ლაშა ცქვიტინიძეს ყველა ვიცნობთ, როგორც სცენარისტს, რეჟისორსა და ადამიანს, რომელიც მუსიკას ქმნის. ხელოვნების ამ სფეროებში კი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მოხვდა — მაგალითად, ბავშვობიდან აინტერესებდა მუსიკა, ბენდიც ჰყავდა და ფლეიტაზეც უკრავდა, რასაც სინთეზატორების ყიდვა/შეგროვება და ავთენტური მუსიკის შექმნა მოჰყვა. რაც შეეხება კინოს, ინტერესის დონეზე ყოველთვის იზიდავდა, პროფესიის არჩევის დროს კი სწორედ ამ მიმართულებით განაგრძო სწავლა.
ეს ერთგვარი მცირე შესავალია ლაშას მრავალფეროვანი საქმიანობისა, რომლის მიღმაც ბევრი ნიუანსი, საინტერესო დეტალი, აზრი და იდეა იმალება. „ჩემთვის მუსიკა უფრო მეტად ჰობია, კინო — პროფესია. ამ უკანასკნელის გარეშე კი საკუთარ თავს ვერ წარმოვიდგენ მას შემდეგ, რაც ფილმების გადაღება თავადაც დავიწყე. უბრალოდ, არ შემიძლია ამის გარეშე ცხოვრება. ხან ფილმებს ვუყურებ, ხან სცენარს ვწერ ან გადაღების პროცესში ვარ“, — ამბობს ლაშა.
ამ დროისათვის ლაშა 7 ფილმის სცენარისტი და რეჟისორია, მათ შორის ერთ-ერთი, „მე ვარ ბესო“, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ამბობს, საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ხდება და განსაკუთრებით იზიდავს ამ ყველაფრის გადაღება, საკუთარი ინტერპრეტაციებით ჩვენება. „ისეთ ფილმებს ვიღებ, რომლებიც მასებზე არ არის გათვლილი. პატარა ვიყავი, როცა გადაცემა „ფსიქო“ ვნახე. აქ განსხვავებულ ფილმებზე საუბრობდნენ, რომლებსაც ყოველდღიურად ვერ ვნახავთ ტელევიზორში. მაშინ მივხვდი, რომ არსებობს „სხვა კინო“, ჩემთან უფრო ახლოს მდგომი და ჩემთვის მეტად მისაღები. აქედან გამიჩნდა კინოს სიყვარული. ამ ყველაფრის საფუძველზე, მეც „არაჰოლივუდური“ ფილმების ტიპაჟი ვარ“.
M: ლაშა, როგორია შენთვის ფილმისთვის ამბის შერჩევის და მისი სცენარად გარდაქმნის პროცესი?
ინსპირაციას მრავალი გზით ვიღებ: შეიძლება ისტორია მომეწონოს, რომლის განვრცობის სურვილიც მიჩნდება; ან თავად გადამხდება რაიმე ამბავი და ფილმის სცენარად ვაქცევ, რაღაც დეტალებს გადავაკეთებ, სიუჟეტს მოვარგებ… არის მომენტებიც, როცა კონკრეტულ პერსონაჟს მოაქვს შთაგონება და ყველაფერს მასზე ვაგებ.
მთლიანობაში, ძირითადად, რეალურ ამბებზე ვწერ ჯერ სცენარს, შემდეგ კი ფილმს ვიღებ. რადგანაც გულწრფელობა და სინამდვილე მიყვარს კინოში, ჩემი შთაგონების ფესვებიც აქედან მოდის — არც ინტერპრეტაციების გაყალბებას ვცდილობ, ყველაფერი ნამდვილი უნდა იყოს. ამავდროულად, ბევრს ვკითხულობ, როგორც მხატვრულ ლიტერატურას, ისე ფსიქოლოგიურ თეორიებს. ეს უკანასკნელი კი ძალიან მეხმარება პერსონაჟების შექმნის, მათი ხასიათის ჩამოყალიბებისა და ერთმანეთზე გავლენების ვიზუალიზაციაში.
აქვე დავძენ, რომ ლაშას ახალი ფილმი, სახელწოდებით „ველი“, რომლის გადაღებებიც უკვე მალე დასრულდება, სწორედ ფსიქოლოგიაზეა დაფუძნებული — კურტ ლევინის „ველის თეორიაზე“. ეს არის თეორია, რომელიც ინდივიდსა და ველს შორის ურთიერთქმედების მოდელებს იკვლევს, მთლიანობასა თუ გარემოში. ლევინის ველის თეორია შეიძლება გამოიხატოს ფორმულით: B = f (p, e), რაც იმას ნიშნავს რომ ქცევა (B) ადამიანისა (p) და მისი გარემოს (e) ფუნქციას წარმოადგენს.
M: როდის ხვდები, რომ „ახლა ფილმის გადაღების დროა“? ან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შემოქმედებითი კრიზისი და იმის განცდა გქონია, რომ საკუთარი თავი ამოწურე?
თავისთავად ხდება ეს. უცბად ისე დამაინტერესებს რაიმე ისტორია, საკუთარ თავს გადახდენილი ამბავი ან პერსონაჟის ხატი, რომ ძალიან მინდება წერა. თან, სწრაფად ვმოქმედებ, რომ პროექტი დავწერო და დაფინანსებაზე შევიტანო — ყველა პროცესი ერთმანეთს მოსდევს და მუდმივად ამ სამზადისში ვარ.
რაც შეეხება შემოქმედებით კრიზისს, სიმართლე გითხრათ, არასდროს მიგრძნია მსგავსი რამ. ყოველთვის წინდაწინ ვფიქრობ და იდეების „მარაგი მაქვს“. როცა ერთ სცენარზე ვმუშაობ, სხვა სცენარებზეც ვიღებ შთაგონებას, რათა სამომავლოდ განვავითარო. ახლაც ორი სცენარი მაქვს უკვე დაწერილი, რომელთა გადაღებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ. ისე კი, არასდროს ვაძალებ საკუთარ თავს წერას ან მუსიკის შექმნას — რამდენჯერაც მიცდია, არ გამოდის. მხოლოდ ბუნებრივად მოდის შთაგონებაც და შესაძლებლობაც.
M: როგორც ახსენე, მასებზე გათვლილ ფილმებს არ იღებ… შესაბამისად, გექნებოდა ისეთი მომენტი, როცა შენთვის საინტერესო ასპექტებს სხვები ვერ აღიქვამენ და მათთან „ახლოს ვერ მიდის“. თუ მოქმედებს ეს გარკვეული მიუღებლობა შენზე ან შემოქმედებითი გადაწყვეტილება თუ შეგიცვლია ამის გამო?
რა თქმა უნდა, მქონია ასეთი გამოცდილება — თუნდაც, ბევრი რაღაც, რაც მე მომწონს, ჩემს მშობლებს არ იზიდავთ. ეს მარტივი მოცემულობაა. უშუალოდ კინოს მიმართულებით კი არიან ადამიანები, ვისი გემოვნებაც მომწონს და ხელოვნების ამ სფეროში ზუსტად იმას ხედავენ თუ ეძებენ, რასაც — მე. ცხადია, მათი შეფასებები და უკუკავშირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას. ხოლო „ჰოლივუდური ფილმების მოყვარულებს“ სხვა აღქმა აქვთ და ჩვენი ხედვა შეუსაბამობაშია… ამიტომაც, მათი რჩევების გათვალისწინება სრულიად აცდენილი იქნება ჩემს ავთენტურობას.
M: შეგიძლია იმ თვისებების თუ უნარ-ჩვევების დასახელება, რომლებიც აუცილებლად სჭირდება რეჟისორს და მუსიკოსს?
დროთა განმავლობაში ჩემით განმივითარდა დრამატურგიის ცოდნა. უნივერსიტეტში კი ვისწავლე, მაგრამ სტანდარტული, საუკუნეების წინ მოგონილი სამაქტიანი დრამატურგია ჩემთვის უინტერესოა. ამიტომაც, თავად ვიფიქრებ, როგორ უნდა შევქმნა კადრების საინტერესო ჯაჭვი, როგორ ავაგო ისე, რომ მაყურებელი პირველივე წუთებიდან ჩავითრიო ფილმში.
ასევე, კარგია, როცა დიალოგების ბუნებრივად წერა შეგიძლია — ვფიქრობ, ზედმეტი აღწერები არ არის საჭირო და მათივე საუბარში, დიალოგურ სისტემაში ვლინდება პიროვნებების ხასიათი. ყველა სცენას ხორცი ესხმება ასე. რაღა თქმა უნდა, გადაღების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების დაგროვებაც, რადგან დროთა განმავლობაში უკეთ ხვდები, როგორი კადრები თუ ხედვის კუთხეებია შენთვის შესაბამისი. ამ თვალსაზრისით, ოპერატორთან სინთეზში მუშაობაც უნდა შეგეძლოს. მიყვარს, როცა თავად ვქმნი კომპოზიციას.
მუსიკაშიც ჩემებური ჰარმონიების ძებნა დავიწყე — ვტესტავდი, რომელი ნოტი რომელს უხდება. აქაც ინდივიდუალიზმს ვეძებ და ეს მეხმარება ავთენტურობის შენარჩუნებაში. თან, დღემდე ძველებურ სინთეზატორებს ვიყენებ, არ მიყვარს მუსიკის კომპიუტერში შექმნა.
M: ზოგადად, ყველა ჩვენგანი, რა პროფესიისაც უნდა ვიყოთ, რაღაც სათქმელს ამბობს… შენ თუ გაქვს ის მთავარი იდეები, რომლებიც ყველა ნამუშევარში ვლინდება სხვადასხვა სახით ან სხვა რეჟისორებისგან თუ გქონია გავლენა?
რეალურად, ყველა ფილმში სხვადასხვა იდეას ვაქსოვ, თუმცა მათზე თავად საუბარს მირჩევნია, მაყურებელმა აღმოაჩინოს და აღნიშნოს. ასე ვთქვათ, პატარ-პატარა ბომბებივით მაქვს მიმოფანტული, თუმცა ერთგვარ იგავურ თხრობას არ ვიყენებ და არ ვმალავ იმას, რისი გადმოცემაც მინდა. პირიქით, მიხარია, როცა მარტივად აღიქვამენ ყველა იდეას.
გავლენების კუთხით, პროფესიის საწყის ეტაპზე რთულია მათგან თავის დაღწევა, მაგრამ დროთა განმავლობაში ახერხებ ინდივიდუალიზმის პოვნას — ერთგვარი გამოხშირვა ხდება და უფრო მეტად საკუთარი ხედვა გრჩება. რთულია, როცა რომელიმე რეჟისორზე ხარ შეყვარებული და გსურს, შენც მისნაირი იყო… მაგრამ ბევრი მუშაობა გეხმარება დიდი თუ მცირე გავლენებისგან თავის დაღწევაში.
უბრალოდ, იმასაც დავამატებ, რომ ყველას გვაქვს რაღაცის გავლენა, ზოგჯერ გააზრებული, ზოგჯერ კი — არაცნობიერიდან მომდინარე.
M: მოდი, ფილმის გულწრფელობაზე ვისაუბროთ… როგორ ახერხებ ამის მიღწევას ხელოვნების იმ სფეროში, სადაც ყველაფერი „დადგმულია“?
როგორც აღვნიშნე, ჩემთვის სინამდვილე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია კინოში და ვცდილობ, ყველა დეტალში ჩავნერგო ის. მაგალითად, იმ რეჟისორთა რიცხვს არ მივეკუთვნები, ვისაც მთელი დიალოგები მკაცრად აქვს გაწერილი და მსახიობს მისგან გადახვევა არ შეუძლია. პირიქით, სცენარი უნდა გაცოცხლდეს, მსახიობებმა თავიანთ პერსონაჟებს მაქსიმალურად უნდა მოარგონ ტექსტი და მათთვის მოსახერხებელი ტერმინებით ისაუბრონ. სხვა შემთხვევაში ყველაფერი ყალბი და მართლა დადგმული იქნება. არ მიყვარს ისეთი მსახიობები, ვისაც იმპროვიზაციის ნიჭი არ აქვთ. ცოცხლები უნდა იყვნენ თავადაც და ყველა მომენტი გააცოცხლონ.
თუ დააკვირდებით, ფილმების უმეტესობაში მსახიობები ერთმანეთს აცდიან საუბარს — ჯერ ერთი იწყებს და ასრულებს, შემდეგ კი მეორე ერთვება. რეალურად ხომ არ ხდება ასე? რა ვქნათ, გვიყვარს ერთდროულად საუბარი და ერთმანეთს ვეჭრებით თუნდაც წინადადების ბოლოსკენ. ასევე, ყველამ ვიცით, რომ სწორია „ხომ, რომ“, მაგრამ ყოველდღიურობაში ამ „მ“-ს მარტივად ვაკლებთ. არ მჭირდება ლიტერატურულად საუბარი.
M: ერთია ის, რომ თავად იღებ ასეთ გულწრფელ, იმპროვიზაციებზე დაფუძნებულ ფილმებს, თუმცა სხვა რეჟისორებისგან ვის გამოარჩევ, ვინც „სინამდვილეს არ აყალბებს“?
ზოგადად, გამორჩეულად მიყვარს ფრანგული ახალი ტალღა. ეს ის პერიოდია, როცა რეჟისორები ნამდვილ, სასაცილო და საყვარელ დიალოგებზე აგებდნენ ფილმს. თან, ვერ მოჰყვები რაზეა ფილმი, უბრალოდ, უნდა უყურო და უსმინო. მოყოლით ვერ დააინტერესებ ადამიანს. მე კი ზუსტად ასეთი კინო მიყვარს, შინაარსობრივად რომ ვერ გადმოსცემ; ერთ ძირითად ხაზსაც ვერ გამოყოფ — უამრავ თემას ეხებიან.
ამავდროულად, სწორად არ მიმაჩნია „ფორმა თუ იდეა“ დაპირისპირება. ერთი მეორის შემავსებელი უნდა იყოს და კარგ რეჟისორს სათანადოდაც გამოსდის ეს. რიგ შემთხვევებში კი ფორმას ქმნიან, ხოლო იდეას ნაძალადევად ეძებენ — ასე ვთქვათ, მოდაშია იმ თემების იარლიყების მიკრობა, რომლებიც სინამდვილეში უცხოა რეჟისორისთვის. ალბათ, ფესტივალებიც სტრუქტურამაც განაპირობა თემებით სპეკულაცია, თუმცა ყოველთვის იგრძნობა ფილმში სიყალბეც და სინამდვილეც. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც პრობლემა აქტუალურია და „ჯილდოს მოგაპოვებინებს“, ამაზე არ უნდა გადაიღო კინო… არამედ, რეალურად უნდა გადარდებდეს და გაწუხებდეს საკითხი. სწორედ ამან მოშალა საავტორო ფილმების ინდუსტრიაც.
ამ ყველაფერთან ერთად, ისიც აღსანიშნავია, რომ ლაშას შემოქმედება მარკეტინგის მიმართულებითაც განვითარდა. ვსაუბრობ მარკეტინგულ სააგენტო „ჰაჯიმეზე“, რომელიც 2 წლის წინ შეიქმნა, მაგრამ სამწუხაროდ, მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება. როგორც ლაშა გვიყვება, მათი პრინციპი ასეთი იყო: „მაყურებელს „ჰაჯიმეს“ ნამუშევრების მეშვეობით გაზიარებული გზავნილები საკუთარი ინტერპრეტაციით უნდა დაენახა და რეალობა სუბიექტურად აღექვა, ვინაიდან ახსნა ავტორის საქმე არ არის“.
პროფესიიდან გამომდინარე, ლაშა რეკლამებსაც ისე უდგება, როგორც კინოს. მისთვის ღირებულია რეკლამა, რომელიც უფრო მეტად ხელოვნების მოყვარულ ხალხზეა გათვლილი, საინტერესო სცენარითა და სიუჟეტით. „სააგენტოში მუშაობისას იგივე სიამოვნებას ვიღებდი, რასაც ფილმის გადაღებისას, უბრალოდ, გაცლებით ნაკლები დრო სჭირდებოდა სცენარის დაწერას და მოკლემეტრაჟიან ფორმატში ვატევდით მრავალფეროვან იდეებს“.
ავტორი: ქეთია ბელქანია