანი უცხოური სასწავლებლების დონეს არ ჩამოუვარდება. ყველაზე მეტად კი ის მეამაყება, რომ შემიძლია ადამიანს მივცე პროფესია, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის – პროფესია, რომლითაც ის, 18 წლის იქნება თუ 60-ის, ყველგან მყარად იდგება ფეხზე.

ავერსი სპეციალურად შექმნილ საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებებს გთავაზობთ

„გამარჯვებას რა უნდა?“ – „რკენას“ შემოქმედებითი გუნდი გვიყვება, როგორ შეიქმნა ახალი ქართული MMA ბრენდი